“36 წელი ისე მოვიდა, შესაბამისი პარტნიორი არ გამოჩნდა”

სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ნინას გაუჩინარების შემდეგ გოცირიძეების ოჯახში ნათიას შესვლამ საზოგადოება ისევე აღაშფოთა, როგორც მაშინ, როცა დათო გოცირიძემ მასთან რომანი გააბა. რეაქცია იმდენად მძაფრი იყო, რომ მსახიობ ნინო მუმლაძეს გარკვეულ აგრესიასთან გამკლავებაც მოუწია.

36 წლის მსახიობი ,,სარკესთან” არ მალავს, რომ იმ ადამიანის მოლოდინშია, რომელიც მას ოჯახის შექმნას გადააწყვეტინებს.

– ნინო, ცხოვრებაში რა დამოკიდებულება გაქვთ იმ ქალების მიმართ, რომლებიც მეორეები არიან და სულ ელოდებიან კაცების გადაწყვეტილებას, როდის აღიარებენ მათ?

– ერთ პერსონაჟში ბევრი ქალის გაერთიანება არ არის სწორი. ყველას თავისი ისტორია და თავისი ინტერესი აქვს კონკრეტულ სიტუაციაში. შეიძლება მომავალშიც მომიწიოს ცოლიანი მამაკაცის საყვარლის თამაში, მაგრამ ის არ იქნება ნათია.

 ცხოვრებაში თუ გქონიათ შემთხვევა, როცა ცოლიანი მამაკაცი ცდილობდა თქვენთან ურთიერთობის გაბმას ან მოტყუებას?

– მოტყუებით არ მოვუტყუებივარ. როდესაც მამაკაცს ჰყავს ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და არ უნდა არაფრის შეცვლა, ამ შემთხვევაში ურთიერთობა ხდება ან ერთჯერადი, ან ტოქსიკური. ჩემი თავი ორივე ტიპის ურთიერთობისთვის მეცოდება.

– როგორია თქვენი მორალური კოდექსი მამაკაცებთან ურთიერთობაში?

– შემიძლია ვთქვა, არასოდეს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არასოდეს უნდა თქვა ,,არასოდეს”. არ ვარ ასეთი კატეგორიული. არავინ იცის, ცხოვრებაში რა გველოდება. არავის ოჯახი დამინგრევია და არავისთვის წამირთმევია ქმარი. ჩემს პერსონაჟ ნათიაზე მუშაობისას დავრწმუნდი, რომ ეს ქალი თავიდან საერთოდ არ იყო ამორალური და ძალიან ნორმალური მენტალობის ადამიანი იყო, მაგრამ ისეთ მომენტში გამოჩნდა მის ცხოვრებაში ადამიანი, რომ გრძნობებს აჰყვა.

სხვისი გაკიცხვა ყოველთვის ადვილია, როდესაც გვერდიდან იყურები. არავინ იცის, თითოეული ჩვენგანი იმ კონკრეტულ სიტუაციაში რას ჩაიდენდა. მაგალითად, ვიცი, რომ ჩემთვის ტკბილის ჭამა ცუდია, მაგრამ მაინც ვჭამ. რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია.

– სულ არის მოლოდინი, რომ ერთხელაც იტყვით ინტერვიუში, შეყვარებული ვარ და უნდა გავთხოვდეო…

– ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე, მიუხედავად იმისა, ცნობილია თუ არა. პირადი ცხოვრება არის ჩემი პირადი და ამის აფიშირებას არ ვაპირებ მანამდე, სანამ ყველაფერი ოჯახის შექმნით არ დაგვირგვინდება.

ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი, რომ ნაადრევად გათხოვება არ მინდოდა. ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ადმიანმა ოჯახი უნდა შექმნას მაშინ, როდესაც საკუთარი თავი ნაპოვნი აქვს, რეალიზებულია კარიერაში და ცხოვრებაშიც მყარად დგას ფეხზე.

30 წლიდან უკვე დავფიქრდი, რომ ოჯახისთვის მზად ვიყავი, მაგრამ გათხოვება არ არის ჩემი თვითმიზანი. თუ სწორ ადამიანს არ შევხვდები, ამ ნაბიჯს, უბრალოდ, არ გადავდგამ.

ასევე იხილეთ