”იმ კლინიკაში, სადაც ვიწექი, კორონავირუსით მშობიარეც გარდაიცვალა და მისი შვილიც”

მომღერალი ირინა ბაირამაშვილი მშობიარობისთვის ემზადებოდა, კოვიდვირუსი რომ შეეყარა. თვითონაც ძლივს გადარჩა და მისი პატარაც. ირინა ბაირამაშვილი ,,სარკეს” გადატანილ მძიმე პერიოდზე მოუყვა.

ირინა ბაირამაშვილი: პანდემია რომ დაიწყო, არც მჯეროდა. ვფიქრობდი, რა კორონა, რა პანდემია, იგონებენ-მეთქი. ორსულად ვიყავი და მაინც არ ვუყურებდი  სერიოზულად, მოგონილი ვირუსი მეგონა, მაგრამ დედაჩემს და ჩემს დას რომ დაემართათ, უკვე შიშები დამეწყო. ჩემმა დამ მსუბუქად გადაიტანა, მაგრამ დედამ – ცოტა რთულად. ამის შემდეგ დავიწყე სიფრთხილე და წესების დაცვა.

5 თუ 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი, ნერვებმა რომ მიმტყუნა, რამე თუ არ გავაკეთე, გავგიჟდები-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გადაცემა ,,აკუსტიკა”. ჩემი მეუღლე მეჩხუბებოდა, არ წახვიდე, მეშინიაო.მაინც გავედი.მერე კიდევ სხვა გადაცემების ჩაწერებზეც მივედი და სულ გამიქრა ამ ვირუსის შიშიც.

38 კვირის ორსული ვიყავი, სამშობიაროდ ვემზადებოდი და კოვიდდადებითი აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა,ჯანმრთელი ორგანიზმი მქონდა, ორივე ფილტვის ანთება დამემართა და 11 ქულით შეფასდა დაზიანება.

7 მაისს შევედი კლინიკაში და 13 მაისს დამეწყო მშობიარობა, ვფიქრობდი, ვიმშობიარებ და გამწერენ-მეთქი, მაგრამ შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთის მეორე სერია. დამისუსტდა იმუნიტეტი და ანალიზის პასუხები გაფრინდა ზეცაში.

კიდევ უფრო დიდი სტრესი, იცით, რა იყო? უამრავი კოვიდიანი ორსული შემოჰყავდათ. ყველას ხმა მესმოდა. გვეხვეწებოდნენ, ადექით, გაიარეთო, მაგრამ ვერ ვდგებოდი. ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ბავშვიც გარდაიცვალა და თვითონაც. 30 თუ 31 წლის იყო. კლინიკაში მოსვლა დააგვიანა. რომ მოსულა, ჩვეულებრივად ლაპარაკობდა თურმე, უცებ დამძიმდა.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ხალხმა წაიკითხოს და გაიგოს. ჯოჯოხეთში ვიყავი და ვიღაცები კიდევ მიწერდნენ, კორონა არა, ისო.

ასევე იხილეთ