“დედამთილი ღუდუშაურის კლინიკაში მივიყვანე და უკან არ მატანდნენ, 240 ლარი გაქვს გადასახდელიო“

ჟურნალისტი, ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დედამთილი ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანა, თუმცა თანხის გადაუხდელობის გამო უკან აღარ უშვებდნენ.

„დღეს, რის ვაი-ვაგლახით მივედი ღუდუშაურის კლინიკაში, დედამთილი წამექცა და ძლიერი ტკივილებით მივიყვანე, გადაუღეს რენტგენი, მხრის მოტეხილობა დაუდგინეს და შემოგვთავაზეს ოპერაცია, ვინაიდან დედამთილი ასაკოვანია, თან დიაბეტიანი, ჰიპერტონიკი, სხვა თანმხლები დაავადებებიც, უარი ვთქვი ოპერაციაზე, იქვე ფიქსატორი შევუძინე და კარებში გოგონამ ფურცელი ამიფრიალა – სად მიდიხართ, 240 ლარი გაქვთ გადასახდელიო.

– ეს ხომ გადაუდებელი შემთხვევაა, თან პენსიონერი?

– დიახ, მაგრამ სახელმწიფო დაგიფინანსებდათ იმ შემთხვევაში, თუკი ოპერაციას გაიკეთებდითო, – მიპასუხეს.

– ეს სახელმწიფო, გაცილებით დიდი ხარჯისგან გავათავისუფლე, ახლა წამლები უნდა ვუყიდო და სახლში მე უნდა მოვუარო-თქო.

– ჩვენ გაგაფრთხილეთ და ახლა თუ არ გადაიხდით, პატრულს დავუძახებთო – რა საყვარელია, პატრული რომ მოვიდოდა და ალბათ, გამბაწრავდა ან ქონებას დამიყადაღებდა – თუ არა და დირექტორ ქალბატონ ყაზაიშვილთან წამოდითო. წავედით ყაზაიშვილთან ვიარე კიბეებზე, სართულებზე, შევიდა ჩემი „დამტუსაღებელი“ გოგო, რამდენიმე წუთი ითათბირეს და მერე დამიძახეს ყურის ასაწევად, უნდა გადაიხადოთ, მითხრა საპატივსაცემოდ ასაკოვანმა ყაზაიშვილმა და იმანაც პატრულით „შემაშინა“.

შეშინების რა მოგახსენოთ, მაგრამ გამახსენდა, მიმღების კარებთან „კალიასკაში“ მელოდება ტკივილებით შეწუხებული დედამთილი, სახლში კი – ასევე ორი მოხუცი დედ-მამა და ვეუბნები:

– დროზე გამიშვით, პირადობას დაგიტოვებთ-თქო.

– ხელწერილზე ხელი უნდა მოაწეროთო და იურისტთან წავედით იმის შესათანხმებლად, რომ პატრულს აღარ გამოიძახებდნენ, თუკი გადახდის რაიმე ფორმაზე შევთანხმდებოდით.

მოკლედ, კლინიკა ხელს შეგვიწყობს და ყოველთვიურად პენსიიდან გადავიხდით ნაწილ-ნაწილ.

„მადლობა“ ღუდუშაურის კლინიკას, მადლობა სამშობლოს ჯანდაცვის სამინისტროს მადლობის მეტი რა უნდა ვთქვა, ახლა მხოლოდ 240 ლარზე რომ არ ვლაპარაკობ, კი მიხვდებით“,- წერს ჟურნალისტი.

ასევე იხილეთ