“არავისთან ერთად არ მინდა ცხოვრება”

მსახიობი ეკა ჩხეიძის ცხოვრების გზა არ იყო ადვილი გასავლელი, თუმცა, ამას თავად არ აღიარებს და ამბობს, რომ რაც მოხდა, ეს კანონზომიერი იყო. ფაქტია, მის ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება და ყველა მოვლენას თავისი დასაწყისი, განვითარება და დასასრული აქვს.

ეკა ჩხეიძე: ისეთი სირთულე, რისი გადალახვაც გამიჭირდა, ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. არაფერს ვნანობ, უბრალოდ, უმნიშვნელო დეტალებს შევცვლიდი, ეს გზა, ჩემი გასავლელი იყო. ზოგადად, არ ვიბრძვი, ცხოვრებაში რაც მეძლევა, იმას მივყვები. ალბათ, უფრო მებრძოლი, გამტანი, უფრო აქტიური რომ ვიყო, შედარებით მეტს მივაღწევდი. თუმცა, მგონია, უფრო ჩემია, როცა რაღაც თავისით მოდის და მისთვის არ ვიბრძვი. ანუ, როგორც უნდა იყოს, ისე ხდება. არ ვიცი, ბუნებით რომ ზარმაცი ვარ, ამის გამართლებაა თუ არა, მაგრამ მაინც მგონია, რაც უნდა მოხდეს, ის, უბრალოდ არ მოხდება და რაც ხდება, კანონზომიერია. ბედს ვარ მინდობილი.

– ანუ, ბედისწერის გჯერა? ხომ ამბობენ, ადამიანი თავის ბედისწერას თავად ქმნისო?

– ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მოხდა, რაზეც არც კი მიფიქრია. ამიტომ, მგონია, რომ რაღაც არსებობს და ტყუილად არაფერი ხდება. ეს ეხება საქმეს, უეცარ ურთიერთობებს, რომელსაც ისეთი გაგრძელება მოჰყვა, რომელიც ვერც წარმომედგინა. თუნდაც, ის, რომ არაერთხელ, შემთხვევითობამ განაპირობა ჩემი კონკრეტულ ადგილას აღმოჩენა. თუმცა, არ ვარ ის ტიპი, საჭირო დროს, საჭირო ადგილას რომ გავჩნდე. შემთხვევითობის გამო კი, ასეც მომხდარა – ვიღაცას შევხვდი, რაღაცას ავცდი…

– წლების წინ შენი გათხოვებაც შემთხვევითობა იყო?

– არასოდეს გავთხოვდებოდი, რადგან გათხოვებაზე დღემდე სხვანაირი რეაქცია მაქვს (იცინის). თუმცა, ჩემი პირადი ცხოვრება ერთმა საბედისწერო დღემ გადაწყვიტა. ავარიაში მოვყევი მეგობრებთან ერთად. ისე ვიყავი ჩატენილი „ბარდაჩოკის“ ქვეშ, ყველას მკვდარი ვეგონე. ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე. მოკლედ, კაცთან, რომელსაც ცოლად გავყევი, ვმეგობრობდი და ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ერთ დღეს მასთან ოჯახს შევქმნიდი. სხვა ადამიანთან ერთად ვიყავი, სერიოზული თაყვანისმცემელი მყავდა. მასთან კი რომანიც კი არ მქონია (იცინის). მაგრამ ავარიის მერე, ხშირი მონახულება, ზრუნვა და მოვლა დაიწყო. ამან კი ურთიერთობაში გრძნობა გააჩინა და მისი ცოლი გავხდი. ამ ავარიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, ალბათ, ეს უნდა მომხდარიყო. მაშინ, 21 წლის ვიყავი.

– თქვი, გათხოვებამდე, სულ სხვა პიროვნებაზე ვფიქრობდი, ის იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ სხვას გავყევი ცოლადო. ის პიროვნება ახლა სად არის და ვინ იყო?

– სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. თუმცა, მის წინაშე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის. გადაწყვეტილება რომ მივიღე და დავშორდი, შემდეგ გავთხოვდი. 90-იან წლებში მოკლეს, ჩემი გათხოვებიდან ძალიან მალე. ზოგადად, როცა ერთ ადამიანთან ვარ, სხვაზე არ ვფიქრობ და სურვილიც არ მიჩნდება. ბოლომდე ვენდობი ადამიანებს და მგონია, სიყვარული ნდობის გარეშე არ არსებობს. რამდენადაც გახსნილი ვარ ადამიანთან, მისგანაც იგივეს ვითხოვ და ველოდები. კაცები კი ისეთი ტიპები არიან ბოლომდე არ იხსნებიან, არ გაძლევენ საშუალებას, ბოლომდე ენდო. ჩემს წარმოდგენაში ვხატავ და ისეთს რომ ველოდები და სხვანაირი აღმოჩნდება, იმედგაცრუებული ვრჩები. ანუ, ადამიანი რომ მიყვარდება, მისი გაიდეალიზება ხდება, სხვანაირს ვხედავ, რაც დრო გადის და ახლოდან გავიცნობ, რეალურად სხვანაირი აღმოჩნდება ხოლმე. დღეს საერთოდ არ მიჭირს მარტოობა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არავისთან მინდა ცხოვრება. რომ მიყვარდეს, მინდა, მაგრამ არა ისე, ყოველდღე სამზარეულოში ვიტრიალო (იცინის).

