“თურმე ადამიანებს თავისი ცხოვრება არ გააჩნდათ და ჩემი პირადით იყვნენ დაინტერესებული”

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ის ადამიანია, რომელსაც მოუწესრიგებელს ვერასოდეს ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი შვილის დედაა და საქმეებით მუდამ დაკავებული, თავის მოვლისთვის დრო მუდამ რჩება და როგორც თავად ამბობს, ღამითაც კი გადაპრანჭულს სძინავს. მას ცხოვრებამ არაერთხელ დაუგო მახე, რთული გამოცდების წინაშე დააყენა, თუმცა, მასში პოზიტიური განწყობა და დადებითი მუხტი ვერ ჩაკლა, ვერ გააბოროტა და ვერც მომავლის იმედი დაუკარგა.

ცისანა სეფიაშვილი: წელიწადის ყველა დრო – ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი თუ გაზაფხული, თავისებურად მიყვარს. თუმცა, ზაფხულის მოსვლას განსაკუთრებულად ველი, რადგან მას სხვა ხიბლი აქვს. მიყვარს რუჯი, დასვენება და შესაბამისად, ვცდილობ, თავი ამ მხრივ გავინებივრო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო წელს, ზაფხულში სრულფასოვანი დასვენება ვერ მოვახერხე, ჩემს ეზოში ვირუჯებოდი. გული მწყდება, რომ ზაფხული მიილია, მაგრამ შემოდგომას ახალი ემოციები და განწყობა მოაქვს.

– თქვი, რუჯი მიყვარსო. გარუჯულ კანს თავისებური და სათანადო მოვლა სჭირდება. და, ზოგადად, წლების მატებასთან ერთად, შეიტანე ცვლილებები თავის მოვლის პროცედურებში?

– რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ, თავის მოვლის კუთხით-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, მიყვარს თავის მოწესრიგება, მინდა, სულ ფორმაში ვიყო. ბუნებით პრანჭიკელა ვარ და ჩემი დილა თავის მოწესრიგებით იწყება. ზოგადად, არ მიყვარს ძილი, ასე მგონია, ძილში დროს ვკარგავ და ღამითაც კი გადაპრანჭულს მძინავს (იცინის). სახლში ისეთი გამოპრანჭული დავდივარ, მეგობრები მეხუმრებიან: ასე გვგონია, სულ სადღაც გარბიხარ და სულ გეჩქარებაო (იცინის). ამას წინათ წითელი პომადა შევიძინე და საღამოს წავისვი, რომ მენახა, რა ფერზე „დაჯდებოდა“ ტუჩზე. ქიმიური შემადგენლობის ყოფილა და დილით, გაპრანჭულმა გავიღვიძე (იცინის). რაც შეეხება წლების მატებასთან ერთად თავის მოვლის პროცედურებში ცვლილებებს – არანაირი. კიდევ ვამბობ, ვცდილობ, სულ მოწესრიგებული, გაპრანჭული და გალამაზებული ვიყო, სახლშიც კი. მიმაჩნია, რომ ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს, ჰქონდეს საყვარელი საქმე და ხალისიანი განწყობა. ზოგადად, შინაგანი განწყობა და დადებითი მუხტი გარეგნობაზე აისახება. ამიტომ ვცდილობ, ნეგატიურ სიტუაციას თუ ადამიანებს მოვერიდო და დადებითი განწყობა შევინარჩუნო. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ მიკვირს – არ ვიცი, როგორ ვახერხებ, მაგრამ ყველაფერს ვასწრებ – თავის მოვლასაც, მეგობრებთან კონტაქტს, შვილებისა და მშობლებისთვის ყურადღების მიქცევას და საქმეების კეთებას. ყველა ქალს ვურჩევ, პირადი სივრცე არ დაკარგოს და მაქსიმალური გააკეთოს ამისთვის, მიუხედავად ბევრი საფიქრალისა და საქმისა, ლამაზად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს. უნდა ახსოვდეს, რომ პირველ რიგში, ქალია და ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. მოუვლელი, დაქანცული და ცუდ ხასიათზე მყოფი, არც შვილებს სჭირდები და არც არავის. არავინ თქვას, რომ ვერ ახერხებს, იყოს მოწესრიგებული, რადგან ბევრი შვილი ჰყავს, სამსახური, სახლის საქმეები და ამისთვის დრო აღარ რჩება. უბრალოდ, ასეთ ქალს არ უნდა, კარგად გამოიყურებოდეს. არ ვგულისხმობ ძვირად ღირებულ კოსმეტიკასა თუ მოვლის პროცედურებს, ქალი მაშინაც ფორმაშია, როცა ელემენტარული მაკიაჟი აქვს, თმა – მოვლილი და გემოვნებით აცვია. ხშირად მეკითხებიან, მუდამ ასე ახალგაზრდულად როგორ გამოიყურებიო. პასუხი მარტივია: სულ მოძრაობაში ვარ და ესეც მშველის, რომ წონაში არ ვიმატებ.

– წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამის გადაფასება ხდება, თუნდაც ადამიანების…

– დიახ, ასეა და არც მე ვარ გამონაკლისი. წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამის გადაფასებას ადამიანების მიმართ განწყობის შეცვლა და მათი „გაცხრილვა“ მოჰყვა. ეს, ბუნებრივი პროცესია. ბევრჯერ მეტკინა, მეწყინა და რთული რეალობა გამოვიარე, მაინც არ გავბოროტდი, გულში წყენა არ ჩავიდე. ბოღმა, შური და სხვის ცხოვრებაზე „ჭორაობა“ ადამიანს აბერებს. მე კი მსგავსი არაფერი მახასიათებს და უკვე ვიცი, როგორი ვიქნები, როცა დავბერდები (იცინის). ამიტომ, წლების მატების არ მეშინია. არასოდეს მისაუბრია სხვის პირადზე, არ განმიხილავს სხვისი ბედ-იღბალი. ყველა ისე აწყობს თავის პირადს, როგორც უნდა. მთავარია, მე ისე გავიარე ჩემი ცხოვრების გზა, ჩემი შვილები თავაწეულები ივლიან. ძალიან ცუდია, ორი ოჯახი რომ დამენგრა, მაგრამ ესეც ცხოვრება და გამოცდილებაა. გამოცდილება იმიტომ ვახსენე, რომ სწორედ, იმ მტკივნეულ მომენტში აღმოჩნდა, რომ თურმე, ადამიანებს თავისი პირადი ცხოვრება არ გააჩნდათ და ჩემი პირადით იყვნენ დაინტერესებული. გადახედონ ჩემს ცხოვრებას, როგორ ვიწვალე, როგორ მიყვარდა, რა რთული პერიოდები გამოვიარე, როგორ განვიცდი, მერე თავის ცხოვრებას გადახედონ და ისე განმსაჯონ. მე მათ სხვას ვერაფერს ვეტყვი.

– რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის გვერდით საყვარელი მამაკაცი და თუ არის შენს პირად ცხოვრებაში სიახლე?

– ჩემს პირად ცხოვრებაში არ არის სიახლე, თუმცა, რასაკვირველია, საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუნდაც იმიტომ მინდა, გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდეს, რომ თავი დავადო მხარზე, უსიტყვოდ გამიგოს და მითხრას: ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. მძიმე გადასატანია, როცა ოჯახი გენგრევა, გენგრევა ოცნებები, დილით იღვიძებ და ხვდები, ისეთ რეალობაში გაიღვიძე და აღმოჩნდი, სადაც მარტო ხარ. მაგრამ, არასოდეს დამიკარგავს იმედი, რომ საყვარელი მამაკაცი აუცილებლად გამოჩნდება, თავს დავადებ მხარზე, დავეყრდნობი, ჩემს ზურგს უკან კედელივით აღიმართება და უსიტყვოდ დამიცავს. სულ ვამბობ: იმისთვის, რომ მშვიდად ვიყო, იმედიანად და თვალებიც მიბრწყინავდეს, საყვარელი მამაკაცი ჩემ გვერდით აუცილებელია. საოცარი შვილები მყავს, უძვირფასესი მშობლები, ვარ წარმატებული ქალი, თუმცა, ცხოვრება პირადი განცდებისა და სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ, ვაღიარებ – ჩემთვის სიყვარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ბედნიერი ვიქნები და წინ ბევრი კარგი მელის.

ასევე იხილეთ