“ფრენა მინდოდა და ხან საიდან ჩამოვვარდი და ხან საიდან, სულ დაჩეხილი ვიყავი”

მომღერალი თათა გიორგობიანი ახლახან საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მართალია, საშინელი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ საავადმყოფომდე თავის ფეხით მივიდა, დროულად მოხდა რეაგირება და ექიმებმა სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. არასოდეს რეაგირებს ჭორებზე, რადგან ფიქრობს, რომ სტრესი და ნერვიულობა ადამიანს ნაადრევად აბერებს, ხოლო იმას, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურება, გენეტიკის დამსახურებად მიიჩნევს.

თათა გიორგობიანი: ამბობენ, მარტში დაბადებულ ადამიანებზე უფრო მეტად მოქმედებს ამინდის ცვლილებაო. ეს ზუსტად ჩემზეა ნათქვამი, რადგან მარტში ვარ დაბადებული და ამინდის ცვლილება ჩემს განწყობაზე ძალიან აისახება. თუმცა, ვცდილობ, ყოველთვის პოზიტიურად ვიყო განწყობილი. სხვათა შორის, იშვიათობაა, მაგრამ შემოდგომა და ზამთარი ბევრად უფრო მიყვარს, ვიდრე გაზაფხული და ზაფხული. ეტყობა, უფრო მთის გოგო რომ ვარ, წარმოშობით რაჭველი, გენეტიკა და სისხლი თავისას შვება (იცინის). ზაფხული იმის გამო მხიბლავს, რომ ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ხალხთან შეხვედრები, გვაქვს ბევრი კონცერტი. წელსაც, კარგად დავიწყეთ, „ღამის შოუს ბენდმა“, გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით, მოვასწარით კონცერტები. თუმცა, სამწუხაროდ, რეგულაციების გამო შეჩერება მოგვიწია. კონცერტის დროს იმდენი სითბო და ენერგია მოდის ადამიანებისგან, ამას სიტყვებით, უბრალოდ, ვერ გადმოვცემ. წარმოიდგინეთ, ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად იციან და ჩვენთან ერთად მღერიან. დადებითი ენერგიით მავსებენ და უდიდეს სტიმულს მაძლევენ. შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში გვქონდა კონცერტი, ღია ცის ქვეშ. სცენაზე რომ უნდა ავსულიყავით, სასწაული წვიმა წამოვიდა. რასაკვირველია, კონცერტი უნდა გადადებულიყო და გელამ სცენიდან გამოაცხადა: ვეღარ შევძლებთ გამოსვლას, სხვა დროს გელოდებითო. უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა… ხალხმა: არა, გავერთოთო და არ იშლებოდნენ. მე და ბაბი ავვარდით სცენაზე და წვიმაში ფეხშიშველებმა ვიმღერეთ. უკან რომ მოვიხედეთ, ინსტრუმენტებთან იდგენენ დამხმარე ბიჭები და პოლიეთილენის ცელოფნებს აფარებდნენ. ისეთი სიყვარული და სითბო მოდიოდა მაყურებლისგან, არ შეგვეძლო, მათი თხოვნა არ შეგვესრულებინა.

– ახლახან, საავადმყოფოში მოხვდი და გადაუდებელი ოპერაცია ჩაგიტარდა. იქნებ ამაზეც მომიყვე, როგორ აღმოჩნდი საოპერაციო მაგიდაზე?

