ნანა კაკაბაძის, თემორ ლომაიას და გელა ნიკოლაიშვილის ერთობლივი წერილი

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილისა და თემურ ლომაიას ერთობლივი წერილი.

“პოლიტიზიებული ექსპერტებისა და პარტიული ტელევიზიების მიერ საქართველოში ნახევარწლიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის მიზეზების შეფასება იმთავითვე არასწორი მიმართულებით განვითარდა. არჩევნების მეორე დღესვე მთელი ძალით ჩართული პროპაგანდისტული მანქანა-ემსახურებოდა ხალხში-გაყალბებული არჩევნების შთაბეჭდილების დამკვიდრებას და ისე წარმოაჩენდა, თითქოს ამას არავითარი დამტკიცება არ სჭირდებოდა.

ამ პროპაგანდის გავლენას დაექვემდებარა ხელისუფლებაც, რომელმაც თავიდანვე არასწორი კვალიფიკაცია მისცა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეუსვლელობას და ამ ქმედებას საბოტაჟის ნაცვლად ბოიკოტი უწოდა. ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა და ამ ტერმინის დამკვიდრებით ოპოზიციამ ლამაზად გაასაღა თავისი დესტრუქციული ქმედებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ამგვარად მოახერხა არაკანონიერი ქმედებების პოლიტიკური ლეგიტიმაცია.

პარლამენტში არშესვლის მიზეზად მათ არჩევნების გაყალბება დაასახელეს, რაც დამარცხებულებმა ვერ დაუმტკიცეს ვერც საკუთარ მოქალაქეებს და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამიტომ ისინი დაადგნენ ფორმით ბოიკოტის, ხოლო შინაარსით საბოტაჟის გზას.

საბოტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და გულისხმობს „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას“ (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლი).

უწყობდა თუ არა ხელს „საბოტაჟნიკების“ მოქმედება საქართველოს დასუსტებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარ ქმედებებს სწორედ საქართველოს გაძლიერებაზე ზრუნვით ფუთავდნენ? იწვევდა თუ არა მათი ქმედებები პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამასაც პარლამენტის რეპუტაციის გადარჩენისათვის ბრძოლას არქმევდნენ?

ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება მორჩილად დაეთანხმა ოპოზიციის პროპაგანდაზე აგებულ კვალიფიკაციას და არც უფიქრია სწორად შეეფასებინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამიტომ „ბოიკოტად“ მონათლულ საბოტაჟს-ოპოზიციამ მარტივად შესძინა არასწორი კვალიფიკაცია და დაამკვიდრდა პოლიტიკურ ჭიდილში.

მეორე შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციის ქმედებების კვალიფიკაციაში დაუშვა, იყო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები. აყვა რა ოპოზიციონერთა დამკვიდრებულ ნარატივს, არაპირდაპირ მანაც აღიარა, რომ რადგან ეს უკანონო ქმედებები იყო ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის საწინააღმდეგო აქცია, თითქოს მის მონაწილეებს ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ლეგიტიმური უფლება.

აშშ -ში 2021 წლის 6 იანვარს, საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის ფაქტი-ხელისუფლებამ შიდა ტერორიზმად დააკვალიფიცირა და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯა ასეულობით ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის შენობაში „უიარაღო“ და „მშვიდობიანი“ ამერიკელი მოქალაქეები შეიჭრნენ, რომლებიც ასევე აცხადებდნენ, რომ გაყალბებისგან იცავდნენ თავიანთ არჩევანს (მათ დაშლას სამართალდამცავთა მიერ შტურმის მონაწილე რამდენიმე პირის მკვლელობა მოჰყვა).

მართალია, საქართველოში შტურმის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და სამართალდამცავებმა მოიგერიეს თავდამსხმელები მსხვერპლის გარეშე, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით დანაშაულის მცდელობასა და შედეგამდე მისულ დანაშაულს შორის პრაქტიკულად არავითარი განსხვავება არ არის, „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის, განსაზღვრული კოდექსის შესაბამისი მუხლით, ითვალისწინებს-იმავე პასუხისმგებლობას რასაც დასრულებული დანაშაული“ (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი).

საქართველოს ხელისუფლების ასეთმა არასწორმა, გაუბედავმა და პროპაგანდას დაქვემდებარებულმა მოქმედებებმა ბევრწილად განაპირობეს ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად იმეორებდნენ ქართველი საბოტაჟნიკების ნარატივს და გაუმართლებელი დათმობებისკენ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას.

მართალია, საბოლოო ჯამში ავად თუ კარგად ამ ეტაპზე მოხერხდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასრულება, მაგრამ სამომავლოდ ასეთი გაუბედავი და არაადეკვატური მოქმედებები გაცილებით მეტ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს როგორც ხელისუფლებას, ასევე მთელს ქვეყანას.”– ნათქვამია წერილში.

ასევე იხილეთ