“კარიერამ არ უნდა დაგაკარგვინოს შენში ქალი”

პოზიტიური და მუდამ მოღიმარი მუსიკოსი, პიანისტი, ვოკალის პედაგოგი და ჯგუფ „ფორტეს“ უცვლელი კონცერტმაისტერი ნუცა ჯანელიძე პანდემიისა და ონლაინ სწავლების მიუხედავად, თავის სფეროში ისევ აქტიურად საქმიანობს. როგორც თავად ამბობს, მუსიკის ონლაინ სწავლება ორმაგად რთულია, რადგან ხარისხზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა ამ ყოველივეს ქალბატონი ნუცასთვის დაბრკოლება არ შეუქმნია და საკუთარ ცოდნას მომავალ თაობას დაუზარებლად გადასცემს.

ნუცა ჯანელიძე: როცა პანდემია გამოცხადდა, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს დედამიწა გაჩერდა. გარდაცვლილთა სტატისტიკა და მიცვალებულთა სასახლეების კადრები რომ შუქდებოდა, ჩემზე ძალიან მოქმედებდა, ისტერიკაში ვიყავი, მაგრამ როცა გამოჯანმრთელებულთა მატება დაიწყო, ამ შოკმაც გამიარა. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორივე დოზა გავიკეთე. სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, ვაქცინაციაზე მეგობარმა დამარეგისტრირა. პირადად მე, მეშინოდა, ვინაიდან იმ პერიოდს ექთნის გარდაცვალება დაემთხვა, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ხომ თქვეს, რომ თუ მოსახლეობის 70 პროცენტი მაინც აიცრებოდა, ეს ვირუსი მილევადი იქნებოდა, ხოდა მიხარია ამ პროცენტის მცირედი ნაწილი რომ გავხდი. ასევე, სიამაყით მინდა ვთქვა, აცრაზე იმედიანად ბევრი ადამიანი იყო, რიგშიც კი მომიწია დგომა. რაც შეეხება აცრის შემდეგ პერიოდს, პირველი ორი დღე ცოტა მოთენთილი ვიყავი, მესამე დღიდან კი – ჩიტივით.

– რა ხდება თქვენს შემოქმედებაში?

– ახლახან შემოქმედებითი კოლექტივი ქალბატონ თეა წულუკიანთან ვიყავით შეხვედრაზე და იქ დაიგეგმა რაღაცები – უნდათ, რომ ხელოვანებს რაღაც ეშველოს და ფული საკუთარი შრომით გამოიმუშაონ. კმაყოფილები წამოვედით, მინისტრი კეთილგანწყობილი იყო და იმედია, იქ რაც ითქვა, განხორციელდება. ისე, მთელი წელი ონლაინ გაკვეთილებში გავატარე, რაც ნამდვილად არ იყო მარტივი. ინტერნეტის ხარვეზების გამო ზოგჯერ ხმა არ ისმოდა, ზოგჯერ გამოსახულება არ ჩანდა და ასე შემდეგ. საშინელებაა ონლაინ გაკვეთილი მუსიკაში. როცა ვუკრავდი, ხმა მოსწავლესთან დაგვიანებით მიდიოდა, მართალია აქ წამებზეა საუბარი, მაგრამ მუსიკის დროს წამებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მერე ვიდეოებს ვწერდი და მოწაფეებს ვუგზავნიდი.

– ქალბატონო ნუცა, ერთ-ერთი წარმატებული მუსიკოსი ხართ. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ მიგაჩნიათ, პირადი ცხოვრება კარიერის გამო გადადეთ გვერდზე?

– არა, კარიერის გამო მართლა არა. ალბათ, არ მეწერა, რომ ეს ამბავი მომხდარიყო და ოჯახი შემექმნა. როცა ვიღაც მესიმპათიურებოდა, ყოველთვის მიხაროდა მასთან ურთიერთობა, უბრალოდ, ამ ურთიერთობის დაგვირგვინება არც ერთ შემთხვევაში არ მოხდა და დღემდე ყველასთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს (იცინის). ოჯახი რომ არ შევქმენი, ეს არ ნიშნავს, რომ რამის დანაკლისს ვგრძნობ. ჩემი ძმის მხრიდან ძალიან დიდი ოჯახი მაქვს: სამი ძმისშვილი და მათი შვილები. მეც ყველანაირად გადართული ვარ მათ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, პრობლემებზე, ბედნიერებაზე, სიხარულზე… მინდა, გითხრათ, რომ სახლში ოჯახურ საქმეებშიც ვარ ჩართული და კერძებსაც კი ვამზადებ.

