“ქალი, რომელსაც სახლში ულამაზესი შვილის ცივი სხეული უწვენია და ხელსაც კი ვერ უშვებს…”

ახალგაზრდა ფიტნეს ინსტრუქტორი, ირაკლი მესტიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ზუსტად რამ გამოიწვია სიკვდილი, ჯერჯერობით, უცნობია.

გარდაცვლილი ახალგაზრდის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ საზოგადოება ირაკლის გარდაცვალებას რამდენიმე მიზეზს აბრალებს.

„გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი, ყველაზე მზრუნველი და საყვარელი ძამიკო (მამის ფიგურა ჩემს ცხოვრებაში) – ირაკლი მესტიაშვილი. ყველას მადლობას გიხდით გვერდში დგომისა და ყურადღებისთვის და ძალიან ვაფასებ თქვენს თითოეულ თბილ სიტყვას. მაგრამ ამ პოსტის დაწერის მთავარი მიზეზი ქართველი ბრბო გახლავთ. სოციალური მედიის მეშვეობით უამრავი ადამიანი ცდილობს ჩემი ძმის გარდაცვალება გამოიყენოს თავისთვის და გაავრცელოს საკუთარი სამარცხვინო აზრები. ანტივაქსერი საზოგადოება (თუ შეიძლება საერთოდ მათზე ასე საუბარი) გაუჩერებლად აწკაპუნებს კლავიატურაზე, რათა ჩვენი ცხოვრების ეს უმძიმესი ტრაგედია დაუკავშიროს ვაქცინას და განაგრძოს ეს სამარცხვინო პროპაგანდა. აქვე არის ბრბოს კიდევ ერთი ნაწილი ვინც ირაკლიზე წერს რომ იყო ნაბახუსევი ან თუნდაც არაფხიზელ მდგომარეობაში. ირაკლი ჩემზე და ნებისმიერი ოჯახის წევრზე ბევრად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს! ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ამ კომენტარების არსებობა დედაჩვენის ყურებამდე მივიდა. ქალი რომელსაც სახლში ულამაზესი შვილის ცივი სხეული უწვენია და ხელსაც კი ვერ უშვებს ახლა იმაზეც დარდობს რომ მის საამაყო შვილს ამ უმძიმეს დღეებში ვიღაც უცხო ადამიანები სახელს უტეხავენ!
მოგმართავთ თხოვნით რომ პატივი სცეთ ირაკლის ოჯახსა და მეგობრებს და თუ კეთილი სიტყვის თქმა არ შეგიძლიათ, უბრალოდ არაფერი დაწეროთ. აიცერით, მეგობრებო და რაც მთავარია თავებს გაუფრთხილდით. რამე თუ შეგაწუხებთ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და უბრალოდ ერთ კორსიზს ან პარაცეტამოლს არ დაეყრდნოთ, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები და გამოიყენეთ ამ ცხოვრების თითოეული წუთი. ჩემი ირაკლი, ჩემი JEDI იყო გამორჩეული ადამიანი და ეს ყველამ იცოდა. სულ ვამბობდით რომ სამ შვილში ყველაზე საყვარელი ეგ იყო და ყოველ წამს მამობას გვიწევდა. დაახლოებით 13 წლის იყო მშენებლობაზე რომ დაიწყო მუშაობა და ჩემი და ზუტას განვითარებას მიჰყო ხელი და არასდროს გაჩერებულა. ჩემ პატარა სანდროს ისეთი მამობა გაუწია როგორ ჩავანაცვლებთ მის ცხოვრებაში თავის ძმაკაც მამიკოს და მათ სიყვარულს ჯერ არ ვიცით. ერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცით არის ის რომ ბრწყინვალე ბიჭუნა ირაკლი სულ ჩვენს გვერდით იქნება და არასდროს მიგვატოვებს, როგორც ყოველთვის… პატივი ეცით ჩვენს ვარსკვლავ ბიჭს და ძალიან გთხოვთ, უფრო ნუ უმწარებთ ოჯახს ამ დღეებს. მადლობა”, – წერს მარიამ მესტიაშვილი.

ასევე იხილეთ