“ადამიანს სინდისი თუ გაგაჩნია, შესაბამისად უნდა მოიქცე, თორემ მარტო “ჯიგარი ხარ“ გაიკეთე ერთ ადგილას”

მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა ხელი ახალ და აქამდე მისთვის უცნობ საქმეს მოჰკიდა – შეკვეთილში არაჩვეულებრივ ადგილას მიწა იყიდა, ქვისლთან ერთად საოჯახო სასტუმრო ააშენა და მიუხედავად პანდემიისა, სტუმრები გახსნის დღიდან არ აკლია.

ლევან სუხიტაშვილი: თბილისში მქონდა სახლი, რომელიც გავყიდე და ძალიან მინდოდა, შეკვეთილში მიწა მეყიდა. ჩემდა ბედად, ძალიან კარგ ფასად ძალიან კარგი მიწა გამოჩნდა და მაშინვე შევიძინე. მერე აშენება გახდა საჭირო და მე და ჩემმა ქვისლმა ერთად ავაშენეთ საოჯახო სასტუმრო, რომელსაც ჰქვია „კაპრო One“ ანუ „კაპროვანი“. კაპროვანი პატარა ტერიტორიაა, აქ არ არის დიდი სასტუმროები, პატარა კოტეჯებია, სიწყნარე და მშვიდი გარემო. აქეთ ვარ მთლიანად გადმორთული. თბილისში თუ ვარ, მხოლოდ საქმის გამო ან ძალით მომათრევენ (იცინის).

– თბილისში ის სახლი გაყიდე, რომელშიც ცხოვრობდით?

– კი და ახლა მაკასთან, მეუღლის სახლში ვცხოვრობთ. მაგრამ რეალურად ახლა, ვერცერთს ვეღარ ვაგდებ აქედან. თუმცა, ეს მაკას იდეაც იყო, ორივეს გვინდოდა. რამდენიმე წლის წინ, აქ მე და მაკა მამუკა ღლონტთან მოვხვდით და ძალიან მოგვეწონა ყველაფერი. ისე ძალიან გვინდოდა იმის გაკეთება, რაც ახლა გვაქვს, როგორც კი შანსი მოგვეცა, მაშინვე ავიხდინეთ ჩვენი ოცნება.

– ფინანსურად როგორ გაუმკლავდით, დიდი ოჯახი გაქვს, პლუს პანდემია…

– ჩემი ქვისლი მშენებელია და ერთად ავაშენეთ. რაც შეეხება პანდემიას, პირველად შარშან, გაგანია პანდემიის დროს გავიხსენით და იმ დღიდან სულ ხალხი გვყავს, ზამთარშიც და ზაფხულშიც. ისეთი ადგილია, ფიჭვნარია, ზღვა. ზამთარში ძალიან ცხელა. ერთადერთი ცუდი თვე გვაქვს – თებერვალი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, დანარჩენი დრო მოკლემკლავიანით დავდივარ. იანვარშიც კი 16-18 გრადუსია ტემპერატურა. აქაურობა არაჩვეულებრივი თავშესაფარია. ამ ტერიტორიაზე ძალიან ცოტა ხალხია, მათ შორის, პლაჟზეც, ფიჭვნარშიც, გვერდზე დენდროლოგიურია – სულ რაღაც 150 მეტრში. აქვეა ქვიშის პლაჟი. თვითონ კაპროვანში ძალიან ცოტა ხალხია და ჯერჯერობით, აქ ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

– ათიანში გაარტყი ხომ ამ ადგილის შეძენით?

– კი, მაგრამ ჩემს გორს მაინც ვერ ვღალატობ და სახლის უკან პატარა გორი ავაყვავე. იქ მომყავს კიტრი, პომიდორი, მწვანილი. აქაურობა ძალიან მიყვარს, სულ იმაზე ვფიქრობ, რა გავაკეთო. თავიდან არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა. არც სასტუმროს გაკეთება გვქონია გეგმაში. სახლი რომ გავაკეთეთ და ძალიან ლამაზი გამოვიდა, მერე ვიფიქრეთ, რატომაც არა? აბსოლუტურად ყველა კმაყოფილია. ვინც მოდის, ყველა ამბობს, აქამდე რატომ არ ვიცოდით ეს ადგილიო? ძალიან მაგარი შეგრძნებაა.

– როგორი გამოდექი ბიზნესში?

– რაც მიყვარს, იმისთვის ყოველთვის ვიხარჯები. საერთოდ, ქართველებს ძალიან გვიყვარს მასპინძლობა და ეს გრძნობა მეც მოჭარბებულად მაქვს. ამიტომ ასი პროცენტით ვიხარჯები და არც ვიღლები. პირიქით, ძალიან მსიამოვნებს. ფინანსებს რაც შეეხება, ამ საქმეს ქვისლები და ცოლები ერთობლივად ვაწარმოებთ (იცინის).

