“უკრაინა არცერთი დღით არ დაუტოვებია საქართველოს კონსულს კიევში ნანა ჩაბრავას და საქართველოს გენერალურ კონსულს ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილს”

“მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა არცერთი დღით არ დაუტოვებია საქართველოს კონსულს კიევში ნანა ჩაბრავას და საქართველოს გენერალურ კონსულს ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილს,” – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი რაულ ქირია ავრცელებს.

როგორც ქირია აღნიშნავს, ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის გამო არ იმყოფებიან უკრაინაში – ნანა ჩაბრავა და თორნიკე ბერეკაშვილი საკუთარი თანამემამულეების მიტოვებას არ აპირებენ.

“სამი კვირაა, უკრაინა შემართებით და გმირულად იცავს საკუთარ სამშობლოს რუსი აგრესორებისგან.

მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა არცერთი დღით არ დაუტოვებია საქართველოს კონსულს კიევში ნანა ჩაბრავას და საქართველოს გენერალურ კონსულს ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილს.

ნანა ჩაბრავა აფხაზეთიდან დევნილია, რუსეთის აგრესიის შედეგები ერთხელ უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე 11 წლის ასაკში, როდესაც ტყვიების და ათასი საშინელების ფონზე მოუწია მშობლიური ქალაქის დატოვება.

ომის დაწყებიდან არაერთი საელჩოს წარმომადგენელმა დატოვა უკრაინა, თუმცა არც ნანა ჩაბრავას და არც თორნიკე ბერეკაშვილს ამის სურვილიც არ გამოუთქვამთ, დღემდე ყველაფერს აკეთებენ, რომ ომის ქარცეცხლში მყოფ არაერთ ქართველს დაეხმარონ მაქსიმალურად. ისინი მხოლოდ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, მათი იქ ყოფნა ბევრისთვის არის იმედი და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თანამემამულეების მიტოვებას არც აპირებენ.

როდესაც ეს ომი დასრულდება და დასრულდება რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებით, ერთმანეთის მოფერებისა და სიყვარულისთვის მერე უფრო გვექნება დრო, თუმცა ახლაც უნდა ვიცოდეთ ასეთი ადამიანების შესახებ. ამ 21 დღის განმავლობაში გმირობის იმდენი მაგალითი ვნახეთ, თითქოს აღარც გვიკვირს, იქ სხვანაირად რომ არავინ იქცევა.

1920 წელს, როდესაც ოდესაში საბჭოთა არმია შევიდა, არც საქართველოს მაშინდელმა კონსულმა არ დატოვა იქაურობა, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის აგრიმანის მფლობელი გახდა და ასე ემსახურებოდა მოქალაქეებს – ასეთი ვიყავით საუკუნის წინაც, ასეთები ვართ ახლაც და ერთმანეთის ზრუნვის „ვალდებულებაზე“ არც არასოდეს ვიტყვით უარს,” – წერს რაულ ქირია.

ასევე იხილეთ