“მე-8 და ყველაზე რთული დღეა, ეს ჯანდაცვის უჩინარი ექიმი კი არ რეკავს…“

ტელეწამყვანის მარიკა ბაკურაძის დედა კორონავირუსით არის ინფიცირებული, მას კი, როგორც მარიკა აღნიშნავს, უკვე მეექვსე დღეა, ექიმი არ დაკავშირებია.

როგორც მარიკა წერს, გარდაცვლილთა სტატისტიკის ყურება რთულია, მაგრამ ისიც არანაკლებ რთულია, უყურო, როგორ მიდის ადამიანი ამ კონდიციამდე.

„დედაჩემის კორონა დღითი დღე მძიმდება, მე-8 და ყველაზე რთული დღეა დღეს, მე ჩემი ცოდნით, ტრადიციულად ალექსანდრე გოგინავას შეწუხებით, ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საკმაოდ რთულ პაციენტს ექიმი არ ჰყავს. ადამიანი არ არსებობს, ვინც მისი კოვიდის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს.

მოჯადოებული წრეა: თუ ჯანდაცვიდან ოჯახის ექიმი არ დარეკავს, სხვა ექიმი პაციენტს ხელს არ მოჰკიდებს. არადა, ეს ჯანდაცვის უჩინარი ექიმი არ რეკავს.

უკვე მე-6 დღეა, ჩემი ყოველი დილა იწყება 1505-ზე დარეკვით, მპასუხობენ, ვკარნახობ, ვუხსნი სიტუაციას და მეუბნებიან – მონიტორინგს გადავცემთ. ასე მონიტორინგზე გადაცემული ვართ 6 დღეა, მაგრამ რად გინდა? იმის იქით არაფერი.

1505 და 112, ორივეს ერთი პასუხი აქვს – ჩვენ მხოლოდ მედიუმი ვართ ქალბატონო და მხოლოდ გადაცემა შეგვიძლია. კი ბატონო, გავიგე, მაგრამ გადაცემა რომ არაფერს შველის?

დღეს აღარ დავრეკავ, რა აზრი აქვს, არადა, დღესაა ყველაზე მძიმე, მე-8 დღე.

ახლა ვინმე იტყვის – ჩქარა კლინიკაში გადაიყვანეო, გადაყვანა არ არის აუცილებელი, უფრო რთული პაციენტებიც არიან, არც ის ადამიანი ვარ, ვინც უაზროდ პანიკას ტეხს და 37 სიცხეზე წამლებით და ჰოსპიტლის მოთხოვნით დარბის აქეთ-იქით, მე უბრალოდ ექიმი მინდა, ვინც ყურადღებას მიაქცევს პაციენტს, დისტანციურად, ჩაიბარებს მის ისტორიას, მეტყვის რა დროს რა გავაკეთო და ხაზზე იქნება, როცა დამჭირდება.

ჰო, პსრ ტესტი, სისხლის და სხვა ანალიზები, ეს ყველაფერი კერძოდ გავუკეთე, რადგან ე.წ “მიმართვა” არავინ არასდროს დაგვიწერა. კატესაც ჩემით გადავუღებ, მაგრამ ნუთუ ყველას შეუძლია კერძო მომსახურების დაქირავება?

მესმის, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკის ყურება რთულია, მაგრამ ისიც არანაკლებ რთულია, უყურო, როგორ მიდის ადამიანი ამ კონდიციამდე.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – რა ვქნათ? დაგირეკოთ დღესაც?

ისევ მონიტორინგს გადაგვცემთ? (აცრილია „სინოფარმის“ ერთი დოზით)“- წერს მარიკა ბაკურაძე.

ასევე იხილეთ