რა შეემთხვა ბაქოში მაია ბარათაშვილს და როგორ იპოვა მან ურთულესი მდგომარეობიდან გამოსავალი

ცოტა ხნის წინ მუსიკოსი მაია ბარათაშვილი ბაქოს ჯაზ-ფესტივალიდან დაბრუნდა. მონატრებულ კონცერტსა და ცოცხალ აუდიტორიასთან შეხვედრის სურვილს უამრავი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.

მაია ბარათაშვილი: ბაქოელ მუსიკოსებთან ერთად მიწევდა გამოსვლა და ორი თვით ადრე გავაგზავნე ჩემი პროგრამა, რომ წინასწარ მოემზადებინათ. მე კონცერტის წინა დღეს ჩავიდოდი, ორ რეპეტიციას გავივლიდით და მაყურებლის წინაშე წარვდგებოდით. მოკლედ, შევიარაღდი ჩემი კოვიდპასპორტით, რადგან ვიცოდი, რომ ეს დოკუმენტი მჭირდებოდა და მივედი აეროპორტში, სადაც მითხრეს, რომ პისიარტესტის გარეშე, შეუძლებელი იყო ჩემი გამგზავრება. გამოვბრუნდი სახლში ძალიან დამწუხრებული. მითხრეს, რომ ჩემი კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მეორე დღეს სემინარი უნდა მქონოდა ახალგაზრდა მუსიკოსებთან და იქაც სრულად შევსებული იყო ადგილები. მეც და ორგანიზატორებსაც ძალიან დაგვწყდა გული, მთელი ღამე ხაზზე ვიყავით, მე ვცდილობდი, მეპოვა ლაბორატორია, სადაც პისიარ ტესტს გამიკეთებდნენ, მაგრამ ასეთი არსად აღმოჩნდა.

– დიდი სანერვიულო შეგხვედრიათ…

– ეს მხოლოდ დასაწყისია. ძალიან დამწუხრებული ვიყავი, პანდემიის ფონზე ცოცხალ კონცერტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვისაც და ჩემი მსმენელისთვისაც. ორგანიზატორებმაც ყველაფერი გადაამოწმეს, ერთადერთი ფრენა იყო დილით ადრე და მე მანამდე პისიარ ტესტს ვერსად გავიკეთებდი. მთელი ღამის გამოუძინებელს ერთი საათით ჩამეძინა. დილით მირეკავენ აზერბაიჯანიდან ორგანიზატორები, რომლებმაც ვერ წარმოიდგინეთ რამდენი წინააღმდეგობა გადალახეს იმისთვის, რომ ბაქოში ჩასვლა მომეხერხებინა და მეუბნებიან, სასწრაფოდ წადით პისიარ ტესტის გასაკეთებლადო. თურმე თურქულ ავიახაზებს, რომელიც ამ ფესტივალზე მუსიკოსების ოფიციალური გადამყვანია, დილით დაუნიშნავს ახალი რეისი. გავიკეთე სასწრაფოდ პისიარი და გავფრინდი თურქეთში უპრებლემოდ. ჩავედი ბაქოშიც ორი ღამის გამოუძინებელი და ნანერვიულები. უკვე ჩემი კონცერტის დღეა. მივედი მესაზღვრეებთან და მეუბნებიან, რომ არ მაქვს მინისტრთა კაბინეტის წერილი, რომელიც თურმე აუცილებელია ქვეყანაში ჩემს შესაშვებად. როგორც მერე გავარკვიე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმის გამო, რომ ერთი პერიოდი ჩვენ წითელი ზონა ვიყავით, დაიდო შეთანხმება, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში დროებით ტურისტი არ ჩავიდოდა და თუ ვინმე ჩავიდოდა, ეს იქნებოდა შეთანხმებული მინისტრთა კაბინეტთან. სამწუხაროდ, ეს ჩვენ არ ვიცოდით. უკვე ხელმეორედ გახდა გამოსავალი საპოვნელი. ერთი კვირა უნდა წერილის მომზადებას, ერთი შეტანას, განხილვას და ამდენივე თანხმობის ან უარის თქმას. ამ დროს მე ერთი წამი არ მაქვს დასაკარგი, საღამოს ცხრა საათზე კონცერტია, მაგრამ ვხვდები, რომ გამორიცხულია, რამდენიმე საათში მივიღო ეს წერილი. ორგანიზატორებმა მთელი ბაქო ფეხზე დააყენეს და დღის სამ საათზე მინისტრს მაგიდაზე ჰქონდა წერილი ჩემ შესახებ. რომ უნახავს, ჯაზ-ფესტივალსა და საქართველოდან ჩამოსულ სტუმარს ეხებოდა საქმე, ყოყმანის გარეშე მოუწერია ხელი. მესაზღვრეები ძალიან გულდასმით ასრულებენ თავიანთ სამუშაოს და მართლებიც არიან, მაგრამ განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ერთ-ერთი მესაზღვრე ძალიან ადამიანურად მიუდგა ჩემს პრობლემას. მითხრა, გტოვებთ თქვენს კონტაქტებთან და დიდი სიამოვნებით შეგიშვებთ, თუკი ასეთი ინსტრუქცია გვექნებაო. მან მომცა საშუალება, გამოსავალი მეპოვა, არადა შეეძლო, პირდაპირ დეპორტზე გავეშვი. მინისტრმა ხელი მოაწერა წერილს, მაგრამ მას კიდევ ბევრი ინსტანცია უნდა გაევლო მესაზღვრემდე მოსაღწევად. ამასობაში გახდა ხუთი საათი და ველოდებით მე და ჩემი ორგანიზატორები. ძალიან უცნაური იყო, მაგრამ იმ სიტუაციაში დაღლის ნაცვლად, ენერგია მემატებოდა. ამ ფესტივალზე მოხვედრა მანამდეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ეს უკვე პრინციპის ამბავი იყო. ძალიან ბევრს ვლოცულობდი და ორგანიზატორებს ვუთხარი, სულ რომ ცხრის ნახევარზე მომცენ ნებართვა, პირდაპირ აეროპორტიდან მოვალ ჯინსებით და სცენაზე გავალ-მეთქი. ამასობაში მირეკავენ და მეუბნებიან, უცნაურია, მაგრამ თქვენს დასახვედრად, დილის 11 საათზე წამოსული მანქანა შუა გზაში დაიშალაო. უკვე მეცინებოდა, ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყო.