– არასდროს რომ არ შევუწუხებივარ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემას, გზაში კინაღამ მოვკვდი. 11 სექტემბერს დაქალთან მივდიოდი და ტაქსიში დამეწყო საშინელი ტკივილი, კუჭი მეგონა. მძღოლს ვთხოვე აფთიაქში მიყვანა. ვიყიდე წამალი და რომ არ გამიყუჩა, მივხვდი, გადაცემითი ტკივილი იყო. მოკლედ. ბრმა ნაწლავის ბრალი ყოფილა, დაწყებული იყო პერიტონიტი და სასწრაფოდ მომიწია საავადმყოფოში მისვლა და ლაპაროსკოპიული ოპერაციის გაკეთება. ასე რომ, ჩემი ფეხით, მოკრუნჩხული, საშინელი ტკივილებით მივედი საავადმყოფოში და დროული რეაქციის შედეგად, სიკვდილს გადავრჩი. არადა, დიდი რისკი იყო სისხლის მოწამვლა დაწყებულიყო. ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებმა, ფაქტობრივად, სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან. მადლობა ღმერთს, ახლა კარგად ვარ, თუმცა, ცეკვა მინდა და არ შეიძლება (იცინის). ექიმებმა გამაფრთხილეს, ცეკვა-თამაში ექვსი თვე გეკრძალებაო, თუმცა ოპერაციიდან მეოთხე დღეს ჩაწერაზე მივედი. სხვათა შორის, არასოდეს არაფერს შევუწუხებივარ, ჯანსაღი ცხოვრების წესი მაქვს, ძილიც მოვიწესრიგე და სულ ვცდილობ, სწორად ვიკვებო. თუმცა, ალბათ, აქაც გენეტიკამ გამოყო თავი – მამას ჰქონდა ბრმა ნაწლავის პრობლემა და მასაც ოპერაცია დასჭირდა.

– თუმცა, აღიარე, ყველაფერთან ერთად, ახალგაზრდული გენიც დაგყვა. ხომ ასეა?

– ნამდვილად ასეა. გენეტიკურად გადმომყვა ის, რომ სულ მეუბნებიან: უი, 17 ან 20 წლის გვეგონეო. არადა, 28 წლის ვარ (იცინის). ასე რომ, ვხუმრობ, გენეტიკურად ქრონიკულად პატარა ვარ-მეთქი. ქალისთვის ძალიან დიდი საჩუქარი და კომფორტია, როცა სამყარო ასეთ გენს გჩუქნის და შენში ახალგაზრდულ კოდს დებს. თუმცა, რაც შეეხება ახალგაზრდული იერის დიდხანს შენარჩუნებას, ძალიან მნიშვნელოვანია, სტრესსა და ნერვიულობას აარიდო თავი. სტრესი და ნერვიულობა აბერებს კანს, უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ზოგადად, ჯანმრთელობაზე. სირთულეები ყველას გვხვდება ცხოვრებაში, მაგრამ ესეც მშობლებისგან ვისწავლე და დამყვა, რომ ყველაფერს იუმორით უნდა შეხედო და მსუბუქად. სანამ ცოცხალი ხარ, ყველაფრის შეცვლა შეგიძლია. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, სისულელეებზე არ ვინერვიულო, იმაზე, რასაც სხვა გოგონები განიცდიან.

– შენი აზრით, რა არის ასეთი, რის გამოც ნერვიულობა არ ღირს?

– მაგალითად, ჭორები და ბოროტი მზერა, როცა ატყობ, ადამიანი შენ მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი. მე ვისწავლე ბოროტი მზერისა და ჭორების „დაბლოკვა“. ადამიანს არ უნდა მოსთხოვო იმაზე მეტი, რაც არ შეუძლია. როცა სხვას ამცირებს და მეტი შეგნება არ აქვს, რა უნდა უთხრა? ის, მე ვერაფერს დამაკლებს, ასეთი ვიქნები სულ და არ შევიცვლები.

– არ გსმენია შენს თავზე ისეთი ჭორი, რამაც გული გატკინა და ინერვიულე?

