“არ არსებობს უშეცდომო ადამიანი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემს ცხოვრებაში შეცდომა აღარ იქნება”

ლოლა წერეთელი მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და ძალიან პატარა იყო, როცა გადაწყვიტა, რომ მისი ცხოვრების მთავარი საქმე სიმღერა უნდა გამხდარიყო.

ლოლა წერეთელი: თბილისში, ვარანცოვზე დავიბადე და გავიზარდე მუსიკალურ ოჯახში. მამაც მუსიკოსი მყავდა და დედაც. სამი წლიდან მეც ვმღეროდი. სკამზე დავდგებოდი და ვყვიროდი, ყველამ მომისმინეთ, ახლა ლოლამ უნდა იმღეროს-მეთქი (იცინის). მერე, მამას საქმეებიდან გამომდინარე, რუსეთში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა, მალე დავბრუნდით და თბილისში განვაგრძეთ ცხოვრება. სახლში სტუმრები თუ მოდიოდნენ, მამა უკრავდა და დედა მღეროდა. ოჯახში ოთხი ბავშვი ვიყავით. დიდი და მხიარული ოჯახი გვქონდა. ჩემი ძმაც მუსიკოსია, ძმისშვილი, დისშვილები. ერთი ნიუ-იორკშია, მეორე – ყაზახეთში, მესამე – თბილისში და მეოთხე მე ვარ, ამ მომენტში – მოსკოვში.

როგორი ბავშვი იყავით?

– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჩემი დები და ძმა ჩემზე ასაკით დიდები არიან. მამა მე ბოლო „ვიპუსკს“ მეძახდა. რომ დავიბადე, ჩემი უფროსი და 16 წლის იყო. დანარჩენებთანაც დიდი სხვაობაა. ალბათ, იმიტომ, რომ ყველაზე პატარა ვიყავი, მამა უარს არაფერზე მეუბნებოდა. ძალიან განებივრებული ვიყავი. ჩემი დები სულ ეჩხუბებოდნენ, ლოლასთვის ყველაფერი შეიძლებაო (იცინის). სკოლის კონცერტებზე სულ ვმღეროდი, კონკურსებში ვმონაწილეობდი, აქტიური ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, სამი წელი ვიმუშავე და მერე მუსიკალურში ჩავაბარე, მაშინ ასე იყო საჭირო. სამუშაო გამოცდილების გარეშე ვერ ჩააბარებდი.

მე ვფიქრობ, რომ მომღერალი თვითონ ქმნის თავის პოპულარობას. თბილი და ყურადღებიანი უნდა იყო მსმენელის მიმართ. ახალ სიმღერას რომ ვაკეთებ, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ მათ მოეწონოთ, თან ტრენდული უნდა იყოს. ადამიანები უნდა გაახარო შენი სიმღერით. თუმცა, ერთი რამით დავიღალე. ახლა ახალი სიმღერა ვიმღერე და გადაცემაში ვთქვი, რომ არავის და არაფერს არ ეძღვნება, რომ კომერციული სიმღერაა სიყვარულზე. იმისთვის, რომ მსმენელს გულში ჩარჩეს და მოუსმინონ. წავლენ, მოვლენ და კომენტარებში მაინც ერთსა და იმავეს წერენ – რა გინდა, რატომ ტირიო. ყველაფერს მაინც პირად ცხოვრებას უკავშირებენ და რატომ? არ მაქვს უფლება, ბედნიერი ვიყო და ვიმღერო? პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სიმღერა არავის ეხება, მხოლოდ და მხოლოდ კომერციული გათვლაა, მაგრამ მაინც ჩემს წარსულსა და ასაკს მიადგებიან. ეს ძალიან მწყინს და ვბრაზდები. არ უნდა ვიმღერო სიმღერა, რომელიც მომწონს და მინდა ვიმღერო? ხან გვარს ეხებიან, ამ ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარზე ვარ. საყვარლის გვარს ხომ არ ვატარებ? რა უნდათ, არ ვიცი, დავიღალე. ადამიანი პირს რომ აღებს, არ ფიქრობს, რომ შეიძლება სხვას აწყენინოს. ძალიან სამწუხაროა, სანამ რამეს იტყვი ან დაწერ, სხვაზეც ხომ უნდა დაფიქრდე?!

სამწუხაროდ, ამ მხრივ, მართლა ცუდი მდგომარეობა გვაქვს.

– ვკითხულობ: რა არის, არ დაიღალა? ეს რა გვარი აქვს, სომეხია. ადამიანი ვარ გიმღერი, რა საჭიროა ეს შოვინიზმი. როდესაც საქართველოში შოვინისტური დამოკიდებულებები დამთავრდება, ყველაფერი კარგად იქნება. როდემდე შეიძლება, ასე გაგრძელდეს?! მუსიკას არ აქვს ეროვნება. მე აღარ მახსოვს ის ამბები და მათ რატომ ახსოვთ?! მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, ბავშვობიდან მოყოლებული მთელი გული და სული ამ საქმეში ჩავდე.

ოჯახზე ვსაუბრობდით, მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ, არა?