– არ შეგეშინდათ?

– ძალიან სტრესული სიტუაცია იყო, მაგრამ უფლის იმედი მქონდა, ვლოცულობდი, კონტაქტზე ვიყავი ჩემს მოძღვართანაც და ასეთ წინააღმდეგობებს უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. თუმცა ესეც არ იყო ბოლო. იმდენი დრო გავიდა, რომ რეპეტიციას ვერ ვასწრებ და საერთოდ, თუ მივედი კონცერტზე, პირდაპირ სცენაზე უნდა გავიცნო მუსიკოსები. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? კიდევ ერთ საათში მირეკავს ჩემი ორგანიზატორი და მეუბნება, თქვენს აკომპანიატორს სიცხე აქვს და კოვიდის სხვა სიმპტომებიცო. სრული სიგიჟე. არა უშავს, მე დავჯდები როიალთან- მეთქი, არ ვეპუები. თუმცა, მალე გავიგეთ, რომ ამ ადამიანს კოვიდი არ ჰქონდა, ტესტი გაუკეთეს და უარყოფითი აღმოჩნდა. მაგრამ უკვე ისე გაიწელა ჩემი ნებართვის მესაზღვრეებამდე მოღწევა, სიმართლე გითხრათ, ჩემს უკან დაბრუნებაზე დავიწყეთ ფიქრი. ზუსტად ამ დროს გამოვიდა მესაზღვრე და მეუბნება, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბაქოშიო. მაშინვე გავიქეცი სასტუმროში და იქიდან, არც მახსოვს როგორ აღმოვჩნდი სცენაზე. მუსიკოსებს ვეკითხები, ხომ იცით ჩემი გამოგზავნილი პროგრამა-მეთქი და მპასუხობენ, ძალიან რთული პროგრამა იყო და სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი დრო არ გვქონდაო. მოკლედ, აღარ ვიცოდი, რა მექნა. გამოვედი სცენაზე და ვთქვი, რაც გადამხდა თავს. არ ვიცი, რას ვიმღერებ და არ ვიცი, მუსიკოსები რას დაუკრავენ, პირველად ვხედავ მათ, რაც დაიკვრება, მეც იმას ვიმღერებ-მეთქი. დაილოცოს ჯაზი, ეს არის სპონტანური მუსიკა, რომელშიც გამოსავალი ყოველთვის შეგიძლია, იპოვო და მადლობა უფალს, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ორი დღით ადრე აზერბაიჯანული მელოდიაც გამომიგზავნეს, გადავწყვიტე, მაყურებლისთვის მათსავე ენაზე შემესრულებინა ეს მელოდია. ამან კიდევ სხვა დატვირთვა მისცა კონცერტს და ბოლოს ორგანიზატორებმა მითხრეს, ასეთი ემოციური კონცერტი შენ არასდროს გქონია ბაქოშიო. ეს იყო აბსოლუტურად ცოცხალი პროცესი, ტაში, ოვაციები, დაუვიწყარი საღამო გამოვიდა. მინდა, ყველას ვუთხრა, იქ, სადაც ღმერთია შენ გვერდით, არაფრის უნდა შეგეშინდეს. სამწუხაროდ, ეს არ გვესმის ხოლმე ადამიანებს, მაინც ვნერვიულობთ და პირველივე დაბრკოლებაზე უკან ვიხევთ. არასდროს თქვათ უარი, ბოლომდე იბრძოლეთ და სასურველი მაქსიმუმის რაღაც ნაწილი მაინც გამოგივათ.

