“ვერ გაცილებ ბოლო გზაზე ჩემო ძვირფასო მეგობარო; ცრემლს თუ გაგატან საგზლად მხოლოდ”

ექიმი-პედიატრი, “ჯეო-ჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრის კლინიკური და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ბიწაძე 52 წლის ასაკში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა.

კოლეგის გარდაცვალებას ეხმიანება აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული.

ის დავით ბიწაძესთან ერთად გატარებულ სტუდენტობის წლებს იხსენებს:

“1985 წლის 1 სექტემბერს გავიცანით ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტის მე-3 კორპუსში, ანატომიის აუდიტორიაში. მარტო იჯდა, რაღაცნაირად უხერხულად; მივედი, გამოვეცნაურე; თურმე ერთ ჯგუფში ვყოფილვართ და .. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. 6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად.

აბსოლუტურად ყველა გამოცდა ერთად გვაქვს მომზადებული და ჩაბარებული; ფეხით გვაქვს მთელი თბილისის ბავშვთა საავადმყოფოები შემოვლილი.

დათო ბიწაძე, უკარგესი, უთბილესი ადამიანი; შესანიშნავი, უღალატო მეგობარი; უნიჭიერესი ექიმი. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი.

ათი ათასი ადამიანი შეიწირა ამ უბოროტესმა ვირუსმა საქართველოში და კიდევ გრძელდება ათვლა …

როგორ არ ვიცოდი, რომ კორონას ებრძოდი შენი მშობლიური ჭიათურის კლინიკაში…
ვერ გაცილებ ბოლო გზაზე ჩემო ძვირფასო მეგობარო; ცრემლს თუ გაგატან საგზლად მხოლოდ. შეხვედრამდე მზის გადაღმა.” – წერს გურული “ფეისბუქში”.

ასევე იხილეთ