“სიმსივნე ჰქონია, ტკივილისგან გონება გაეთიშა და აფთიაქში შევარდა”

დღეს ზუგდიდში ავტომანქანა ,,ჯიპისის” აფთიაქში შევარდა, არტ-უნივერსალის დამფუძნებელი ხატია ჯანაშია ფეისბუქით გამოეხმაურა.

,,დღეს დილიდან სოცქსელში ისტერიკულად ვრცელდება ფოტოები, როგორ შევარდა ჯიპი ,,ჯიპისი” აფთიაქში… ზოგი ღლიცინებს, ზოგიც ლანძღავს მანქანის მძღოლს და ზოგიც გამოხატავს ამ ადამიანისადმი სიბრალულს.

გაირკვა, რომ მძღოლს, რომელიც მანქანით შევარდა აფთიაქში, ჰქონია ტვინის სიმსივნე, საჭის მართვისას დაწყებია თავის აუტანელი ტკივილი, აფთიაქთან მანქანა რომ უნდა მიეპარკინგებინა, მაგ დროს ტკივილისგან გონება გაეთიშა და უნებლიეთ დააწვა გაზს, მანქანა ტროტუარზე გადავიდა და შეასკდა ვიტრინას, მადლობა უფალს მსხვერპლი, არ მოჰყოლია.

სანამ ვინმეზე ღლიცინს ან ლანძღვას დაიწყებდეთ, ხომ უნდა გაერკვეთ, რა მოხდა?!..

1992 წელს მამამ მომიყვანა სკოლიდან, ჩემი სახლის წინ, ქუჩას რომ ვკვეთდი, მანქანა დამეჯახა, მაშინ 11 წლის ვიყავი, მანქანამ გადამიარა და ეს ყველაფერი მამაჩემის თვალწინ მოხდა… როგორ ფიქრობთ, მძღოლს უნდოდა, დამჯახებოდა?! თქვენ წარმოიდგინეთ, არა!

მოღლიცინეებისგან განსხვავებით, 11 წლის ბავშვი საავადმყოფოში ვიძახდი, ჩემი ბრალია და მძღოლს არაფერი დაუშავოთ-მეთქი, ცალკე მამაჩემი იგერიებდა იმ სეირის მაყურებელთ, რომლებიც უჩიჩინებდნენ სახლი დაუწვი და ციხეში ჩაალპეო, მაგრამ მამამ ყველა მოსვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გადარჩენას არავინ ელოდა, გადავრჩი!!!

აზრზე მოდით და სანამ ვინმეზე მაგარ მძღოლად ჩათვლით თავს და სანამ გალანძღავთ დაფიქრდით, რადგან არაფრისგან ხართ დაზღვეული”, – წერს ხატია ჯანაშია.

ასევე იხილეთ