“ვიღაცამ გადაწყვიტა, ჩარეცხილების სიაში ვყოფილიყავი”

პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე ,,სარკესთან” იმ წლებს იხსენებს, როცა მას თავის ქვეყანაში ისე ექცეოდნენ, რაც არ დაუმსახურებია.

ირმა ნიორაძე:

– 2007 წელს აეროპორტში 40 წუთი შემაფერხეს, შეიძლება ითქვას, დამაპატიმრეს. გამახსენდა, 1937 წელს როგორ ხდებოდა დაპატიმრებები, მეც სწორედ ასეთი შიში დამეუფლა, თუმცა ამის შესახებ არაფერი გამომიქვეყნებია, რადგან წარსულით არასოდეს ვცხოვრობ.

წლების წინ მე და ჩემი და (ოპერის ვარსკვლავი მზია ნიორაძე) ჩარეცხილების სიაში ვეწერეთ.

–როგორ ფიქრობთ, რატომ “არ უყვარდით” იმ დროს საქართველოში?

–მთავარია, მაყურებელს და ჩემს ერს ვუყვარვარ. ვერ დავკონკრეტდები, ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ჩემი რეგალიებისა და დამსახურებების ძალიან დიდი შეურაცხყოფა იქნება.

–ვინ იყო ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებმაც თქვენი სახელი და გვარი “ჩარეცხილთა სიაში” შეიტანეს?

– არ მიყვარს ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება… როცა ამერიკაში ხარ და ზედიზედ ცეკვავ ურთულეს როლებს და ამ დროს საქართველოდან გირეკავენ, იცი, რა, ირმა, ძალიან გთხოვ, ჩამოდი, იცეკვე, რადგან ხელფასს ვერ ვურიგებთ მსახიობებს, მაყურებელი კი შენს სპექტაკლზე მოვა და შემოსავალი იქნებაო… როგორ შეიძლებოდა, უარი მეთქვა?! ჩამოვდიოდი, როცა არც ელექტროენერგია იყო, არც გათბობა და გაყინულ სცენაზე თითებგადატყავებული მაინც ვცეკვავდი 2004 წლამდე.

ამის შემდეგ ვიღაცამ გადაწყვიტა, ჩარეცხილების სიაში ვყოფილიყავი. არ მაინტერესებს, ვინ იყო ამ ყველაფერში გარეული, არ ვადევნებ თვალყურს, სად არიან ის ადამიანები, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ჩარეცხილებში ვიქნები თუ საშვს მომთხოვენ თბილისის ოპერის თეატრის შენობაში შესვლისთვის, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს გავუძელი და გავუძლებ.

ასევე იხილეთ