“ეს კივილი, ხავილი, ყმუილში გადასული ბღავილი სულ გესმის… ყოველ დღე ძალიან ბევრ ადამიანს, მამას, ქმარს, მეგობარს, შვილს ეუბნებიან რომ ისინი დაობლდნენ” ”

ჟურნალისტმა ნინო ქაჯაიამ, რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და ამბობს, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც მან გაიარა, სხვამ თავიდან უნდა აიცილოს. მისი თქმით, ამის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.

„საავადმყოფოდან გამოსული კოვიდგადატანილების FB სტატუსები მეტ-ნაკლებად ერთნაირია: მადლიერება რომ გადარჩა; გაცნობიერება ექიმების შრომისა და მათი თავდადებით აღფრთოვანება; აღწერა, თუნდაც რამდენიმე დეტალით სინამდვილეში როგორია კოვიდი; იმ უმძიმესი დღეების ემოციის გადმოცემა; კიდევ ერთხელ გაცნობიერება და უსაზღვრო მადლიერება, თუ როგორი მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და კეთილის მსურველები გყავს; მოწოდება რეგულაციების დაცვისა და აცრისაკენ. გამონაკლისი არც მე ვარ.. საავადმყოფოდან რომ გამოდიხარ და აცნობიერებ თუ როგორ გაგიმართლთა, რომ გადარჩი, წინ ცხოვრებაა, ხედავ შენს შვილს, ოჯახს, იღებ შენი გასაოცარი მეგობრებისგან სიყვარულითა და თანადგომით სავსე გზავნილებს-თითქოს შენი დაბადების დღეა, ოღონდ სულ პირველი და თან შენც რომ გახსოვს და არასდროს დაგავიწყდება ისეთი დაბადების დღე. მაგრამ ამას თან სდევს სიმძიმე, რასაც შენთვის ძვირფასი ადამიანების გარდაცვალება ახლავს. მათი, ვინც შენთან ერთად ერთ დროს იწვა საავადმყოფოში, გესმოდა მისი ხველა, ცდილობდით ერთმანეთის გამხნევებას, მოვლას, აწყობდით გეგმებს თუ რას გააკეთებდით მერე- ამ ჯანდაბა კოვიდისგან რომ გამოჯამრთელდებოდით. და ისეთი მწარეა, როდესაც მიხვდები რომ ამ გეგმებს აღსრულება არ უწერია და 72 საათში მათ დაკრძალვაზე, გამოსამშვიდობებლად გიწევს მისვლა.. რაც შეეხება ექიმების შრომასა და თავდადებას…მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მანძილზე ტელევიზიით, სოციალური მედიითა თუ სხვადასხვა ტრიბუნებიდან გვესმის: „ექიმები გმირები არიან “, „ კოვიდთან ბრძოლაში ექიმები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს წირავენ”; “ ექიმები მაინც შეიცოდეთ და დაიცავით ეს რეგულაციები” ; „ესა თუ ის ექიმი, ან მედდა რომ არ ყოფილიყო მე ვერ გადავრჩებოდი” და ა.