“ვიცოდი, რომ ჩემს თავს აუცილებლად დატრიალდებოდა საშინელი ტრაგედია, კადრივით ვხედავდი”

მსახიობ ნინო ხომასურიძეს ინტუიცია განსაკუთრებით აქვს გამძაფრებული. იგი წინასწარ გრძნობს იმას, რაც მის ცხოვრებაში უნდა მოხდეს.ქალბატონი ნინო ცხოვრებამ უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა. ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, ამ დიდი სიყვარულის ნაყოფი. ჰქონდა ზღაპრულად ლამაზი ცხოვრება. ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანების გვერდით თავს უბედნიერეს ქალად გრძნობდა. ერთ დღეს კი ყველაფერი დასრულდა. ქმარი, რომელთანაც ოჯახი მცირე ასაკში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ შექმნა, ახალგაზრდა გარდაიცვალა. გავიდა დრო და ერთადერთი შვილიც დაკარგა. ამ ყველაფერს მსახიობი წინასწარ გრძნობდა.

ნინო ხომასურიძე: ინტუიციის ძალიან მჯერა. ეს უნარი მძაფრად მაქვს განვითარებული. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა, წინასწარ ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ ჩემს თავს აუცილებლად დატრიალდებოდა საშინელი ტრაგედია.

-ალბათ ეს შეგრძნება უმძიმეს განცდებთან იყო დაკავშირებული.

მძიმე იყო, მაგრამ ვერაფერს ვშველოდი. უცებ ამომიტივტივდებოდა ცუდი ფიქრები. თითქოს კინოკადრივით გამიელვებდა თავში რაღაც და მერე ის ცუდი კადრები რეალურ ცხოვრებაში ზუსტად მეორდებოდა. ამის ახსნა არ შემიძლია.

ჩემს ქმარს რაღაც რომ უნდა დამართნოდა, ვიცოდი. ვიჯექი და ვხედავდი, როგორ მოხდებოდა ჩემი ქმრის დასაფლავება,პანაშვიდს კინოკადრივით ვუყურებდი. შვილი ასე არ მინახავს. ჩემი შვილი დაიკარგა, გარდაცვლილი არ მინახავს…

-ცუდი წინათგრძნობით ჩვეულებრივ ცხოვრებას როგორ ახერხებთ?

-მარტივ მამრავლებად მშლის, მაგრამ ვერაფერს ვშველი. ვერც ვერაფრის შეცვლა მოვახერხე.მჯერა ბედისწერის, თუმცა არ დავნებებივარ, რაღაცების შეცვლას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ვცხოვრობ ისე, როგორც მართლმადიდებელ ადამიანს შეეფერება.

ასევე იხილეთ