“დესპოტურ რეჟიმს რომ შიშველი ხელებით ვებრძოდით, მაშინ გავიცანი და დავმეგობრდით”

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ზურაბ რთველიაშვილის შესახებ წერს.
“არყოფნის მზე
გული შემეკუმშა. ზურა რთველიაშვილი წავიდა. ირაკლი კაკაბაძემ, ცოტა ხნის წინათ, ქართული პოეზიის სინდისი უწოდა. იყო, ნაღდად იყო, იმიტომ რომ ზურა საერთოდ იყო ასეთი – სინდისის კაცი. ის ამ უსინდისო საუკუნეში ქართული სამოქალაქო მოძრაობის სინდისიც იყო, შიშველი ნერვით, გიზგიზა გულით, ქარიზმის ქარ-ბორბალით.
დესპოტურ რეჟიმს რომ შიშველი ხელებით ვებრძოდით, მაშინ გავიცანი და დავმეგობრდით. წელი იყო 2006. რეჟიმმა 14 წლის გიორგი ზერეკიძე რომ ციხეში დაამწყვდია, ზურა მისი გათავისუფლების მოთხოვნით მწერალთა კავშირის ბაღში შიმშილობდა. ყოველდღე მივდიოდი მასთან და გვიან ღამემდე ვრჩებოდი. სტუდენტური ჯიბეგაფხეკილობისა კარგად მოგეხსენებათ და თეთრებს ვიზოგავდი, რომ მისთვის წყალი ან ,,ბორჯომი” მიმეტანა. კი არ აკლდა, მაგრამ მაშინ ასე მეგონა, საქმეს ვაკეთებ-მეთქი, ვითომ, თავისუფლების ხეს ვუსხამდი იმ წყალს, რომ მალე გაზრდილიყო და ნაყოფი მოეცა.
ცოტა დახანებით, მაგრამ ასეც მოხდა.
სამაგიეროდ, სიკვდილმა არ დაახანა. არ დაახანა კი არა, ასე უდროოდ გამოტყვრა, ასე დაუპატიჟებლად.
შენი არყოფნის მზე რა უცებ ამოვიდა, მეგობარო! მზე ამ სიზმრის, მზე არა თავისუფლების!
გულზე კვართი მოიზომე და გაიზმორე!
მშვიდად იძინე!”-წერს ხუბუა.

ასევე იხილეთ