“მილიონერი პატარძალი, რომელიც საკუთარ ქორწილში კოვიდით დაინფიცირდა, კომიდან გამოუსვლელად გარდაიცვალა“

42 წლის მილიონერი პატარძალი საკუთარ ქორწილში კორონავირუსით დაინფიცირდა. მშობლებთან ერთად ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა.
ეს ქალბატონი, ტატიანა კლაუდია დევისი, წარმოშობით რუსი გახლდათ, რომელიც კანადაში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას. მილიონერი ქალბატონი რუს მომღერალზე, პროხორ შალიაპინზე ქორწინდებოდა, რომელიც 2 წლის წინ საკუთარ იახტაზე სასიმღეროდ მიიწვია და იქ გაიცნო.
აქამდე შალიაპინის რომანები ან განქორწინებით სრულდებოდა ან სკანდალებითა და დნმ-ის ანალიზებით. დევისთან ურთიერთობა კი თითქმის 2 წელიწადს გაგრძელდა და თან უხმაუროდ. ამიტომ მისმა თაყვანისმცემლებმა ჩათვალეს, რომ მექალთანე პროხორმა, როგორც იქნა, ნამდვილი სიყვარული იპოვა. სამწუხაროდ, ეს იდილია ცუდად დასრულდა.
მომღერლისთვის ის მესამე ცოლი იქნებოდა, ტატიანამ კი, რომელიც იურისტი გახლდათ და გაყრის პროცესებში დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, საქორწინო კაბაზე ადრე საქორწინო კონტრაქტი მოამზადა. დოკუმენტი 150-გვერდიანი. არა, განა პარტნიორს არ ენდობოდა, უბრალოდ, ვარაუდობდა, რომ მუდმივად საგასტროლოდ მყოფი შალიაპინი ყოველთვის მიიზიდავდა ავანტიურისტ ქალებს, ტანიას კი არ სურდა თავისი ქონება მის ქმარზე მონადირე ქალების ხელში ჩავარდნილიყო.

წყვილმა ქორწილი ლას-ვეგასში გადაიხადა, რომელიც 15 მილიონი რუბლი დაუჯდათ. ქორწილის შემდეგ კი თაფლობის თვის გატარებას მექსიკაში მდებარე ტანიას მამულში აპირებდნენ, თუმცა ავადმყოფობამ ყველაფერი შეცვალა. პატარძალმა ქორწილამდე ვაქცინაცია ვერ მოასწრო, პროხორი კი უკვე ორჯერ ვაქცინირებული გახლდათ და მას ვირუსი საერთოდ არ გადასდებია.
დევისი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში დააწვინეს. მდგომარეობის დამძიმების გამო
ექიმებმა მისი მედიკამენტოზურ კომაში გადაყვანის და აპარატზე შეერთების გადაწყვეტილება მიიღეს. სანამ ტანია კომაში იყო, პროხორი რუსეთში დაბრუნდა.
„დიახ, ჩამოვედი, რადგან 2 კლიპი მაქვს დასამთავრებელი. ჩემს ამერიკაში გაჩერებას აზრიც არ ჰქონდა, კლინიკაში არ მიშვებდნენ, ცოლის მდგომარეობას ისედაც ყოველდღიურად მატყობინებენ. როგორც კი ოდნავი ცვლილება იქნება, ისევ გავფრინდები. მჯერა, რომ კარგად იქნება, ყველა ასტროლოგმა მითხრა, გადაიტანსო“ – აცხადებდა შალიაპინი.
სამწუხაროდ, ასტროლოგები შეცდნენ, სასწაული არ მოხდა და ტანია გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
„მშვიდობით, ტანიუშა, არ დაგივიწყებ და ყოველთვის მეყვარები“ – წერდა მომღერალი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