“მაპატიე, მომავლის ბიჭო, რომ ასე დამაგვიანდა… ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას“

ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელიას მკვლელობა შესაძლოა, მისი მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ეხმაურება.

„მეორე დღეა ადგილს ვერ ვპოულობ.

არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა რაც ამ ბიჭის მკვლელობაა.

მე კი ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან… უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ ვისწავლი, რომ არასდროს გადავდო მიცემული პირობის შესრულება.

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა და მთხოვა მისი პლატფორმის მომხმარებელი გავმხდარიყავი და იქ მეწერა, ფბთან ერთად, ან თუნდაც ფბ-ის ნაცვლად.

შემომთავაზა დიდი აუდიტორიისთვის კოვიდთან დაკავშირებულ კითხვებზეც მეპასუხა იმავე პლატფორმიდან. ვერ ვინელებ, რომ ინტერივიუზე, დროის სიმცირის გამო, ვუთხარი უარი. მოვუბოდიშე, სოციალურ ქსელში აქტიურობას ისედაც ვერ ვახერხებ ჩემი გრაფიკის გამო და ორი პლატფორმიდან წერა გამირთულდება-თქო. ანგარიში შევქმენით, მაგრამ მასთან აქტიურობა ვეღარ მოვასწარი.

ფბ-მა მთლიანად შთანთქა ჩემი თავისუფალი დრო.

ვერ ვინელებ, რომ სათანადოდ ვერ დავაფასე მისი მონდომება, ქართული, სრულიად განსხვავებული და საინტერესო პლატფორმა განევითარებინა უმოკლეს დროში.

ჩემ სინანულს უკვე აზრი აღარ აქვს. დამაგვიანდა…

ვეცდები მისი თხოვნა დაგვიანებით მაინც შევასრულო.

ესეც ჩემი ანგარიში Feedc-ზე. უახლოეს დღეებში ავითვისებ Feedc-ის წესებს და აუცილებლად დავწერ მისთვის.

მაპატიე, მომავლის ბიჭო, რომ ასე დამაგვიანდა.

ვერ ვისარგებლე შენთან ურთიერთობის შესაძლებლობით.

ალბათ რამდენს ვისწავლიდი შენგან“,- წერს გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