“იმ ბავშვებზე მეფიქრება, შეშინებულები დედას ეძახიან, მაგრამ დედა არ აგონებს მათ”

ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც ამ დროის მონაცემებით 9 ადამიანის, მათ შორის 3 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბლოგერი ნიკა ჯიაძე ეხმიანება.

მისი თქმით, მას ყველაზე მეტად უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვები ეცოდებიან. ის წერს, რომ „ადამიანებმა გადაწყვეტილება ისე არ უნდა მიიღონ, თითქოს მხოლოდ თვითონ არიან მნიშვნელოვანი“ და ამის გამო სხვა ადამიანების სოცოხლეს საფრთხე არ უნდა შეუქმნან.

ნიკა ჯიაძე გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„სადღაც ერთის ფარული განზრახვის გამო, დღეს, გათენდა, მაგრამ არა ყველასთვის!

არ მინდა გული კიდევ დაგიმძიმოთ, მაგრამ უნდა დავწერო ბლოგი იმ ტრაგედიაზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, და მგონია კიდევ ვეძებთ ცოცხლებს მკვდრებში, რადგან ჯერ კიდევ არ გვჯერა.

მე ყველაზე მეტად იმ ბავშვებზე მეფიქრება. მაპატიეთ, სხვებზე ვერ ვფიქრობ. უკიდეგანოდ მებრალებიან. შეშინებულები დედას ეძახიან, მაგრამ დედა არ აგონებს მათ. ადრე ხომ ყოველთვის გამოჩნდებოდა დედა დასახმარებლად, როცა ბნელოდა და ეშინოდათ, მაგრამ დღეს, არა!

რა იფიქრეს? რა იგრძნეს?

ჩვენ ვფიქრობთ ბავშვებს ბევრი არ ესმით, მაგრამ ვაი, თუ მათ იმაზე მეტად ესმით, ვიდრე სხვებს!

სხვები?! მათაც შეეშინდათ. მათაც ვერ გაიგეს რა ექნათ. მიხვდნენ, მაგრამ ვერაფერს იზამდნენ. ერთადერთი ბურღის ხმა და მაშველთა შეძახილები ესმოდათ:

ცოტაც! ცოტაც და გიპოვნით!

ესენი კი, ჩქარა, ჩქარა!

ვიღაცისთვის დედა, მამა, მეუღლე ერთადერთი მეგობარი, იქ, ჩაფლული ყვიროდა: ჩქარა! ჩქარა!

მაგრამ, არა!

ეს შენობაც ვერაფერს გახდებოდა. ვერც ბეტონი და ვერც ხე! ისინი ხომ ადამიანებს ემორჩილებიან. მათ ვერ უბრძანებ დაცვას, ისინი მხოლოდ გემორჩილებიან. როგორც მოაწყობ, ისე მოეწყობიან.

ვერც ჰაერს მოთხოვდი მეტ ჰაერს და ვერც შიშსა და სიკვდილს – განრიდებას.

და საერთოდ ბევრი რამ ადამიანის ხელშია, საკუთარი ბედიც კი და იქნებ ისიც მის ხელშია, ღმერთი დაეხმარება მას თუ არა?!

რატომ კიდევ გიმძიმებთ გულს?

რატომ ვხატავ დრამას?

იმიტომ, რომ როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ფარულად თუ საჯაროდ,

ისე ნუ მიიღებთ თითქოს მარტო იყოთ ამ ქვეყანაზე! იმიტომ რომ თქვენ მარტო არ ხართ!

ისე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას თითქოს თქვენ ხართ ყველაზე მნიშვნელოვანნი! იმიტომ, რომ სხვებიც მნიშველოვანნი არიან!

ისე ნუ მიიღებთ, რომ ვიღაც დააზარალოთ, დააზიანოთ, დაანგრიოთ და დამარხოთ!

იმიტომ, რომ სადღაც ერთის ფარული განზრახვის გამო, დღეს, გათენდა, მაგრამ არა ყველასთვის!

ყველას ვუსამძიმრებ, ვისაც გუშინ დიდი ტკივილი მიადგა“, – წერს ბლოგერი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