– მთლად ბაქოსნაირი არა, მაგრამ მსგავსი თავგადასავლები სხვაგანაც ხომ არ გქონიათ?

– ასეთი არა, მაგრამ ძალიან სასაცილო ისტორია შემემთხვა თურქეთში. 2000 წელი იყო და საახალწლო კონცერტებით ვიყავი წასული სტამბოლში. გამაფრთხილეს, ეცადე, ქუჩაში მარტო არ გახვიდე უცხო ადამიანთან ერთადო. არ დავიჯერე, ჩავიცვი, დავიხურე და გავედი ქუჩაში. გადავეყარე ერთ ძალიან უცნაურ ადამიანს, რომელიც მოვიდა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება შემომთავაზა. ჩემზე ბევრად პატარა იყო, ვიფიქრე, ვერ მომერევა-მეთქი და დავთანხმდი (იცინის). მართლაც ულამაზესი და უნიკალური ადგილები მომატარა, კულტურული და ისტორიული ძეგლები დამათვალიერებინა და ბოლოს მეუბნება, ამდენ ხანს რომ შენი გიდი ვიყავი, ახლა შენ უნდა დამითმო დრო და წამომყვეო. ბევრი შეკითხვა და ეჭვი გამიჩნდა გონებაში, მაგრამ არ შევიმჩნიე. რა უნდა მოხდეს ისეთი-მეთქი, ვფიქრობ, მაგრამ თან აშკარად შეშინებული ვარ. თუმცა, ასე პირდაპირაც ვერ შევიმჩნევ და მივყვები. ის მეუბნება, ისეთ ადგილას მიგიყვან, გესიამოვნებაო. მიმიყვანა მაღაზიაში და მეკითხება, ტყავის განყოფილება გირჩევნია თუ ოქროო. ოქრო ავირჩიე. პირველი იანვარია, შევედი ოქროს განყოფილებაში, სადაც გამოენთო გამყიდველი, რომელიც ძალიან ცდილობდა, რამე მეყიდა. მე არც თანხა მქონდა თან და არც ვაპირებდი რამის შეძენას. მეუბნება, ყურანში წერია, ახალი წლის პირველ იანვარს თუ მყიდველი მაღაზიაში შემოვიდა და არაფერი იყიდა, ესე იგი მთელი წელი არაფერი გეღირსება და ამას რას მიშვრებიო. წარმოგიდგენიათ, როგორი მარკეტინგული სვლა იყო? აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი გიდი შუამავალი იყო ამ მაღაზიასა და ტურისტებს შორის, მაგრამ ჩემთან არაფერი გამოუვიდა, ბევრი ვიცინეთ ამაზე, მერე ჩაიც მომართვეს და რომ გამოვედით, ბოლოჯერ გადააგდო ანკესი ჩემმა გიდმა, აქ არაფერი იყიდე და აბანოში მაინც წამომყევიო. ამაზეც ბევრი ვიცინეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მერე მეცინებოდა გაკვირვებულს, ნეტავ ჩემში რა დაინახა ისეთი, რომ პოტენციურ კლიენტად ამირჩია-მეთქი. ფიქრებში გართულმა სარკეში რომ ჩავიხედე მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რომ ბეწვი მეცვა და ბრილიანტის საყურეები მეკეთა. მერე უკვე ყველაფერი გასაგები გახდა (იცინის).

ასევე იხილეთ