რატომ არის გელა გნოლიძე უჟმური ქმარი და რის გამო ავარჯიშებს ის სიმღერაში ბენდის გოგონებს დამუწული პირით

გელა გნოლიძის მუსიკალური კარიერა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მან სტუდიური მუშაობიდან გიორგი გაბუნიას შოუში გადაინაცვლა და საკუთარ ბენდთან ერთად თავი არაერთი ჰიტის გათანამედროვებული ვერსიით დაგვამახსოვრა.

გელა გნოლიძე: პანდემიამ ჩვენი საზაფხულო გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა – კონცერტები გვქონდა დაგეგმილი. განსაკუთრებით რეგიონებში დაანონსებულ კონცერტებზე დაგვწყდა გული – ძალიან ბევრს გვწერდნენ, ჩვენთან ჩამოდითო. როგორც იქნა, მოვახერხეთ კონცერტების დაგეგმვა, თან, ეს იყო „ღამის შოუს“ კონცერტები სრული შემადგენლობით, გიორგისთან და ჯიმისთან ერთად. მაგრამ სამწუხაროდ, ეპიდვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვწყვიტა გული. რაც შეეხება გასტროლებს, მოწვევები არის, მაგრამ ჯერ რთულია ვითარება. 30 სექტემბერს ისრაელში იქნება დიდი კონცერტი, სადაც მე, ზვიო, გიორგი, ჯიმი, ბაბი და თათა, სხვა ქართველ არტისტებთან ერთად მივდივართ. სამწუხაროდ, ამ პანდემიური რეგულაციების გამო ბენდის სრული შემადგენლობით წასვლა ვერ ხერხდება, რაზეც ძალიან გვწყდება გული. რა თქმა უნდა, გვიხარია და ველოდებით ამ დღეს, ბევრი ჩვენი კოლეგა მოდის და სახალისო იქნება. თან, ჯიმისთან ერთად ვინ მოიწყენს (იცინის).

– „გიორგი გაბუნიას შოუში“ ყოველკვირას აცოცხლებთ ჰიტებს. როგორია მუშაობის პროცესი?

– ეს არ არის მარტივი პროცესი, დიდ შრომას მოითხოვს. ყოველდღე ვმუშაობთ, ერთი დღეც კი არ გვაქვს დასვენებისთვის. სხვანაირად კვირიდან-კვირამდე ვერ მოვასწრებთ ჩვენეული, ახალი ვერსიების შექმნას. ჩვენი ბენდის თითოეული წევრი მოწოდების სიმაღლეზეა, ყველას გვინდა, კარგი შედეგი გვქონდეს და ერთი საქმის სიყვარულით, მგონია, ვახერხებთ ხარისხიანი ვერსიების მიწოდებას მაყურებლისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, დასვენების დრო აღარ გვრჩება. დაღლასა და რთულ გრაფიკს აკომპენსირებს თბილი და დადებითი გამოხმაურება, უამრავი ნახვა „იუთუბზე“, ძალიან სასიამოვნო კომენტარები და ბევრი მადლობა გულშემატკივრისგან, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. არ ვამბობ, რომ ყველას მოსწონს და არც არის საჭირო. უკმაყოფილო კომენტარებიც ბევრია, ხან რაზე გვაკრიტიკებენ, ხან რაზე. ბოლო კომენტარი მახსოვს გამორჩეულად, გოგოებს დაუწერეს – ამხელა პირს ნუ აღებთ სიმღერის დროს, არაეთიკურიაო და ახლა დამუწული პირით სიმღერაში ვამეცადინებ. იქნებ გამოუვიდეთ (იცინის). ვეცდებით, ისე ვიმუშაოთ, რომ ვისაც ახლა არ მოსწონს ჩვენი შემოქმედება, იმათაც მოვაწონოთ. ვფიქრობთ, სხვადასხვა ჟანრის კომპოზიციებით გამოგვივა.

– გოგონებისგან მსმენია, გელა ძალიან მკაცრია, განსაკუთრებით დაგვიანება არ უყვარსო. ასეა?

– ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად მკაცრი ვარ, მაგრამ მე ძალიან პუნქტუალური ვარ და მიყვარს დისციპლინა, მათაც ამას ვთხოვ. საბედნიეროდ, ჩვენს ბენდში არავინ აგვიანებს. დაგვიანებაზე, მართლა „მეკეტება“. დრო ისედაც არ გვაქვს საკმარისი, ძალიან ბევრი მუშაობა გვიწევს და ამას ემატება ისიც, რომ ბენდში ბევრნი ვართ. წარმოიდგინეთ, ცხრა ადამიანი რომ შევიკრიბებით და ერთს ველოდებით, როგორია?! ძირითადად, გოგონები მაიმუნობენ. „დაგვიანება ვიცით ქალებმაო“, მომიმღერებენ ხოლმე და ამ საკითხში ძალიან მაბრაზებენ (იცინის). სხვათა შორის, ამ ბოლოს დროს აღარ აგვიანებენ. ნუ… ასატანად (იცინის).

– საერთოდ, გოგონები ძალიან პრენეზიულები არიან და ორი ერთად წარმომიდგენია.

