როლანდ ოქროპირიძე: „ოჯახის დანგრევა ისე განვიცადე, დიაბეტი დამემართა…“

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი როლანდ ოქროპირიძე ჟურნალ „სარკესთან“ თავის პირად ცხოვრებასა და განცდილ შეცდომებზე გულწრფელად და დაუფარავად საუბრობს. ამჟამად მსახიობი მეორედ არის დაქორწინებული და ამბობს, რომ მისმა მეორე მეუღლემ ისეთი მიიღო, როგორიც არის: „ჩემი მეორე მეუღლე არის ის, ვინც შეძლო და მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ის ზუსტად ჩემი ადამიანია. კარგად გვესმის ერთმანეთის და თავს ბედნიერად ვგრძნობთ ერთად“.

თუმცა როლანდს ჰყავდა პირველი ოჯახიც, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა: „ოჯახის დანგრევა უბრალო ამბავი არ არის. ესე იგი, შეცდომით გადადგი ნაბიჯი. მერე შენს თავს ამ შეცდომას ვეღარ პატიობ, რადგან მარტო შენ არ ხარ დაზარალებული, ასევე ცუდად არის შენი მეორე ნახევარი… ჩემი პირველი მეუღლე კარგი გოგოა, არც მე ვარ ურიგო, ერთად კი ვერ გამოვდექით. ახლა კარგი მეგობრები ვართ. მეგობრობა შევძელით, მეუღლეობა – ვერა!..“

მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა: „არ არსებობს ადამიანი, რაღაც დონეზე არ განიცადოს. მე ისეთი ნერვიულობა შემხვდა, რომ დიაბეტი დამემართა…“

როლანდ ოქროპირიძე საკუთარი ინიციატივით ჟურნალისტს ესაუბრება უფროსი შვილის შესახებ, რომელიც ქორწინების გარეშე ჰყავს: „ვიცი, მკითხავთ და აქვე გეტყვით, რომ მყავს პირველი შვილი, ვაჟი, რომელიც ქორწინების გარეშე საკუთარი სურვილით გააჩინა ერთმა გოგონამ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ჩემს ადრეულ ახალგაზრდობაში მოხდა. პირველი ვაჟი მალე 16 წლის გახდება. გვაქვს ურთიერთობა, უფრო მეტად სატელეფონო, ვხვდებით კიდეც ერთმანეთს. მას ყოველთვის შეუძლია მოვიდეს ჩემთან და ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც დანარჩენ შვილებს…“

ასევე იხილეთ