– კი, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და დღესაც, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ ვფიქრობ, მოეწონებოდა თუ არა მამას. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. სხვათა შორის, მამა ძალიან მკაცრი იყო. დილით რომ იღვიძებდა ან სამსახურიდან ბრუნდებოდა, თვალებში ვუყურებდით, როგორ ხასიათზე იყო. თუ ცუდ ხასიათზე იყო, წყნარად ვიყავით, თუ კარგზე, ცოტას ვიმაიმუნებდით ხოლმე (იცინის). სახლი აუცილებლად წესრიგში უნდა გვქონოდა. თუმცა, ძალიან თბილი გული ჰქონდა. ჩვენ სამი და და ერთი ძმა ვართ და გიჟდებოდა თავის ბიჭზე, ძალიან უყვარდა. დედა ჩემზე რომ იყო ფეხმძიმედ, კიდევ ბიჭს ელოდებოდა, მაგრამ გოგო დავიბადე (იცინის). ყველაზე უმცროსი ვიყავი, თან მამა პატარაც აღარ იყო მე რომ გავჩნდი და ალბათ, ამიტომ იყო, რომ ჩემ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ამდენი წელი მუსიკოსი იყო და იცნობდა ამ სამყაროს. მეუბნებოდა, ფულზე არასდროს იფიქრო, კოლეგიალობა არ დაივიწყო. ფულის გულისთვის სახელი არ გაიფუჭო და არავინ თქვას, რომ ცუდი მუსიკოსი ხარ. თუ ამ საქმეს გაჰყვები, ბოლომდე მოინდომე. თუმცა, კარგ მომღერლობასა და ცუდ ადამიანობას, კარგი ადამიანობა სჯობს. ამ ცხოვრებაში სახელზე კარგი არაფერიაო, მისთვის მთავარი ადამიანობა იყო.

მოულოდნელად გარდაცვლილა

– წინა დღეს ყველა შვილი ერთად ვიყავით მშობლებთან სახლში. მამა ძალიან კარგ ხასიათზე იყო. საღამოს წამოვედით. მეორე დღეს, ორშაბათს, სამსახურში ვიყავი და ძმის ცოლი მირეკავს, მეუბნება, მამა საჭირო ოთახში შევიდა, ვაკაკუნებთ და კარს არ გვიღებსო. ვერ გავიგე, რა მოხდა ასე უცებ. გავიქეცი, მაგრამ ცოცხალს ვერ მივუსწარი. ინსულტი მოსვლია და ყველაფერი წამებში მოხდა. არადა, კარგად იყო, დილით დედას ეხმარებოდა. დედა, მამა და მამიდა ერთად ცხოვრობდნენ. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჯერ მამიდა გარდაიცვალა, მერე კი – დედა. სამი წლის განმავლობაში ყველა წავიდა. ის სამი წელი საშინელი იყო. მას შემდეგ დაკრძალვაზე ვეღარ დავდივარ. ის საშინელებები მიდგება თვალწინ და ამიტომ მირჩევნია, არ წავიდე და ადამიანი ისეთი მახსოვდეს, როგორსაც ვიცნობდი. როცა მშობლებს კარგავ, მერე უცებ იზრდები, ხვდები, რომ ბავშვობა დამთავრდა. და-ძმანი ერთად ვართ, მაგრამ როცა დედა და მამა ამ ქვეყნიდან მიდიან, ობლდები და ხვდები, რომ ოჯახური ერთიანობა ირღვევა. იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, უბრალოდ, ყველას თავისი ოჯახი, საქმე აქვს და მშობლები აღარ გვაერთიანებენ.

მიუხედავად ბევრი სირთულისა, საოცრად ენერგიული და პოზიტიური ადამიანი ხართ.

– მე არასდროს ვარ ცუდ ხასიათზე. სამსახურშიც რომ მოვდივარ, მეუბნებიან, სხივი შემოვიდა, კარგი აურა გაქვსო. ყველგან და ყველანაირ მდგომარეობაში ვმღერი. ამით ჩემს მშობლებს ვგავარ. დედა სახლში რამეს რომ აკეთებდა, სულ ღიღინებდა. მამაც სულ მღეროდა და გასაკვირი იქნება, მე რომ ასეთი არ ვიყო. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება, მე სულ კარგ ხასიათზე უნდა ვიყო. ცხოვრებაში ბევრი სირთულეა, მაგრამ თუ სირთულეებს ავყვებით, კარგი არაფერი გამოვა. კარგზე უნდა იფიქრო, ცუდი უნდა დაივიწყო და დღევანდელი დღით იცხოვრო. შეიძლება, ადამიანი დაკარგო, შეიძლება ნივთი, მაგრამ მე სულ ვამბობ ხოლმე, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო-მეთქი. ცხოვრება კიბეა. სამი წლის წინ, ქვედა საფეხურებზე ჩავედი, მაგრამ ახლა უკვე ზემოთ – ზემოთ მივუყვები. არ არსებობს უშეცდომო ადამიანი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემს ცხოვრებაში შეცდომა აღარ იქნება. ვეცდები, ყველაფერი კარგად იყოს.

 

ასევე იხილეთ