– (იცინის). ორივე ძალიან მიყვარს და როცა ასეთი ლამაზი და ნიჭიერი გოგონები გყავს ბენდში, რაღაცებზე ვხუჭავ ხოლმე თვალს, მთავარია, ამ დახუჭული თვალებით არ დამეძინოს (იცინის). დიდხანს ემზადებიან, დიდხანს მოდიან, მაგრამ როცა მოდიან, მერე ჩვენს საქმეს ისე ვაკეთებთ, რომ მსმენელს მოსწონს. ესე იგი, კარგად გამოგვდის და მთავარი ეს არის.

– ასეთი ლამაზი და სექსუალური გოგონები რომ გიდგანან გვერდით და მთელ კვირას ერთად ატარებთ, მეუღლე არ ეჭვიანობს?

– მასეც არ არის, მთელ კვირას ერთად ვერ ვატარებთ. უმეტესწილად ბენდი რეპეტიციობს და გოგოებს ბოლო ეტაპზე ვეძახით, როცა ვერსია მზადაა. ეჭვიანობას რაც შეეხება, ჩვენ ყველა ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მეუღლეების ჩათვლით და ეჭვიანობა არ „მოსულა“.

– ალბათ, მეგობრები ხშირად გთხოვენ გოგონების გაცნობას.

– კი, ეს უკვე ჩვეულებრივი მომენტია. მეგობრები, ნაცნობები შორეული თუ ახლობლები მეკითხებიან ხოლმე დეტალებს გოგონებზე, როგორი ხასიათი აქვთ, შეყვარებული ჰყავთ თუ არა, გამაცანი და ასე შემდეგ. ვეუბნები, რომ შეყვარებულები ჰყავთ და ძალიან მოკლე პასუხით ვიშორებ.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები მუსიკალურ სამყაროში?

– მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. ჩემს ოჯახში ყველა მომღერალია – დედ-მამა, და. პაპა – გიგლა პაპალაშვილი ცნობილი ლოტბარი და ქართული ხალხური სიმღერების ავტორი და უბადლო შემსრულებელი იყო. სიმღერის გარდა არაფერი მესმოდა და მეც აკვანში ავმღერდი (იცინის). პროფესიულად 15 წლიდან ვმუშაობ სხვადასხვა სტუდიაში. ჩვენს შოუ-ბიზნესს არაერთი სიმღერა და არანჟირება შევძინე. ქართული მუსიკალური სამყარო აქამდე ამ კუთხით უფრო მიცნობდა.

– რა სირთულეები გქონდათ ცხოვრებაში?

– ასეთი პერიოდები ყველას გვაქვს. ეს, ძირითადად, ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. ძალიან ცუდი პერიოდი გვქონდა, როცა მამა იყო ძალიან მძიმედ ავად, მერე – დედა იყო მძიმედ, მერე – ჩემი მეუღლე. წუწუნი არ მიყვარს და არც ცუდი ამბების გახსენება მსიამოვნებს. ისე, ზოგადად, არა მგონია, ადამიანს იმაზე მეტად დიდი სირთულე შეხვდეს ცხოვრებაში, ვიდრე ჯანმრთელობის პრობლემებია. ხომ ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია. პროფესიული კუთხით თუ მეკითხებით, აქტიური კარიერა ჩვენმა ბენდმა „ღამის შოუსთან“ ერთად დაიწყო. ფართო მასშტაბებზე სამი-ოთხი წელია, გავედით და ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ჯერჯერობით ვერ გავიხსენებ, თუ არ ჩავთვლით ამ პანდემიას, რაც ძალიან გვაფერხებს. მუსიკოსები პირდაპირ ვართ დამოკიდებული რეგულაციებზე, სხვა შემოსავალი და პროფესია არ გვაქვს და ამ მხრივ, ეს მართლა დიდი განსაცდელია ჩვენთვის.

– ოჯახი თქვენი ცხოვრების რა ეტაპზე შექმენით?

– ძალიან ადრეულ ეტაპზე – ოცი წლის ვიყავი. მეგობრული ოჯახი გვაქვს, შვილებზე ვართ გადართულები და ჩვენ-ჩვენი საქმეც გვაქვს. მეუღლე ბანკში მუშაობს. მუსიკისგან ძალიან შორს არის.

– მეუღლე რას ამბობს ქმარზე?

– უჟმური და უხასიათო ხარო (იცინის). ამას აქვს თავისი მიზეზი – მთელი დღე რომ მუსიკის კეთებაში, რეპეტიციებში, გადაღებებსა და ამ ხმამაღალ მუსიკაში ვარ, სახლში ჩუმად ყოფნა, დუმილი და სიწყნარე მიყვარს, ასე ვისვენებ.

– შვილები რამხელები არიან?

– უფროსი – ნიკა, 19 წლის ხდება, უმცროსი – დემე 5-ისაა. ნიკა სტუდენტია, ჯერჯერობით, ონლაინ სტუდენტი. ყველა და ყველაფერი აინტერესებს ყველა პროფესიის დაუფლებას ცდილობს, განსაკუთრებით სახელოვნებო სფეროში. ახლა აქვს თავისი სამოსის ბრენდი. დემე ძალიან საყვარელი და მხიარული ბიჭუნაა. ძალიან ვუყვარვარ, უჩემოდ არ იძინებს ხოლმე.

ასევე იხილეთ