“დღეს 3 წელი გავიდა გიოს გარდაცვალებიდან, ახლა იცით რას ვფიქრობ?…“

ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მომღერალ გიო ხუციშვილს იხსენებს, დღეს მისი გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. 

ჟურნალისტი ასევე სხვა ადამიანებზეც წერს, რომელთა გარდაცვალებამ მასზე და საზოგადოებაზე ძალიან იმოქმედა.

დღეს 3 წელი გავიდა გიოს გარდაცვალებიდან, ეს ბოლო ფოტოა „სითიმენის“ ყდისთვის რომ ვიღებდით.

ახლა იცით რას ვფიქრობ? გიოს გამოვემშვიდობეთ მაინც. ვხედავდით ხან ქუჩაში, ხან ეკრანზე, ხანაც იმ საღამოს ფილარმონიაში ყველა რომ ყელში ბურთ-გაჩხერილები ვიდექით… მერე ისეთი დრო წამოვიდა, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდით. რამდენი საყვარელი და ძალიან მაგარი ადამიანი წავიდა… ამ ბოლო დროს ყველა ერთმანეთს ეკითხება, შენც გიჭირს ემოციურად, ხო? გიჭირს კი არა, ძალებს იკრებ ყოველ დღე რომ არ გადაირიო და რომ არ დაყარო ფარ-ხმალი…

ვახო ფხაკაძე, ირაკლი ჭანტურია, კახი კავსაძე, გურამ დოჩანაშვილი, სოფო შუბლაძე, ბენგალო… რეზო გაბრიაძე…დათო ციციშვილი… მე ბიძა დავკარგე სულ ახლახან… შიშით ვეღარ ხსნი ფეისბუკს, რამე კიდევ ერთი საშინელი და ცუდი ამბავი არ გაიგო.

ამას წინათ ჩემი მეგობარი, მაკა გიორგობიანი, მეუბნებოდა, რაღა როგორ ვარ, ეკა, პანაშვიდიდან პანაშვიდზე დავდივარო… მეორე ჩემმა მეგობარმა, ორსულობისას, საერთოდ გააუქმა ფბ. რთულია და ძნელია. მეც ჩემი „ხრიკები” მაქვს-საქმისთვის შემოვალ, ან თვალს შევავლებ ტვ-ს და მერე საქმისაკენ. რადგან აი ამ ემოციით ვერც საქმეს აკეთებ და ვერც ხეირიანად წიგნს უკითხავ ძილის წინ ბავშვებს. შფოთვა გიტევს სულ…

ვფიქრობ, გიო რამეს იტყოდა ახლა, რამეს ისეთს, მისებურს, გაგვამხნევებდა და მიგვანიშნებდა, რომ ცხოვრება გრძელდება და ყოველი დღით უნდა დავტკბეთ და ვიბრძოლოთ მისთვის. და… ნაკლები ვავნოთ ერთმანეთს. მიყვარხართ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,“- წერს ეკა ხოფერია.

ასევე იხილეთ