“შენ ღირსი ხარ ჩემი მემკვიდრე გახდე“- რატომ დაუტოვა ბერძენმა მოხუცმა ქართველ მომვლელ გოგონას უზარმაზარი ქონება

ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნანა ქომეთიანი სოციალურ ქსელში ქართველ მომვლელ გოგონაზე გადამხდარ ისტორიას ჰყვება. მისი თქმით, ბერძენმა მოხუცმა ქართველ გოგონას უზარმაზარი მემკვიდრეობა დაუტოვა.

„ღმერთო, დღეს რა სასიამოვნო ამბავი გავიგე. რა ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ვამაყობ, რომ ქართველი გახლავართ. ერთ-ერთ ქართველ გოგონას მადლიერმა მოხუცმა უზარმაზარი მემკვიდრეობა დაუტოვა. ეს გოგონა საქართველოს უღარიბესი სოფლიდანაა და როგორც ყველა ჩვენგანი, უმუშევრობამ, გაჭირვებამ, სასოწარკვეთამ გადმოხვეწა უცხოეთში. მრავალი წელი უვლიდა უსინათლო პაპას სხვა გოგონებთან ერთად. სულ სამი იყვნენ. ორი გოგონა ბულგარეთიდან ყოფილა. დღეგამოშვებით დადიოდნენ სამსახურში.

მოხუცს საკმაოდ უცნაური ახირებები ჰქონია. თურმე ყოველდღე ახალ-ახალ სამოსს ითხოვდა. არაფრით წინა დღის ტანსაცმელს არ იკარებდაო… მდიდრებს რას გაუგებ, უცნაურები არიანო, ამბობდნენ. სიმართლე ანდერძის გახსნის შემდეგ გაირკვა.

აი, რა ეწერა ანდერძში: „დიდი მადლობა, ჩემო ანგელა, ინგა და მარია (გოგონების სახელებია) ამდენი წელი რომ მემსახურეთ, თუმცა ინგა თქვენს შორის ყველაზე პატიოსანი და ერთგული გახლდათ. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველოდან პატიოსანი, თბილი და ერთგული ადამიანები გამოდიოდნენ.

ინგამ ეს დამიმტკიცა. ვაღმერთებ ქართველებს. ჩემო კარგებო, ყოველ დილით ახალ სამოსს იმიტომ გთხოვდით, რომ ჯიბეში 50 -ს ხან 100 ევროს განგებ ვტოვებდი. ანგელას და მარიას არასოდეს „გაუმხელია”, აი ინგა კი… მადლობა შენს მშობლებს, ჩემო გოგონა. მადლობა იმ ქვეყანას, სადაც შენნაირ ხალხს ზრდიან. შენ ღირსი ხარ ჩემი მემკვიდრე გახდე. დიდი ბედნიერებაა იმის შეგრძნება, რომ არსებობენ ასეთი სანდო და კეთილშობილი ადამიანები ამ სამყაროში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა“.

პოსტს ასეულობით ადამიანის კომენტარი მოჰყვება, რომელთაგან ბევრს არც სჯერა მონათხრობის. ზოგიერთი კი ანდერძის აღსრულების არ სჯერა, რადგან მოხუცს სხვა მემკვიდრეებიც ეყოლება ან სახელმწიფო წაიღებს უზარმაზარ პროცენტს. მათ საპასუხოდ ნანა ქომეთიანი წერს, რომ ბერძენი ადვოკატისგან იცის ეს ამბავი, რომელიც თავად დაესწრო ანდერძის გახსნას.

„აქ იმდენ ქონებაზეა საუბარი 70-80 პროცენტიც რომ წაიღოს მთავრობამ, ჩვენ თანამემამულეს მაინც საკმაო რჩება. მოხუცს სხვა მემკვიდრეები არ ჰყავს. მადლიერება ყველა სიმდიდრეზე მაღლა დგას. მადლიერების ნიშნად გააკეთა ბატონმა ნიკომ ეს. სასწაულების ხდება, ჩემო პესიმისტო მეგობარო”, – წერს ნანა ქომეთიანი.

ასევე იხილეთ