შ მერწმუნეთ, რომ ეს ფრაზები თუ სიუჟეტები სრულად ვერ აღწერენ, სინამდვილეში რა პირობებში უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება და მუშაობა. ცხოვრება შემთხვევით არ ვახსენე, რადგან ექიმები, ექთნები, თუ სხვა მედპერსონალი მართლაც საავადმყოფოში ცხოვრობს. ყოველ წამს პაციენტებთან ერთად და ხშირად , პაციენტების მაგივარადაც იბრძვიან მათ გადასარჩენად. იბრძვიან მათი ყოველი ამოსუნთქვისათვის, 1 ქულით მაინც გადარჩენილი ფილტვისათვის, ყოველი წუთით გახანგრძლივებული სიცოცხლისა და ოჯახთან დაბრუნების შესაძლებლობისათვის. და ამას აკეთებენ ყოველ დღე, ყოველ წუთს, ასობით ადამიანისათვის- საკუთარი ნერვების, უძილობის, ჯანმრთელობის ხარჯზე, მწირი ანაზრაურებით. ამ ყოველივეს საკუთარი თვალით თითქმის მთელი ივლისი ვუყურე, როდესაც თსსუს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდის გართულებით მოვხვდი. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic .საავადმყოფოში ყოფნის თითქმის 20 დღის მანძილზე, ყველა ექიმს, რომელიც ჩემს თუ ნებისმიერი სხვა პაციენტის პალატაში შემოდიოდა, იყო ეს ლევან რატიანი ლევან რატიანი-Levan Ratiani, ბრჭყვიალა ნატა ექიმი,( ნატალია ლევიძე) Natalia Levidze, კოკა ექიმი თუ სხვა უამრავი ექიმი და ერთი მეორეზე უკეთესი მედდა, მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებდათ -კოვიდისგან პაციენტების გადარჩენა და მათი სახლში დაბრუნება. ამისათვის კი ისინი საკუთარ ჯანმრთელობას თითქმის უკვე 2 წელია რაც არ იშურვებენ. თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე პაციენტებზე ნაკლებად არ უხარიათ. მათი შრომა არ იყოლება… თითოეულისადმი მადლობა როგორ გამოხატო არ იცი. ვიცი არ გიყვარს, მაგრამ შენც უნდა გითხრა საჯარო მადლობა, Nino Mamaladze რომ არა, არ ვიცი რამდენად მომეცემოდა ამ ყველაფრის დაწერის საშუალება. სინამდვილეში როგორია კოვიდი? პირველი სიტყვები, რაც ენაზე გადგება -ბანძი, ვერაგი, ბოროტი, დაუნდობელი, მახინჯი, უგულო, უჯიშო, უჯიგრო, ამაზრზენი და ძალიან ძალიან ცუდი! თუმცა ეს საკმარისად არ გამოხატავს იმ ემოციას რაც გეუფლება, როდესაც საავადმყოფოში დახურულ ფანჯარაშიც კი გესმის განწირული დედის კივილი, რომელსაც მიმღებში უთხრეს, რომ მისი შვილი კოვიდმა შეიწირა. მიმღები 1 სართულზეა, შენ 6 სართულზე წევხარ, მაგრამ ამ დედის კივილი ყველა სართულზე, ყველა პალატაში აღწევს. მისი შვილიც სულ ახლახან შენს სართულზე იყო, გვერდზე პალატაში- ლამაზი, ხალასი, შეშინებუული, მაგრამ გეგმებითა და იმედებით სავსე, ის ხომ რამდენიმე დღის წინ თავად გახდა დედა.. ეს კივილი, ხავილი, ყმუილში გადასული ბღავილი სულ გესმის, დილით და საღამოს. ერთ დედას მეორე ცვლის, რადგან ყოველ დღე ძალიან ბევრ ადამიანს, მამას, ქმარს, მეგობარს, შვილს ეუბნებიან რომ ისინი დაობლდნენ, მათი საყვარელი ადამიანი აღარ არის- ისინი კოვიდმა შეიწირა. ეს ხმები საავადამყოფოდან რომ გამოდიხარ მაშინაც გახსოვს და არ გავიწყდება. როდესაც “ინტერპრესნიუს”-ზე კოვიდ სტატისტიკას კითხულობ, ეს განწირული და გაუბედურებული ადამიანების არაბუნბრივი ხმები გახსნედება. ხმები, მიმღებიდან, მე-6 სართულზე, დახურულ ფანჯარაში რომ აღწევს. კიდევ ერთი ხმა, რომელიც საავადმყოფოდან მოგყვება -არის ზურგზე ხელების ბრაგაბრუგის ხმა. ერთ დღეს, ჩემს გვერიდით 83 წლის ბებო დააწვინეს. თბილი, ტკბილი, საოცრად თავმდაბალი, ცხინვალიდან დევნილი. ჟანგბადის ნიღბიდან მიყვებოდა თუ როგორ გამოიარა ომი, სრულიად ახალგაზრდამ როგორ დაკარგა ქმარი და მარტომ როგორ გაზარდა დევნილთა ჩასახლების 7-კვადრატულიან ოთახში 2 შვილი, მისცა მათ განათლება და ახლა როგორ ამაყობს მათი წარმატებით. იმის თქმაც მოასწრო, თუ როგორ ნანობდა აცრა რომ დააგვიანდა, (პირველი აცრიდან მე-3 დღეს დაუდასტურდა კოვიდი). „არა და კიდევ იმდენი რამ მაქვს ბებო მოსასწრები, შვილიშვილები მისახედი, იმ პატარა სახლის ეზოში, რომელიც შვილებმა მიყიდეს მოსავალი ასაღები და რაც მთავარია , უფროსი შვილი, დავითი – დასაქორწინებელი. რაც ეს გულის დაავადება დამიდგინეს სულ მე მივლის და თავისათვის დრო აღარ რჩება”-მიყვებოდა ქოშინით. ღამით კი, ბებო ცუდად გახდა, მოუხსნელად გაკეთებული ჟანგბადის ნიღბის მიუხედავად, ჰაერი არ ჰყოფნიდა, სუნთქვა არ შეეძლო, მაგრამ მაინც მოახერხა ეთქვა :„როგორ გაწუხებ, ნინო შვილოოო”. დილის 4 საათი იყო და, როდესაც დასახმარებლად მედდას დავუძახე, ჩვენი არაჩვეულებრივი, ენერგიული და მოღიმარი ხათუნა აფციაური შემოქანდა და, ამ მინიატურულმა გოგომ, ბებო 1 წამში მუცელზე დააწვინა და დაუწყო მხრებზე, ზურგზე ხელების რტყმა. ეს ბრაგაბრუგი აუცილებელი იყო, რომ ბებოს ფილტვები გახსნოდა და ამოესუნთქა. ჩემი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე, არაერთ ცხელ წერტილში მომიხდა ყოფნა და გადაღება: სოხუმსა თუ ცხინვალში ომის შემდეგ, ღაზას სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირანში ამერიკის წინააღმდეგ მილიონიანი მანიფესტაციის დროს, იორდანიაში სირიელ ლტოლვილთა ბანაკში და ა.შ, მაგრამ არცერთი ტყვიისა და სულ რამდენიმე მეტრში აფეთქებული ბომბის ხმა არ შეედრება და არ გაძრწუნებს ისე, როგორც ამ უტკბილესი, 83 წლის თეთრთმიანი ბებოს ბეჭებზე, ხათუნას ხელების მიერ ატეხილი ბრაგაბრუგის ხმა. გამთენიისას ბებო რეანიმაციაში წაიყვანეს, უფრო სწორედ ლოგინიანად გაიყვანეს დარომ მიდიოდა ნიღბის ქვეშ ქოშინით ისევ მადლობას და ბოდიშს მეუბნებოდა -როგორ მომიარეთ და როგორ შეგაწუხე შვილო ღამეო. ვუთხარი, რომ მხოლოდ ცოტა ხნით ვუშვებდი ინტენსიურში, რადგან იქაც გაეცნოთ როგორი საოცარი ბებო იყო და მალე ისევ აქ ,ჩვენს პალატაში ველოდებოდი.

