“პირველივე წაბორძიკებისას ხელი გვკრეს”

“ლელოს” წევრი, ბიზნესმენი გიორგი მორდეხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ვისი გვერდში დგომის იმედიც გვქონდა და კიდევაც გვაქვს, ვისი უფლებების დასაცავადაც არაერთ ჩვენი გუნდის წევრს ბევრი უბრძოლია და აწიც ვიბრძოლებთ, ვისაც მეგობრებს ვეძახდით და აწიც დავუძახებთ, ვისაც ვუსმენდით, ვცდილობდით გაგვეგო და აწიც მოვუსმენთ, პირველივე წაბორძიკებისას, არა ყველამ, მაგრამ მაინც ბევრმა, ხაზი გადაგვისვეს და ხელი გვკრეს.

მაინც დავიცავთ, მაინც ვიმეგობრებთ, მაინც ავაშენებთ, უძლიერეს პარტიასაც, ღირსეულ სამოქალაქო საზოგადოებასაც, და უმაგრეს ქვეყანასაც. დახმარების ხელსაც ისევ გამოგიწოდებთ, რამდენჯერაც არ უნდა ხელი გვკრათ, იმდენჯერვე გაპატიებთ, და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ თავადაც მოვიხდით ბოდიშს.

რადგანაც უშეცდომოები არც ჩვენ ვართ და არც თქვენ.

რადგანაც დაშლამ, დაყოფამ და გათითოკაცებამ, სიჯიუტემ, ინფანტილიზმმა, უკომპრომისობამ, პროვოკაციებზე იოლად წამოგებამ ჯერ ერთმანეთს გადაგვამტერა, შემდეგ ტერიტორიები დაგვაკარგინა, და ახლა ქვეყანას გვაკარგინებს.

რადგანაც ერთიანობას, განვითარებას და სოლიდარობას ალტერნატივა არა აქვს.

რადგანაც, ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერე უნდა გახდეს და არა დაყოფის საბაბი.

მე ვამაყობ ჩვენი გუნდით. მე ვამაყობ, რომ ვარ იმ პარტიის წევრი, რომელიც არის და იქნება ჩემიც და თქვენიც, რომელიც გააერთიანებს დაშლილ, დაქუცმაცებულ საზოგადოებას და გაამთლიანებს ქვეყანას, რომელიც აუცილებლად დადებს გამარჯვების ლელოს. და ეს იქნება ჩვენი და თქვენი გამარჯვება.

ყველაფერი კარგად იქნება! ❤️✌️”

ასევე იხილეთ