“ყოველთვის მეშინოდა ქალების მტრობისა და შურისძიების”

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე მტრებთან ურთიერთობის საკუთარ ფორმულას ფლობს. მას შემდეგ, რაც ცხოვრებამ სიბრძნე და გამოცდილება მოუტანა, მტრებს ვეღარ აღიქვამს, თუმცა დღემდე ახსოვს ახალგაზრდობის მძიმე ემოციები, რაც მის მიმართ გამოხატულ მტრობასა და ანგარიშსწორებას ახლდა. ბედნიერი, ლაღი და მუდამ გულწრფელი გია ჯაჯანიძეთბილისელებსმტრებთან ურთიერთობის საკუთარ ტაქტიკას ანდობს.

გიორგი ჯაჯანიძე: არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ ჰყავს მტერი, გამონაკლისი მეც ვერ ვიქნები, მით უმეტეს, ამ დროში, როცა ადამიანებში აგრესია, ბოღმა ასე მომძლავრდა, დაძაბული და მტრულად განწყობილი გარემო მათ ძალიან ამძიმებს, მაგრამ ჩემი მტრების ამბავი კიდევ სხვანაირადაა. აგრესიული და მტრული ადამიანების, ბოროტების, შურის, ლანძღვის სამიზნე როგორ არ გავმხდარვარ, მაგრამ არასდროს გამიცია პასუხი ჩემი მტრისთვის. ამის მიუხედავად, ჩემი დრო ყოველთვის დგებოდა. ბოლო პერიოდში დავასკვენი, რომ ძირითადად, ისეთი ადამიანები მმტრობენ, რომლებიც არ მიცნობენ და თვითონაც არ იციან, რატომ მმტრობენ. არიან აგრესიული ადამიანებიც, დაბადებიდან ყველას და ყველაფრის მიმართ მტრულად რომ არიან განწყობილები. ასეთი, უაზროდ „გადაკიდებულებიც“ არიან ჩემი მტრების „სიაში“. მე ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ. ამ ასაკამდე ისე მოვედი, სულ 2-3 ადამიანი მეყოლება დაკარგული, თუმცა მერე ისე ხდება, დრო მოდის და ისინიც კი მენატრებიან ხოლმე. არ შემიძლია გაბუტვა, ჩხუბი. პატარა უსიამოვნებასაც კი ისე გავატარებ ხოლმე, მართალსაც კი მომიხდია ბოდიში, რომ ის ადამიანი არ დამეკარგა. ყოფილა პერიოდი, ისეთი რაღაც მოუგონიათ ჩემზე, რომ გამიგია, გავოცებულვარ, მაგრამ ამის გამო ვერავის მტრად ვერ მოვეკიდებოდი. ერთხელ ერთი ადამიანი უმტკიცებდა მეორეს, რომ ქუჩაში დამინახა, როგორ მედო თავზე ტაშტი. ხომ წარმოგიდგენიათ? შოუში მნახა, სადაც რეიტინგის გამო წამყვანმა შეიძლება, ყველაფერი გააკეთოს, ჩაიცვას უცნაურად ან რაღაც სხვა, მან უცებ გადაწყვიტა, რომ ქუჩაში მნახა ასე. ამაზე როგორ უნდა გაბრაზდე? თუმცა, ასეთ უაზრო ჭორებს ადრე განვიცდიდი და არა თუ განვიცდიდი, ვიტანჯებოდი. ვერაფრით ვხვდებოდი, ადამიანები რატომ იგონებდნენ ტყუილს. თავის მართლების რეჟიმში ვიყავი. მტრები როგორ არ მყავდა, მაგრამ, ღიად და საშინელი წესებით მებრძოდა ვინმე-მეთქი, როგორც სხვებზე გამიგია, ჩემზე ვერ ვიტყვი. ერთი პატარა ბიჭი ვიყავი, სოფლიდან ჩამოსული, მე მტრად ვინ აღმიქვამდა. როცა წარმატებები მოვიდა, უკვე ცხოვრებისეული გამოცდილებაც მქონდა. თან, ყოველთვის ფრთხილი და წინდახედული ვიყავი. მერე და მერე გამოვიმუშავე მტრებთან ურთიერთობის ჩემი საიდუმლო. ადამიანებს, ვინც მმტრობენ, საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, არ ვიწყებ საქმის გარჩევას, არ ვიწყებ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ბოლოს ასეთი მტერიც კი „გნებდება“. მტერს ხომ ის უნდა, რომ აგიყოლიოს, შენც აგრესიაში ჩაგაგდოს, გაგიფუჭოს რამე, როგორც კი ასეთ ადამიანს გაერიდები, მას ბრძოლის ასპარეზი უქრება. მე მიყვარს ლოდინი და ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორი მოთმინების უნარი მაქვს. მოკლედ, თუ ვინმე ცუდად მექცევა, არ დავეძებ, ვიცი, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე გამჟღავნდება და დაველოდები.