– მართლა არ მიმაქვს გულთან ჭორები. ადრე, ოდნავ წონაში ვიყავი მომატებული და ეგრევე გავარდა ჭორი: ვაიმე, თათა ორსულად არისო (იცინის). ამ ჭორზე როგორ უნდა მენერვიულა? გელა გნოლიძეს სწერდნენ: თათა ორსულადააო? მართლა მეცინებოდა ამაზე. ახლა, ოპერაციის მერე ისე გავხდი, ველოდები როდის გავიგებ ჩემზე ჭორს, რომ ანორექსია მჭირს (იცინის). ვიღაც რაღაცას ნამდვილად იტყვის, და ბუნებრივიცაა, აინტერესებთ, მაგრამ არ მიყვარს ჩემს პირადზე საუბარი. ამიტომ, თუნდაც ჭორი და ტყუილი ითქვას, ყველაფერს ვუყურებ მსუბუქად და იუმორით. ასე რომ, ჭორების მოსასმენად ყოველთვის მზად ვარ, ილაპარაკებენ და მერე გაჩუმდებიან. უსაფუძვლო ჭორი, ხომ იცით, დიდხანს ვერ იქნება განხილვის საგანი, მალევე ქრება.

– რამდენი კილოგრამი დაიკელი?

– ალბათ, 3-4 კილო და შესამჩნევად მეტყობა. ახლა, იმ ფორმაში ვარ, სარკეში ჩახედვა რომ მიხარია, თუმცა, მომატებულიც არ ვიყავი. დიეტა არასოდეს დამიცავს. რომ შემემჩნია, ჩემი გარეგნობა ჩემს გემოვნებას სცილდება, რაღაცას მოვიმოქმედებდი, მაგრამ არ დამჭირვებია. თუ ბევრი საკვების მიღება მომიწევს, განტვირთვის დღეებს ვიწყობ, მსუბუქად ვიკვებები მცენარეული საკვებით. ასევე, ვსვამ ბევრ წყალს და ბევრს დავდივარ ფეხით. კიდევ ვამბობ, სარკესთან რომ ვდგავარ, ჩემი თავი მომწონს, ამიტომ, თილისმასავით, ჩანთით სულ დამაქვს პატარა სარკე და ხშირად ვიხედები. სარკის გარეშე არსად დავდივარ, აუცილებლად უნდა მედოს ჩანთაში. ბავშვობაში არ მიყვარდა გაპრანჭვა, კოსმონავტობა, ფრენა მინდოდა და ბიჭივით ხიდან ხეზე დავქროდი. ამიტომ ხან საიდან ჩამოვვარდი და ხან – საიდან, სულ დაჩეხილი ვიყავი (იცინის). გამოძიებასაც ვაწარმოებდი, ვამბობდი, შერლოკ ჰოლმსი ვარ-მეთქი (იცინის). კაბის ნაგლეჯი ვიპოვე, შევკრიბე ბავშვები და ვუთხარი: აქ ვიღაც ქალი მოკლეს და მკვლელობა უნდა გამოვიძიოთ-მეთქი. ასე რომ, გამოძიებებსაც ვაწარმოებდი და კოსმოსშიც დავფრინავდი. საკუთარ ფანტაზიებში მარტოც მშვენივრად ვირთობდი თავს. ასე რომ, პრანჭიაობა და გოგოშკობა მას შემდეგ დავიწყე, რაც ეკრანზე გამოვჩნდი და გავაანალიზე, რომ მდედრობითი სქესის ვარ. მანამდე კი ჩვეულებრივი „ჯუნგლი“ ვიყავი და ეს ყველაფერი გვიან მოხდა (იცინის). თუმცა, ფანტაზია ახლაც მშველის, რომ რეალურ ცხოვრებას ცოტა ხნით გავექცე.

– როგორია შენი ცხოვრება წარმოსახვაში და რეალურად?

– ჩემი ცხოვრება წარმოსახვაში არის უფრო ბრჭყვიალა, ფერადი და ყველა ადამიანი ბედნიერია. რაც შეეხება რეალობას, ზოგადად, ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვცდილობ, ჩემი რეალობა, მიემსგავსოს ჩემს წარმოსახვას, ჩემ ირგვლივ ფერადი სამყარო იყოს და ყველა ადამიანი – ბედნიერი.

ასევე იხილეთ