ბებო ჩვენს პალატაში აღარ ამოუყვანიათ. სულ ვეკითხებოდი ხათუნასაც და სხვა მედდებსაც: “ხომ არ იცით როგორ არის?, იქნებ, მოკითხვა გადასცეთ და ამბავი გამაგებინოთ”. თავიდან ამბობდნენ :”კარგად იქნება, იმ სართულზე ჟანგბადის უფრო ძლიერი ნაკადია”, მერე კი “მე დღეს იმ სართულზე მორიგე არ ვარ, რომ მოვიცლი აუცილებლად შევივლი” და. ა. შ.

საერთოდ საავადმყოფოში ეს დაუწერელი წესია, რომ კოვიდ პაციენტი არ უნდა ანერვიულო, მაქსიმალურად დაიცვა ცუდი ემოციისა და ამბისგან, არ უთხრა რომ რომელიმე პაციენტი გარდაიცვალა, თუ ეს თავად არ დაინახა ან გაიგო.

საავადმყოფოში ერთმანეთს სრულიად უცნობი და უცხო ადამიანები უმეგობრდებიან. იქ ყველა ერთმანეთის გულშემატკივარი, მხარდამჭერი და კეთილმოსურნე ხდება. უცებ ძალიან ბევრ მეგობარს იძენ, იცი მათი შვილიშვილი როგორ მღერის, შვილი როგორ გემრიელ ლიმონის ორცხობილებს აცხობს, მართალია ამ ორცხობილების გემოსა და სუნს ვერ გრძნობ, მაგრამ როდესაც გიმასპინძლდებიან, კოლოფზე ხედავ წარწერას “ჩემს ყველაზე საოცარ დედიკოს, მალე დაგვიბრუნდი” და იცი რომ ეს მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ორცხობილაა.

ზეპირად იცი და აკონტროლებ შენი ახალი მეგობრების სატურაციას, მათ ხმებს უკვე ხველით არჩევ და ისე გიხარია, როდესაც ხვდები რომ რომელიღაცა ღამეს სპაზმი ისე არ ახრჩობთ და 39 სიცხეც აღარ აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ფილტვები კიდევ უფრო აღარ დაუზიანდებათ. როდესაც შენს გვერდით მწოლიარე, შეშინებული ინდუსი სტუდენტი გოგონას დედას ამშვიდებ Whatsup -ით დელიში, რომ მისი შვილი აუცილებლად კარგად გახდება, ის კი ტირილისგან ხმაჩახლეჩილი, დამტვრეული ინგლისურით გპატიჟებს ინდოეთში, შვილის ქორწილში და თან დასძენს, რომ შენი თვალების ფერ-ცისფერ ბრჭყვიალა სარს თავად დაგახვედრებს. და ის სიხარული ხომ არაფერს შეედრება, როდესაც დაინახავ, დერეფანში ეტლში ჩამჯდარ შენს ახალ მეგობარს მუხლებზე დადებული ჩანთითა და გასაწერად გამზადებული ფორმა ასით.

რაც შეეხება ძველ, კოვიდამდე მეგობრებს, ოჯახის წევრებს:) ყოველთვის ვიცოდი, ვაფასებდი და მიხაროდა, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები, ოჯახი მყავდა, მაგრამ ეს გრძნობა კიდევ გამიასმაგდა და მადლიერების გამოსახატავად ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა. რაც მათ საავადმყოფოში ყოფნისას გააკეთეს ჩემთვის და იზოლაციაში მარტო მყოფი ჩემი შვილისათვის ამის აღწერა და მადლიერების გადმოცემა, საკმაოდ მდიდარი ლექსიკური მარაგის მიუხედავად, ჯეროვნად არ გამომივა.

ყოველდღე თითოეული მათგანის მოსვლა საავადმყოფოს ფანჯრებს ქვეშ, მათი ხელის დაქნევა, ბუშტებმობმული შემოგზავნილი ბარათები, საკვები, რომელიც ფაქტობრივად მთელ საავადმყოფოს ჰყოფნიდა, თუ დილის 5 საათზე მოსული მესიჯები, ეს ისეთი სიმდიდრე, ძალა, იმედი და სიხარულია, რომელსაც ვერც კი აღწერ და რომელიც ყველა ტკივილსა და სტრესს გიმსუბუქებს.

