“მიყვარხარ ოქროს ბიჭო, სულ ვიქნებით შენი შვილების გვერდით, მაგრამ შენ ვერავინ ვერასდროს შეგცვლის”

ცნობილი ექიმი-რეანიმატოლოგი, 32 წლის გუბაზ კორძაია ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას დაიღუპა. ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

მას ორსული მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გუბაზ კორძაიას მთელი საქართველო გლოვობს. კოლეგები, პაციენტები და ექიმის უბრალო ნაცნობებიც კი მას ემოციურ პოსტებს უძღვნიან. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

,,ალბათ ყველა პროფესიაში, მაგრამ მედიცინაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ნიუანსი, რასაც ქვია სისმარტე, ალღო, სწორი და სწრაფი ლავირების უნარი, აზროვნების ფართო დიაპაზონი, გამოცდილების დაგროვება და ინტერესი ყველაფრის მიმართ.

ვერ გახდები ნამდვილი ექიმი, თუ არ აკეთე ,,შავი” საქმე, თუ არ შეითავსე სანიტრის ან პათანატომის ფუნქცია, თუ არ გადააბი რამდენიმე დღე-ღამე, თუ არ იშიმშილე, თუ არ იარე ფეხით დაღლილმა… მაგრამ თვითკმაყოფილმა და ბედნიერმა, იმიტომ რომ უშველე, გადაარჩინე, გააცოცხლე და გამარჯვებული გამოხვედი სიკვდილ-სიცოცხლის ომიდან.

ყველა ,,ახალ სისხლს” მაგ თვალით ვუყურებდი და თუ ,,მარგალიტს” აღმოვაჩენდი, რომ ნამდვილი იყო, აი ,,ის” ექიმი, მოსიარულე პროტოკოლი რომ არ იქნება არასდროს და სწორი იმპროვიზება შეეძლება, პატარა ბავშვივით მიხაროდა.

ამ ბრილიანტზე როგორ არ გითხრათ, მეგობრებს კი არა, ქვეყანას რომ გამოეცალა ხელიდან.

როგორ ახერხებდი, რომ ამხელა იმედი და საყრდენი იყავი ყველასთვის გუბაზიკ, დაუზარელი, საქმის უერთგულესი, უწესიერესი, უკეთილშობილესი, ძალიან ყურადღებიანი, სულ სხვისი დახმარების პროცესში, იმ ჰაი კლასის მედიცინის პოპულარიზებას ცდილობდი სულ, რომელშიც სულს და გულს დებდი, სისხლის ყოველ წვეთს უფრთხილდებოდი, ყველა პაციენტს ეფერებოდი, ამხნევებდი, ყველა უმცროსს ასწავლიდი, არ გეზარებოდა, ან ამდენი ენერგია საიდან გქონდა???!!!

მთელი ის პერიოდი, რაც გვერდიგვერდ გავატარეთ, სულ გუბაზი გვეკერა პირზე, იცი რატომ? უნივერსალური იყავი, უანგაროდ გვერდში დგომა იცოდი, ყველაფერს ისე ლამაზად მოაგვარებდი. ვიცი რამდენს შრომობდი, წვალობდი, ვიცი როდის გტკიოდა გული, რა გეგმები და ოცნებები გქონდა. რამდენს გეჯუჯღუნებოდით, რამდენს ვღლიცინებდით ერთად: ასლანა ექიმო, თივის ჩხირო, გუბაზ-ბეი …

იმაზე ბევრად მეტი ყოფილხარ, ვიდრე გვეგონა გუბაზ!!!!!!!!!!

ამ დაუნდობელი საქციელით დაგვანახე ყველას, როგორ უნდა მოგფრთხილებოდით, კიდევ მეტად მოგფერებოდით და არსად გაგვეშვი. შენნაირები არ არიან! მართლა არ არიან. გამორიცხულია ვინმემ შეძლოს შენი ჩანაცვლება.

ვერაფერი მოასწარი შრომის და ღამისთევის გარდა, დილის 6-დან საოპერაციოში იდექი, სულ ძილი გენატრებოდა, სულ გადარბენაში იყავი და ახლა, როცა ამომავალი კი არა, უკვე ამოსული ვარსკვლავი და შემდგარი ძალიან მაგარი პროფესიონალი იყავი, და რომ უნდა დაგეწყო ტკბობა შენი მიღწეული შედეგებით, უცებ დამთავრდა ყველაფერი. ბევრჯერ მითქვამს შენთვის, რა ბედნიერები არიან შენი მშობლები, ასეთი შვილი რომ ყავთთქო.

ვერ წარმომიდგენია, რომ აღარ დამირეკავ, აღარ მეცოდინება შენი ამბები, ვეღარ დაგარიგებ და ვეღარც გიგულშემატკივრებ. როგორ მინდა რამე შეგვეძლოს! იცი რა ხდება გუბაზ? მთელი ქვეყანა ტირის, ცნობილი ექიმიო, ეს რომ გაგეგო ერთი წამით მაინც… პაციენტები რეკავენ, გაგიჟებულები სიკვდილიც რაღაცნაირი “ლამაზი” გქონდა, როგორც მეგობრობა, საქმე და ადამიანობა.

ძალიან გვატკინე ყველას! საშინლად!

მიყვარხარ ოქროს ბიჭო, სულ ვიქნებით შენი შვილების გვერდით, მაგრამ შენ ვერავინ ვერასდროს შეგცვლის.

ერთი იყავი ასეთი კარგი და განსხვავებული ყველას გვაპატიე გუბაზიკ, თუ ოდავ მაინც რამე გაწყენინეთ როდესმე არ მეგულება ადამიანი, ვისაც ამდენი სიყვარული წაუღია და კიდევ უფრო მეტი დაუტოვებია,”-წერს გუბაზ კორძაიას კოლეგა, ანა ბოქოლიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