– ანუ, კარგი კულინარი ხართ?

– არა, უფრო იმიტომ ვამზადებ ხოლმე, რომ სხვებს არ სცალიათ და იქიდან გამომდინარე, რომ მე მთლიანად ონლაინ სწავლებაზე ვიყავი გადართული, ბოლო წელია, რაც სამზარეულოს დავუახლოვდი (იცინის). „იუთუბს“ ჩავრთავ ხოლმე და მისი დახმარებით ვამზადებ ყველაფერს. ამბობენ, რომ კარგად გამომდის. ჩემი გადმოსახედიდან, მთელი ეს პროცესი ძალიან სახალისოა.

– გქონდათ წარსულში ისეთი ურთიერთობა, რომელმაც გული დაგწყვიტათ?

– ვერ გეტყვით, მოწონებები ნამდვილად იყო, ზოგი დიდხნიანი, ზოგიც მცირე, მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, გულდასაწყვეტი ურთიერთობა, გულწრფელად ვიტყვი, არ მქონია. ეს რატომ იყო ასე, არ ვიცი, ეტყობა, ნამდვილი გრძნობა არ განმიცდია და მხოლოდ, გატაცება იყო. პირველად ვსაუბრობ ამ საკითხზე და არასოდეს მიფიქრია, რატომ არ მქონია გულის წყვეტა. ალბათ, მეც არ ვიყავი ურთიერთობებში ბოლომდე გახსნილი.

– ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ.

– ჩემთვის მთავარი იყო, ვინც მინდოდა, ის ყოფილიყო. იმის იქით არ მაინტერესებდა. არ ვიცი, ვინ იჭრიდა ჩემზე ვენებს და ვინ – არა. არ ვინტერესდებოდი ხოლმე მსგავსი საკითხებით. თუმცა, თავად გრძნობის გამოხატვას ცდილობდნენ ხოლმე და იყო რაღაცები, რაც მართლა მიხაროდა, მაგრამ მე, როგორც ამაყი ქართველი ქალი, ხომ არ ვაგრძნობინებდი ამას და ასე, წარბაწეული დავდიოდი (იცინის). ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც ვერ წარმოედგინათ, რომ შეიძლება, მე მომწონებოდა.

– იმიტომ, რომ თქვენ პოპულარული იყავით?

– არა, ეგ სიტყვა არ მინდა ვთქვა, მაგრამ თუ პოპულარობის პრობლემა იყო, მაშინ ურთიერთობასაც არ დავამყარებდი. ზოგადად, სულ მიმაჩნდა და დღემდე ასე ვფიქრობ, კარიერამ არ უნდა დაგაკარგვინოს შენში ქალი.

– რთულ პერიოდს თუ გამოყოფთ თქვენი ცხოვრებიდან…

– ბევრჯერ მქონია რთული პერიოდი. ნაქირავებში ვცხოვრობთ მთელი ჩემი ოჯახი. ყოფილა შემთხვევა, როცა ხელფასს დაუგვიანია და ქირის გადახდის დრო მოსულა, ისე განმიცდია, ტირილამდე მივსულვარ ხოლმე, მაგრამ უშუალოდ ქირის გადახდის დღეს კი არა, ორი კვირით ადრე განმიცდია ეს ამბავი. ვაი, სად მეშოვა თანხა და ვისთვის გამომერთმია. ღმერთის წყალობით, მერე უცებ გამომრჩენია კონცერტი და ამიღია ეს ფული. იმაზე ბედნიერება არაფერია, როცა სურვილი გისრულდება. უფლის წყალობაა ეს და ბევრჯერ მაქვს გამოცდილი. მადლობა უფალს ამისთვის. სამწუხაროდ, დიდად მორწმუნე ვერ ვარ, მაგრამ პირობა მაქვს ჩემს თავთან დადებული, რომ კვირაში ერთი დღე აუცილებლად მივიდე ეკლესიაში და დავანთო სანთელი. მადლიერების გრძნობა უნდა გქონდეს ადამიანს და გახსოვდეს ის, შენს ცხოვრებაში ვის რა როლი აქვს ნათამაშები.

https://tbiliselebi.ge/

ასევე იხილეთ