თეა დარჩიას უჩივლეს – ვის უწოდა მოცეკვავემ „დეფექტიანი“ და რატომ დაუპირისპირდნენ მას

მოცეკვავე, თეა დარჩიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ბავშვების მისამართით ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

სწორედ ამ განცხადებებს გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი, ესმა გუმერიძე.

„2021 წლის 15 ივნისს გადაცემა „იმედის ფაქტორში“ წამყვან მაგდა ანიკაშვილთან სტუმარმა თეა დარჩიამ თქვა შემდეგი:

„მე არ უარვყოფ, რომ შესაძლებელია რომელიმე პედაგოგი, ძიძა ან აღმზრდელი ამეტებს თავის შესაძლებლობებს, უფლებებს… ადამიანები ვართ. ის კი არა, დედა ვარ და ჩემი შვილი ხანდახან ისე მამწარებს, რით გავეკიდო, არ ვიცი ხოლმე …

ვიცით, რომ კონფლიქტი სისხლს და ხორცს შორის ხდება, მით უმეტეს ამხელა დაწესებულებაში, ამდენი ბავშვით, ბავშვებით, რომელიც დედის მუცელშივე უარყოფილები არიან, ისინი უკვე ტრამვირებულები ჩნდებიან. ზოგი სუროგატი დედის ბავშვია, რომელიც გაჩნდა სხვადასხვა დეფექტით ….”

წამყვანს აღნიშნულ განცხადებებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. თეა დარჩიას ეს გამოსვლა უამრავ დისკრიმინაციულ, შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გამოთქმას შეიცავს: ბავშვების მიმართ ძალადობის წახალისება, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

გავასაჩივრე ეს განცხადებები ილიას უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის დახმარებითა და გვერდში დგომით ტელეკომპანია „იმედის“ თვითრეგულირების ორგანოში. განხილვა 4 აგვისტოს შედგა. მცნეს დაინტერესებულ მხარედ, როგორც შშმ პირი.

შშმ კუთხით ეს ტექსტი რამდენიმე მიზეზით იყო პრობლემური და სტერეოტიპების გამღვივებელი:

1. დიაგნოზის მქონე ბავშვთა მიმართ გამოყენებული იყო ტერმინი „დეფექტური“. ეს ტერმინი მიესადაგება საგანს, ანუ მოხდა შშმ ბავშვთა, ანუ ადამიანთა, გასაგნება, განივთება, დეჰუმანიზაცია, რომ ადამიანები არიან „დეფექტიანები“.

2. რომ სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვები, როგორც წესი, არიან, „დეფექტიანები“.

3. რომ შშმ ბავშვთა მიმართ ძალადობა უფრო გასაგებია, რადგან ისინი „მუცელშივე არიან უარყოფილები“, „სუროგატი დედების მიერ გაჩენილები“ და „დეფექტიანები დაბადებიდან“.

შიდა რეგულირების ორგანომ დაადგინა დარღვევა. ამასთან დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, დღის იმავე მონაკვეთში (მაღალყურებად და რეიტინგულ დროს) დროის იგივე ხანგრძლივობით, რაც ამ დისკრიმინაციის ლაპარაკს დასჭირდა, გამოაქვეყნონ ამ სტერეოტიპების მთესველი მონოლოგის გამაბათილებელი განცხადება და განმარტება.

• თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების იმედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ ბმულსაც გავაზიარებ. ახლა კი გეტყვით, რომ გადაწყვეტილებაში, სხვათა შორის, წერია, რომ თეა დარჩიამ აღზრდის მკაცრი მეთოდის (ფიზიკური ძალადობის) გამოყენება ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებობით გაამართლა…

წინამდებარე საჩივრის ფარგლებში განხილული სტუმრის მიერ გაკეთებული განცხადებების ტირაჟირება წარმოადგენს შეურაცხყოფას შშმ პირთა მიმართ, ასევე წარმოადგენს საფრთხეს მათ მიმართ არატოლერანტობის (შეუწყნარებლობის) გაღვივების კუთხით.

• მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლი 49. (მაუწყებლის მიერ დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)) თანახმად “მაუწყებლმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაულის ჩადენა ან გამოიწვიოს ანტისოციალური ქმედება, ან რომელიც ამართლებს ან იწონებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას.

• “სარეზოლუციო ნაწილი

საბჭომ იხელმძღვანელა “მაუწყებელთა ქცევის კოდექსითა” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესებით და დაადგინა: ესმა გუმბერიძის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

• დადგენილად ჩაითვალოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31 – ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.

• დადგენილად ჩაითვალოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 49 – ე მუხლის პირველი ნაწილი, 55 – ე მუხლის მეორე ნაწილი და 56 – ე მუხლის პირველი და მე – 7 ნაწილები.

• მაუწყებელს დაევალოს თანაბარ დროს თანაზომადი საშუალებით შესაბამისი რეაგირების მოხდენა, კერძოდ მაუწყებელს დაევალოს საბჭოს მიერ ხსენებული ნორმების დარღვევის დადგენის შესახებ განცხადების გავრცელება.

• მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია იმედის შიდა რეგულირების ორგანოს წევრებს გამოჩენილი გულისხმიერებისათვის შშმ პირთა უფლებების მიმართულებით, მათი ინტერესისა და მოტივაციისთვის, ჩასწვდომოდნენ თეა დარჩიას განცხადების არსს. იმედი მაქვს, ეს საქმე სხვა მედიასაშუალებებისთვისაც პრეცედენტული იქნება და საგულისხმო.

არავინ იფიქროს, რომ შშმ პირთა მიმართ სტერეოტიპების გამღვივებელი განცხადებები მხოლოდ ტელე იმედის ეთერიდან ისმის. სხვა უამრავი შემთხვევაც ვიცი და ყველას ვერ გამოვეკიდეთ. ასევე მიხარია, ეს საქმე სხვანაირად თუ დააფიქრებს მედიასაშუალებებსა და მედიარეგულირების სამსახურთა წარმომადგენლებს შშმ პირთა უფლებებზე და ახალ რამეს ასწავლით.

მესმის, რომ შშმ პირთა უფლებების კუთხით საჩივრები იშვიათად შემოდის, ამიტომ ამ საკითხებისადმი მგრძნობელობაც ნაკლებია ყველგან ანუ მარეგულირებლები სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ, სადმე შშმ პირთა უფლებები თუ ირღვევა მედიასაშუალებების მიერ. რაც მთავარია,ველოდებით გამაბათილებელ განცხადებას იმედის ეთერში.

#ბრძოლასაქვსაზრი”, – წერს გუმბერიძე.

ასევე იხილეთ