მდინარის პირას, მტრის ცხედრებს როდის ჩამოატარებს წყალი?

– მდინარის პირას – კი, ბატონო, მაგრამ გვამებს არ ველოდები. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. ბულინგის მსხვერპლიც ვყოფილვარ, კონკურენციისაც, ბოროტი გარემოსიც, მაგრამ მე ამან არ გამაბოროტა. საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ძალიან ლმობიერი ვარ და ადამიანებს ადვილად ვაპატიებ ხოლმე შეცდომებს. ჩემი ტაქტიკა მაქვს. როცა ადამიანი მებრძვის და მლანძღავს, მე არ ვაძლევ პასუხს. ამ ტაქტიკით შეიძლება, რაღაც პერიოდი იყო წაგებული, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც შენ მოიგებ და ის მარცხდება. წინდახედული ადამიანი ვარ, როგორც კი შეურაცხყოფას მომაყენებ, მიმტრობ, გაცდი, უცბად არ გიპასუხებ, მაგრამ როცა გავა დრო, აუცილებლად მიგახვედრებ, რომ შეგეშალა. ცხოვრებამ ისეთი სკოლა გამატარა და ისეთი გამოცდილება მომცა, ვიცი, რომ სხვების მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანები ბედნიერები არ არიან. მე მინდა, რომ ბედნიერი ვიყო და ამ განცდას არავის გამო არ დავკარგავ. მე ჩემი თავი ისე ძალიან მიყვარს, ჩემს გულს მოვუფრთხილდები და თავს არ დავიზიანებ. ჩემი წესია, არასდროს არავის გადავუხადო სამაგიერო. ჩემი სამაგიერო არის დუმილი. მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელმაც კონფლიქტის დროს მითხრა, სამაგიეროს გადამიხდიო? მაშინვე ვუთხარი, რომ გადავუხდიდი სამაგიეროს, ოღონდ დუმილით. გავიდა დრო, მას ძალიან სჭირდებოდა ჩემი ხმა და დაცვა, მაგრამ მე გავჩუმდი, თუმცა მისთვის არასდროს არაფერი გამიფუჭებია.

მიუხედავად ჩემი მრავალფეროვანი ისტორიისა, ვცდილობდი, არ გამემწარებინა ქალები. ქალებმა ძალიან ცუდი მტრობა იციან, მაგრამ მე რატომღაც კაცები უფრო მმტრობდნენ. საერთოდ ასეა – ქალი ქალს მტრობს, კაცი – კაცს. ზოგთან სოციალური კიბე იყო მტრობის საბაბი, ზოგთან – საქმე, მეამაყება, რომ თავად არავის მტერი არ ვყოფილვარ და არავის არასდროს ვებრძოდი. მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, ვისაც სხვისი უბედურებით რამე ემატება. ამით არც წარმატებული ვხდები, არც მდიდარი, არც მაღალი და ლამაზი, ჩემი მტერი რომ გაუბედურდეს, მე რა მომემატება? გულის მოოხება მე არ მჩვევია და არც სხვისი უბედურება მაბედნიერებს. მე მინდა ვიცხოვრო სიმშვიდეში, სიკეთეში, სიხარულში. ამას დიდი შრომითა და წვალებით მივაღწიე, ამაზე ახლა, მით უმეტეს, ვერ ვიტყვი უარს. მეტკინა, მეწყინა და გამიარა. ჩემი ყველაზე დიდი იარაღი სიყვარულია. დაუჯერებელია, მაგრამ თუკი რამ ძალა აქვს ადამიანს, ეს იარაღია ყველაზე ძლიერი. ცხრა წლის რომ გავხდი, დედაჩემმა მითხრა, როცა დაიბადე არ გიტირია, იღიმოდიო. ბებია ქალი და ექიმი ხმამაღლა იძახდა, შეხედეთ იღიმისო. ყველა განსაცდელის დროს დედაჩემის ეს ნათქვამი მახსენდება და ბედნიერება მეღვრება სულში. არავის გვაქვს უფლება, ერთმანეთს გული ვატკინოთ, არც ჩვენი შეხედულების, არც ჩვენი დამოკიდებულების და არც პრინციპების გამო. დღეს ხარ და ხვალ შეიძლება, აღარ იყო იქ, სადაც ხარ; დღეს ხარ ამ აზრზე და ხვალ შეიძლება, აზრი შეგეცვალოს; დღეს ხარ ცოცხალი და ხვალ შეიძლება, აღარ იყო. ეს დრო მტრებზე როგორ უნდა დახარჯო?