ისტაგრამზე ერთ-ერთმა უცნობმა გამომწერმა მომწერა: “ისეთი მეგობრები გყავთ მეც მომინდა კოვიდიო”. კოვიდს და საავადმყოფოში მოხვედრას მტერსაც არ ვუსურვებ, მაგრამ ასეთი მეგობრები, ნათესავები და კეთილის მსურველები ღმერთმა ყველას მოგცეთ!

ახლა კი რაც შეეხება პოსტის ბოლო, მაგრამ ალბათ მთავარ პუნქტს : რეგულაციების დაცვისა და აცრისკენ მოწოდება.

დავიწყებ საკუთარი თავით. რეგულაციებს ყოველთვის ვიცავდი, თუმცა ფეხზე მოულოდნელი და გადაუდებელი ოპერაციის გამო აცრა ვერ მოვესწარი. როდესაც მუხლში ბოლო ინიექცია გამიკეთეს, მითხრეს, რომ 3 დღეში შემეძლო აცრა, მაგრამ სახლში დაბრუნებულს უკვე 39 მქონდა სიცხე და მეორე დილით კოვიდ დადებითი აღმოვჩნდი.

ისე, რომ არც ვიცოდი კოვიდი გადავდე ჩემს ძმას, მან კი დედას და საბოლოო ჯამში ბებიაც კოვიდით ინფიცირებული აღმოჩნდა. ეს ყველაფერი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გავიგე, რადგან ყველა მიმალავდა, განსაკუთრებით კი იმას მიმალავდნენ, რომ ჩემი გამზრდელი ბებია, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, იმდენად ცუდად იყო, რომ უკვე იმედიც გადაწურული ჰქონდათ. მაგრამ საოცრად გაგვიმართლა და ჩემი რუსუნდუ გადარჩა და 3 დღის წინ 93 წლისაც გახდა!

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ გადავიტანე კოვიდი, უკვე ვიცი სად და როდის ვიცრები.

რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლებას, რელიგიურ შეხედულებასა თუ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ თავისებურებებს, მაგრამ ამ ყოველივეს გათვალისწინებით მაინც მოგიწოდებთ, გირჩვეთ, მოვითხოვ, გთხოვთ, უფრო მეტიც, გემუდარებით, რომ დაიცვათ ეს ოხერი რეგულაციები და აიცრათ.

რატომ?

იმიტომ, რომ თქვენ ,(ან თქვენს გამო თქვენი ახლობლები, ან სულაც უცნობი ადამიანები) არ მოხვდეთ საავადმყოფოში; იმიტომ, რომ არ გამოიაროთ ის ჯოჯოხეთი რასაც უამრავი ადამიანი გადის და რაც მეც გამოვიარე; იმიტომ, რომ ფილტვებში არ გრძნობდეთ დამსხვრეულ შუშებს და თითოეული ამოსუნთვა წამებად არ გექცეთ; იმიტომ, რომ არ იგუდებოდეთ და იხრჩობოდეთ სპაზმისა და ხველისგან; იმიტომ, რომ თქვენს პალატამდე, დახურულ ფანჯარაში არ ამოდიოდეს გაუბედურებული დედის კივილი;

იმიტომ, რომ თქვენს ოჯახის წევრებს არ უთხრან, რომ თქვენ კოვიდი ვერ დაამარცხეთ და მათ, 72 საათში არ მოუწიოთ თქვენი დაკრძალვა; იმიტომ, რომ თქვენს გამო სხვა ადამიანმა არ დაკარგოს დედა, მამა, ბებია, ცოლი, მეგობარი; იმიტომ, რომ არ ნახოთ თუ როგორ ურტყამენ გულდაღმა დამხობილ 83 წლის ბებოს, რომ ის არ გაიგუდოს, გაეხსნას ფილტვები და შეძლოს სუნთქვა;

იმიტომ, რომ არსებული მონაცემით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილი თითქმის 7.000 ადამიანიდან არცერთი არ ყოფილა სრულად ვაქცინირებული; იმიტომ, რომ ვაქცინა გვიცავს სიკვდილისაგან; იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება მაინც მშვენიერია და ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ეს იგრძნოს და დატკბეს ცხოვრებით.

