“კახა კალაძის შვილები ჩემი პაციენტები არიან და მამა ყველაფერში ჩართულია”

ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე 3 მცირეწლოვანი შვილის მამაა. ამბობს, რომ არასოდეს გამოუწერს სხვის შვილს იმ წამალს, რასაც მსგავს მდგომარეობაში მყოფ თავის შვილს არ მისცემდა. ცოლიც ექიმი ჰყავს – ბავშვთა ნევროლოგი.  ბატონი თემური ,,სარკეს” უამბობს:

-24 წელია, პრაქტიკოსი ექიმი ვარ და ახლა უკვე ჩემი პაციენტების შვილების ექიმიც. ისინი მენდობიან და მიჯერებენ. ასეთ დროს იცი მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ცდილობ, ისეთი რჩევები მისცე, რისი შესრულებაც შეუძლიათ. პაციენტი თუ გაჭირვებულია, ისეთი რჩევა უნდა მისცე, რომ სწორად მართოს ბავშვი.უნდა ეცადო, რომ ზედმეტი დანახარჯები თავიდან ააცილო.

-შვილებს ყოველთვის თავად მკურნალობთ?

-არც ისე მარტივია, იყო შენი შვილის ექიმი. როცა საქმე შენს შვილებს ეხება, ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება. მე დილის 9 საათზე გამოვდივარ სახლიდან და ღამის 11-ზე შევდივარ. შეიძლება ისე ჩაუთავდეთ ვირუსული თუ სხვა ინფექცია, კვირაში ერთხელ თუ ვნახავ. როცა სახლში მივდივარ, უკვე სძინავთ. შენს შვილზე ცოტა სხვაგვარად აზროვნებ და ხშირად ჩემს კოლეგებთან გავდივარ კონსულტაციას. პაციენტების გამოც ვეკითხები ჩემს კოლეგებს…

მე ვარ მოსწავლე ირაკლი ციციშილის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ბიჭი მაჭავარიანის… ისინი ფლაგმანები იყვნენ პედიატრიაში. ერთად დავდიოდით რეგიონებში და უამრავი პაციენტის მიღება გვიწევდა.ირაკლი ციციშვილი და ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე სულ იმაზე საუბრობდნენ, იმ წელს 105 ათასი დაიბადა, ამ წელს – 95 ათასი, რა გვეშველებაო. ახლა იბადება 48 ათასი, რაც კატასტროფაა.

-კახა კალაძის მხარდამჭერი და მისი შვილების ექიმიც ბრძანდებით. ბატონი კახა მოჰყვება შვილებს თქვენთან ვიზიტზე?

– არ მახსოვს, ეს ბავშვები ჩემთან ვიზიტზე მოსულიყვნენ და არ ახლდეთ ან დედა, ან მამა. უფრო ხშირად, რა თქმა უნდა, დედა მოდის. რაღაც შემთხვევები გვქონდა სამართავი მათთანაც. ასეთ დროს მუდამ იყო კახა ჩართული. ამ დროს თუ ვერ მოდის, მირეკავს, კითხულობს. როცა ბავშვი გრძნობს მშობლების თანადგომას, დროულადაც ჯანმრთელდება. მისი შვილები მიჰყვებიან ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს არის სწორი კვება, სწორი აღზრდა, სწორი განათლება…

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი მოჰყავს დამხმარე ქალს. არადა ბავშვის ჯანმრთელობის მართვაში მთავარი სწორი ანამნეზის შექმნაა. ამიტომაც აღარ ვიღებ ასეთ პაციენტებს. გამართლებად არ ითვლება მშობლის მუშაობა. როცა ბავშვს პრობლემა აქვს, ყველაფერი უნდა გადავდოთ.

ასევე იხილეთ