ადრე, ალბათ, სხვანაირად უყურებდი ამ საკითხს, ახალგაზრდობაშიც ასე ლმობიერი იყავი მტრებთან?

– ადრე იმდენი შრომა მჭირდებოდა თავის გადასარჩენად, მშიერ-მწყურვალსა და დაღლილს, მტრებზე საფიქრალად სად მეცალა? სტუდენტობის დროს, ძალიან გვიჭირდა ფირის შოვნა, ერთი ამბავი იყო, ვინც კინოს გადასაღებად ფირს იშოვიდა. ერთხელ ჩემი კურსელი შემხვდა ქუჩაში, გამარჯობა არ ჰქონდა დასრულებული, მომახალა, უი, იცი, რომ ფირი ვიშოვე? შევხედე, მოშვებულ წვერზე „ბულკის“ ნამცეცი ეგდო. ფირი რომ იშოვა ის კი არ შემშურდა, „ბულკი“ უჭამია-მეთქი, გავიფიქრე. არ დავეძებდი ფირს, მშიერი ვიყავი. მე გადამარჩინა ბებიაჩემის ფრაზამ, რასაც ხშირად მიმეორებდა. ხარ მდიდარი, ლამაზი, ჩემზე ჭკვიანი და წარმატებული? არ დავეძებ! მე მინდა, ვიყო ასეთი, როგორიც ვარ. ადამიანებს, სამწუხაროდ, არ სჯერათ არც სიკეთის, არც ბედნიერების, არც გულწრფელობის. თუ ჩემს ახლო ნაცნობებსა და მეგობრებს ჩემს გულწრფელობაში ეჭვი შეჰპარვიათ, ახია მათზე. ახლა მე იმ ასაკში ვარ, როცა მტრებს ვეღარ აღვიქვამ ან, წლებთან ერთად, მტრებმაც იკლო, თუმცა ახლა უფრო ავლენენ ადამიანები თავს, მეტად გაბედულები გახდნენ ამ მხრივ. რატომ უნდა მიმტროს დღეს მე ადამიანმა? მე ხომ არ ვარ ახალგაზრდა, ვინმეს ან შეყვარებული წავართვა, ან გზაზე გადავეღობო, თუ მაინც მიმტრო ადამიანმა, ის არის აგრესიული და პროფესიით მტერი და ასეთები რას გამაკვირვებენ? ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ადამიანებს ვიცნობ, დრო რომ გადის, ცხოვრების სიბრძნე ემატებათ და ერთმანეთს ურიგდებიან. ისინი კიდევ უფრო გადარჩენილები არიან. ამასაც თუ ვერ მიხვდი, რომ ამ სამყაროში მტრობასა და ბოროტებაზე დრო არ უნდა დაკარგო და ბევრი ღირებული რამ არსებობს, შენი საშველი აღარაა. შეიძლება, ისეთ მწვერვალებზე ახვიდე, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენ, მაგრამ შენმა შურისძიებამ და მტრობამ ზღართანი მოგადენინოს მიწაზე. ეს სულ მახსოვს, ამიტომაც ვცხოვრობ პრინციპით – არ უმტრო არავის, რასაც გასცემ, ის დაბრუნდება შენს ცხოვრებაში და მთავარი – რას დაეძებ! საოცარი რამ არის ბუმერანგის პრინციპი. როცა გინდა, ვინმეს ადგილი დაიკავო, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით, ძალიან ცუდია შენი მომავალი ცხოვრებისთვის. აბა, გადავავლოთ თვალი ჩვენ ირგვლივ ისტორიებს, როგორი კრახით დამთავრდა სხვისი ადგილის დამკავებლის ცხოვრება. ვიოცნებოთ წარმატებაზე, ბედნიერებაზე და თუ სწორად ვიოცნებებთ და ვიცხოვრებთ, მას აუცილებლად მივიღებთ.

ასევე იხილეთ