როდესაც წლების, წინ ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად გადაცემა ” ცხოვრება მშვენიერია გავაკეთე და მიმყავდა, იყვნენ ადამიანები, ვინც სახელწოდების გამო მაკრიტიკებდნენ:”როდის არის ცხოვრება მშვენიერი?! ,” “ამდენი უბედურება და გაჭირვებაა და შენ რა ცხოვრება გემშვენიერება?!” და ა.შ .

დღესაც, ყველა სიმძიმისა თუ სირთულის მიუხედავად, ისევ ამ აზრზე ვარ, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია.

ყველა ადამიანს, ვინც კოვიდმა იმსხვერპლა უნდოდა სიცოცხლე, იბრძოდა სიცოცხლისათვის, ჰქონდა უამრავი გეგმა, ოცნება, იმედი და არავის არ გვაქვს უფლება ერთმანეთს წავართვათ ეს ყოველივე.

კოვიდი არ არის უბრალოდ ვირუსი, სიცხითა და ყელის ტკივილით, როგორიც ბევრს ჰგონია, ან შეიძლება, ზოგმა ასეც გადაიტანა. ეს არ არის ვირუსი, რომელიც მხოლოდ ხანდაზმულებს, ან თანხმლები დაავადებების მქონე პირებს ემართებათ, ეს არ არის ვირუსი, რომელიც “მე არ დამემართება, ან თუ დამემართება, არ გამირთულდება”.

არც ხანდაზმული ვარ, არც არცერთი თანამდევი დაავადება არ მაქვს, უფრო მეტიც, არასდროს მომიწევია სიგარეტი, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, დავდივარ ფეხით, მაგრამ კოვიდიც დამემართა, გამირთულდა, საავადმყოფოშიც მოვხვდი და ჯერ კიდევ, პოსტკოვიდ რეაბილიტაციას გავდივარ.

აღარ შეგაწყენთ თავს იმის აღწერით, თუ როგორი სპაზმები მქონდა, როგორ ვახველებდი დაუსრულებლად, როგორ ვერ ვსუნთქავდი, დექსამეტაზონისა და ანტიბიოტიკის გადასხმებისგან ხელებზე როგორ დამისკდა ყველა ვენა, რა ტკივილია, როდესაც ვერ ამოძრავებ თითებსაც კი, სპაზმის გამო თვეზე მეტი როგორ ვერ ვლაპარაკობდი, დავიკელი 10 კილო, რა რაოდენობის წამალი დავლიე, მაგრამ პოსტკოვიდ თავის ტკივილებს რომ არცერთი წამალი არ აყუჩებს, რომ ხველა ისევ დამიტოვა, იყო პერიოდი როდესაც მიჭირდა სიტყვების გახსენება, ჩავარდნები მეხსიერებაში, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და ა.შ.

არ გეგონოთ რომ ვწუწუნებ, ან მინდა თავი შეგაცოდოთ, უბრალოდ ეს ამდენი იმიტომ დავწერე, რომ მთელი გულით მინდა, თქვენ ეს არ დაგემართოთ, არ გამოიაროთ ჯოჯოხეთი და სხვებიც დაიცვათ ამ ვერაგი და ბოროტი დაავადებისგან. ეს კი მხოლოდ რეგულაციების დაცვითა და ვაქცინაციითაა შესაძლებელი.

პ.ს ტყუილად არ მეკამათოთ, რომ ასე არ არის, მაინც ვერ შემაცვლევინებთ აზრს. აღარ გადადოთ, გთხოვთ აიცერით რა”, – წერს ნინო ქაჯაია.

ასევე იხილეთ