“ადრეც არაერთხელ მითქვამს, ბარემ, ცხად და საბოლოო პასუხს გავცემ”

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ადრეც არაერთხელ მითქვამს და რადგანაც ამ ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, ვარ თუ არა დაინტერესებული პოლიტიკით – ბარემ, ცხად და საბოლოო პასუხს გავცემ – არა. პოლიტიკაში ამ სიტყვის პოპულარულ გაგებას ვგულისხმობ, თორემ ზოგადი აზრით, ადამიანები პოლიტიკური ცხოველები ვართ. მაქვს თუ არა შემოთავაზება, დიახ, არაერთი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან. ჩემი პასუხი იცით – ცხადია, სრულიად გულწრფელი მადლობა შემჩნევისთვის, მაგრამ – ,,არა!” და ,,არა” არა იმიტომ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა – ბინძური მხოლოდ მაშინ არის, თუ მას ცუდი ადამიანები მოირგებენ. და ,,არა” არა იმიტომ, რომ მე ვინმეზე მაღლა ვდგავარ.

 

უბრალოდ სხვა ვნება მაქვს, სხვა ინტერესები. იქ, სადაც ვმუშაობ, მგონი, რომ საჯარო მოხელის სტანდარტი ამ მხრივ მაინც შემოგთავაზეთ – ვიმუშავე სხვადასხვა ხელისუფლებასთან და განსხვავებული პარლამენტის თავმჯდომარეებთან – ერთხელაც ვერ დაძებნით ჩემს სახელისუფლო ან სხვა პარტიათა სასარგებლო მოქმედებას. ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი მოქალაქე და მაქვს დაუფარავი აზრი სხვადასხვა საკითხის მიმართ – ეს ხან ერთს აწყობს, ხან მეორეს, მაგრამ ამის მიხედვით არასდროს დამიწყვია ფიქრი.

 

ვარ მწერალი და ვფიქრობ, ყველაზე მეტად იმ პროფესიის ხალხს არ უხდება ვინმეს ლიქნა, ვისაც დამკვირვებელი და ამ დაკვირვების სხვისთვის განმდობი ჰქვია. გავიარე არაერთი საცდური და ბეწვის ხიდი – გარედან ყველაფერი სხვაგვარია, შიგნიდან კი სხვანაირად დუღს.

მოკლედ, პოლიტიკა არ არის ჩემი ასპარეზი. ისედაც უამრავ საქმეს მოვედები და სამის დამატება განვიზრახე: კინო, ფოლკლორი და სოფლის მეურნეობა. პირველი ეკრანთან და წიგნებთან ყოფნას მოითხოვს, მეორე ხალხთან და მესამე – მიწასთან. ეს არის კიდეც ჩემი გზა და ,,პოლიტიკა”.
ჰო, ცოტა ფოტოხელოვნებაც.

მაქვს ჟინი, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს – ნაკლები სიძულვილით და მეტი შრომით. თავისუფლებით, რომელიც ფიქრში ვარჯიშს ეფუძნება, ფიქრში ვარჯიში კი განათლებას მოითხოვს.
აი, მანდ კი გეგულებოდეთ.“

ასევე იხილეთ