– ყველა საქმეში ჩართული ხარ? მშენებლობის დროს უამრავი რამ არის გასაკეთებელი.

– თავიდან ორგანიზაციულ საკითხებში ვიყავი ჩართული, მაგრამ მერე ყველაფერი ვისწავლე. აქამდე „საპლასკაკუპცე“ საქმე არ მქონია, მაგრამ ახლა იმდენი რამ „დავამუღამე“, რომ ჩვეულებრივად შემიძლია, სახლის რემონტი დამოუკიდებლად გავაკეთო. ნელ-ნელა ხელსაწყოების ყუთებიც ვიყიდე. ბევრი რამ კიდევ არ მაქვს, მაგრამ აგერ მყავს მამუკა და თუ რამე დამჭირდება, მას მივმართავ… იმდენად ხშირად, რომ უკვე მეუბნება, წადი იყიდე, შვილო, თავი დამანებეო (იცინის). ნელ-ნელა მეც ვაგროვებ.

– არ გეშინია ხოლმე ახალი გამოწვევების?

– ადრე უფრო მარტივად ვიღებდი ყველაფერს ჩემს თავზე. ახლა ბევრ რაღაცას აღარ მოვკიდებ ხელს. აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ დროის კარგვა იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცხოვრებამ მასწავლა, ისაა, რომ თუ საკუთარი თავისთვის კი არა, სხვისთვის მუშაობ, ნებისმიერი წუთი, დღე თუ წელი დაკარგული გაქვს. დაკარგული იმიტომ, რომ სხვისთვის მუშაობ, ის სხვა კი ცდილობს, ბოლომდე გამოგწუროს. ამიტომ დღეს ბევრ რაღაცას არ მოვითმენ. ყველაზე კარგია, ადამიანმა დროულად ისწავლოს საკუთარი თავისთვის მუშაობა. საკუთარ თავზე მუშაობა კიდევ სხვაა და ეს ბავშვობიდან საჭიროა. მთელი ცხოვრება წურბელებივით მასხდნენ ვიღაცები და სულ სხვას ვუკეთებდი რაღაცას. საბოლოო ჯამში ათი პროცენტიც არ იყო მადლობელი. სანამ გვერდით უდგახარ და საქმეს ბოლომდე მიუყვან, მანამდე ჯიგარს დაგიძახებენ, მაგრამ თუ ადამიანს სინდისი და ნამუსი გაგაჩნია, ამ სიტყვას შესაბამისი ქმედებაც უნდა მოჰყვებოდეს, თორემ მარტო „ჯიგარი ხარ“ გაიკეთე ერთ ადგილას. ამიტომ ადამიანებს იმაზე მეტი არ უნდა გაუკეთო, ვიდრე იმსახურებენ.

– ახლა რა ფუნქციას ასრულებ სასტუმროში?

– ოთხი სამოთახიანი აპარტამენტი გვაქვს და ჩვენს სასტუმროში, საშუალოდ, 15-20 ადამიანი ცხოვრობს ერთად. ოთხივე იზოლირებულია ერთმანეთისგან, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, საქმის გაკეთების კუთხით? ყოველთვის შეიძლება, რაღაც გაფუჭდეს, მაგრამ ამის გამო სტუმარი არ უნდა შეწუხდეს. ამიტომ ყველაფრის შეკეთება ვისწავლე. დაწყებული ელექტრიკოსობიდან, გაგრძელებული ურიკით ნაგვის გატანით და დამთავრებული განსაკუთრებით კონტაქტურ სტუმრებთან ერთად ეზოში დაჯდომით და ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე მსჯელობით – აბსოლუტურად ყველაფერი მევალება. სიცხეში ყვავილებს უნდა მორწყვა და ასე შემდეგ. დილიდან საღამომდე – სულ საქმე, სხვანაირად არ არსებობს.

– „პატარა გორში“ რაც მოგყავს გყოფნის იმისთვის, რომ ყიდვა აღარ დაგჭირდეს?

– არა, მაგდენი არ მაქვს. ახლა ბოლოკი შემოგვესწრო და ყველას დავურიგე. თესლები ვიყიდე, არასდროს არაფერი დამითესავს და დავტესტე. ნერგებიც დავრგე. ახლა კიტრს ასხია მაგრად, პომიდორიც მალე იქნება, მარწყვიც სულ გვაქვს. ბევრი არა, ცოტ-ცოტა, მაგრამ ბავშვებს უხარიათ დაკრეფა. მართლა ძალიან მაგარია.

ასევე იხილეთ