– ქმარს წლების თანაცხოვრების შემდეგ დასცილდი. ეს იყო სიყვარული თუ, უბრალოდ, ვნებაზე აყოლა? ცხოვრებაში რამდენჯერ იყავი შეყვარებული?

– ჩემი გათხოვება არ იყო ვნებაზე აყოლა, ეს იყო სიყვარული. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ცხოვრებაში სულ შეყვარებული ვარ, პანდემიამ კი პაუზა ამაღებინა (იცინის). ჩემს დაბადების დღეზე, დავწერე კიდეც: ეს წელი არ ითვლება, არ მომემატა-მეთქი. ერთი წელი ნამდვილად ამოვარდა ჩემი ცხოვრებიდან. მივხვდი, სისულელეებზე გაბრაზება და ნერვიულობა არ ღირს. რაზეც მეფიქრება, მერე, ის ხდება. მეუბნებიან, თვალს ნუ ჰკრავ საკუთარ თავს. ცუდზე რომ ფიქრობ, ეს იმიტომ ხდებაო. რა ვიცი, არ მგონია. აქ მარტო ინტუიცია არ არის, როცა კარგად გაიცნობ ადამიანს, ხვდები, რამდენად სანდოა, გულწრფელი. სიყვარულში იმედგაცრუებებიც აქედან მოდის. ყველა ადამიანის დაკარგვას განვიცდი, ბევრჯერ მეტკინა, რადგან ემოციური ვარ. თუმცა, არავის ვკარგავ, უბრალოდ, იმედგაცრუების მერე ახლოს ვეღარ ვუშვებ. ეს მარტო სიყვარულს არ ეხება, მეგობრებსაც. ბევრი მეგობარი დამიკარგავს, ფიზიკურად კი არა, უბრალოდ, მათთან დისტანციას ვიჭერ. როცა წლები გემატება, გამოცდილებასთან ერთად, ბევრი რამის გადაფასება ხდება. ეს ბუნებრივია. ასე რომ, ჩემი ცხოვრებიდან ადამიანები გამოვხშირე და ზედაპირული ურთიერთობები დავიწყე, გულთან ახლოს არ მიმაქვს, რომ არ მეტკინოს, არ მეწყინოს, იმედგაცრუებული არ დავრჩე.

– თუმცა, არის შენს ცხოვრებაში ორი ადამიანი, ვისაც ეს დისტანცია არ ეხება.

– ესენი, ჩემი შვილები არიან. ჩემს ბიჭთან, დათასთან ერთად, მშვიდად და წყნარად ვცხოვრობ, ძალიან კომფორტული ადამიანია. სტუდენტი გახდა, ასტროფიზიკოსობა უნდა. ინანო კი მილანში ცხოვრობს, საკმაოდ წარმატებული არქიტექტორ-დიზაინერია. შვილებში ნამდვილად გამიმართლა. ახლა რომ ვფიქრობ, ორივე შვილი მამას ჰგავს. ორივე მამამისის პროექტია, მე მშენებელი ვიყავი მხოლოდ (იცინის).

– ამბობენ, ოჯახის წევრების მიმართ გამძაფრებული ინტუიცია და უტყუარი წინათგრძნობა გაქვს. ასეა?

– რაც შეეხება წინათგრძნობას, ინანო სტუდენტი იყო და გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად გერმანიაში მიფრინავდა. წასვლის წინა დღეებში დაიწყო ნერვიულობა. პირველად მიდიოდა მარტო. რეისი დილის 5 საათზე იყო და მამამისი აცილებდა. ღამის 3 საათზე შემოვიდა ჩემთან ოთახში და მითხრა: საშინელი სიზმარი ვნახე – თვითმფრინავში ვიჯექი და ჩამოვარდაო. ვუთხარი: იმდენს ფიქრობ და ნერვიულობ, ამიტომაც ნახე ასეთი კოშმარი, არაფერი მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მოკლედ, წავიდნენ. ავდექი, დავანთე სანთელი და ჩავუთქვი: ღმერთო, თუ რამე საშიშროებაა, არ გაუშვა-მეთქი. დავწექი და დავიძინე. მეღვიძება და რას ვხედავ, ჩემი ქმარიც და ინანოც სახლში არიან. თურმე, ნისლი იყო და რეისი გადაიდო. ისე გულით ვილოცე, ისეთი რწმენით ვილოცე, ზუსტად ვიცი, ჩემი შვილი დედის ლოცვამ გადაარჩინა საფრთხეს. სიზმარში კი ბაბუაჩემის ქელეხი მაქვს ნანახი, როცა ჯერ ცოცხალი კარგად იყო. მოვყევი კიდევაც და მომწეებიც მყავს, თორემ არ დამიჯერებდნენ. სიზმარში დარბაზი ვნახე, სადაც სუფრა იყო, ბევრი ხალხი, დედა ტიროდა და ბაბუა მოწყენილი იჯდა. ნახევარ წელიწადში გარდაიცვალა და ქელეხში რომ მივედი, ის დარბაზი მეცნო, რაც სიზმარში ვნაზე. არ ვიცი, ეს რა იყო, წინათგრძნობა არა, უფრო – ხილვა.

თბილისელები

ასევე იხილეთ