“ყველა ქალი დავივიწყე, არ მჭირდება მესიჯები”

მომღერალი ბექა ჩხაიძე 1999 წელს სრულიად ახალგაზრდა გამოჩნდა ახალშექმნილ ანსამბლ ,,ზარებში”, რომელიც შემდგომ ,,ალილოდ” გადაკეთდა. ყმაწვილკაცი ანსამბლისთვის ოჯახის ახლობელმა, ,,ქართული ხმების” განთქმულმა სოლისტმა, გურამ თამაზაშვილმა, შეარჩია.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ბექა პოპულარული გახდა, სიმღერასთან ერთად გარეგნობა, სხარტი გურული იუმორი განსაკურთებით ხიბლავდა საპირისპირო სქესს. პირადი ცხოვრებით ხშირადაც გამხდარა საზოგადოების ინტერესის საგანი. ისტორიები ყოველთვის მრავლად იყო, ზოგი მართალი და ზოგიც მოგონილი. მისი პირველი, ნაადრევი ქორწინება მალე დასრულდა. სამაგიეროდ ამ ურთიერთობიდან ქალიშვილი დარჩა, რომლითაც ამაყობს.

რა გამოცდილება დაუტოვა წარსულმა და როგორ ცხოვრობს დღეს ერთ დროს ქალთა გულთამპყრობელი მომღერალი, ჟურნალ ,,სარკეს თავად უამბობს.

ბექა, საკმაოდ დიდხანს იცხოვრეთ უცოლო კაცის სტატუსით და სასურველი სასიძოც იყავით. არცთუ დიდი ხანია, რაც ხელმეორედ დაოჯახდით, როგორია ოჯახური ცხოვრება ამ ასაკში?

– ძალიან შევიცვალე, უკან დავტოვე ქეიფი, დროსტარება, 24 საათიანი სუფრები. წარსულის მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, მგონია, ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლით ვიცხოვრე, კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც. ახლა ჩემთვის მთავარი ოჯახია და ჩემი შვილი – ერეკლე.

აღნიშნეთ, რომ ცუდი ამბებიც შეგემთხვათ. თქვენს პატიმრობას გულისხმობდით?

– დიახ, ეს პირადი ამბავი იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი გაირკვა და კეთილად დამთავრდა, თუმცა ისეთ დროს მომიწია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა, როცა ჯოჯოხეთური პერიოდი იყო და საშინელებები ხდებოდა.

პირველი ქორწინება რატომ ვერ გამოდგა სიცოცხლისუნარიანი, რა შეცდომები დაუშვით?

– ეს იყო ნაადრევი ქორწინება. მე ვიყავი 19 წლის, ჩემი მეუღლე – 16-ის. მაგ ასაკში სულ სხვა გატაცებები მქონდა, ვმღეროდი ანსამბლში, სუფრიდან სუფრასთან გადავდიოდი, სადაც მიღამდებოდა, იქ მითენდებოდა. ოჯახზე სერიოზულად ვერ ვფიქრობდი, არ ვფიქრობდი კი არა, ვერ ვფიქრობდი. ასაკი არ მომდევდა. ახლა ჩემთვის მთავარი საფიქრალი ოჯახი, მასზე ზრუნვაა.

გქონდათ უამრავი სასიყვარულო თავგადასავალი. მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს თქვენს წარსულზე?

-ყველა ურთიერთობა, ერთკვირიანი თუ ხანგრძლივი, დავფერთხე, ყველა დავივიწყე, არც არავის მესიჯი მჭირდება და არც არანაირი ფლირტი. რატომ უნდა ვაეჭვიანო ჩემი მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელმაც უდიდესი ბედნიერება მომანიჭა?! ყველაზე მთავარი არის ოჯახი და ოჯახი უნდა გყავდეს დაყენებული ყველაზე წინ.

 

ასევე იხილეთ