“ჩემსა და მარია კალასს შორის ბევრი საერთო აღმოვაჩინე”

მსახიობ ლელა ალიბეგაშვილის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი, ერთი შეხედვით, შემთხვევითმა შეხვედრებმა ითამაშა. თავად ქალბატონი ლელა დარწმუნებულია, რომ შემთხვევით სამყაროში არაფერი ხდება და იქ, მაღლა, ყველაფერი დაგეგმილია.

დედა ექიმი იყო, საოცრად არტისტული ბუნების ქალბატონი ბევრ პიანისტზე უკეთესად უკრავდა. მამა მუსიკოსი გახლდათ. ასეთ ოჯახში გაზრდილი გოგონა ბალერინობაზე ოცნებობდა და ქორეოგრაფიული სასწავლებელიც დაამთავრა, მაგრამ მოხდა ის, რაც უცილებლად უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში. მერვეკლასელი ლელა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას “კავკასიურ ცარცის წრეს” დაესწრო. სპექტაკლმა გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა, მთელი ღამე არ ეძინა. დროთა განმავლობაში კი მკაფიოდ ჩამოუყალიბდა აზრი, მსახიობი გამხდარიყო.

თეატრალურ ინსტიტუტში შესანიშნავი პედაგოგის, ლილი იოსელიანის, სტუდენტი გახდა, რომელიც სიმკაცრით გამოირჩეოდა და სტუდენტებისგან მაქსიმუმს ითხოვდა.

მეორე კურსზე იყო, როცა რუსთაველზე მეზობელი ფოტოგრაფი საშა ტამბულიდი შეხვდა და სერგო ფარაჯანოვთან გაყოლა შესთავაზა. გენიალური რეჟისორი და მხატვარი საზოგადოებაში უცნაური ადამიანის სახელით სარგებლობდა. ლელა შეყოყმანდა, მაგრამ ფოტოგრაფმა ძალით აარბენინა აღმართი.

პირველი წუთებიდანვე ფარაჯანოვსა და მომავალ მსახიობს შორის თბილი, მეგობრული, მშობლიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ფარაჯანოვმა მასში თავისი მომავალი ფილმის პერსონაჟი დაინახა. ასე ერგო წილად ლელა ალიბეგაშვილს ბედნიერება, ყოფილიყო ულამაზესი ფილმის, “სურამის ციხის”, მთავარი გმირის – ახალგაზრდა ვარდოს როლის შემსრულებელი.

რუსთაველის თეატრში სერგო ფარაჯანოვის რეკომენდაციით მიიღო რეჟისორმა რობიკო სტურუამ. გამორჩეულ სპექტაკლებში ითამაშა. ყველა პერსონაჟში, პირველ ყოვლისა, ადამიანი აინტერესებდა, რომელსაც არა მარტო სცენაზე გააცოცხლებდა, არამედ მასთან ერთად ივლიდა, იფიქრებდა, მისი სულის ლაბირინთში შეაღწევდა, მერე კი თავისთვის დაიტოვებდა სიკეთის პატარა ნამცეცსაც კი, რასაც მასში აღმოაჩენდა.

როგორია ცხოვრება რამპის ჩირაღდნების შუქზე, მსახიობი ქალი “სარკეს უყვება.

ჩვენთვის ცობილია, რომ ბალერინობას აპირებდით, შემდეგ კი შეცვალეთ გადაწყვეტილება და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეთ, რით იყო განპირობებული თქვენი არჩევანი?

– თეატრს აქვს უდიდესი ზეგავლენა ადამიანზე. კარგად დადგმულ სპექტაკლს შეუძლია, მაყურებელი დააფიქროს, ზოგჯერ კი შეცვალოს მისი ცხოვრება. “კავკასიური ცარცის წრის” ნახვის შემდეგ ბევრმა გადაწყვიტა მსახიობობა, რეჟისორობა. მათ შორის ვიყავი მეც.

პირველ წელს ნახევარი ქულა დამაკლდა, მეორე წელს ქალბატონ ლილი იოსელიანის ჯგუფში მოვხვდი. ძალიან მკაცრი პედაგოგი იყო. ჩვენ არ გვქონია ისეთი სტუდენტობა, ბევრი დრო რომ გრჩება გართობისა და დასვენებისთვის. შეღამებულზე გამოვდიოდით ინსტიტუტიდან. ზოგჯერ ეშმაკობას ვიგონებდით, რომ ცოტა ხნით შევესვენებინეთ. გვეუბნებოდა, არ გეგონოთ, როცა თეატრში მიხვალთ, მაშინვე განებივრებული იქნებით მთავარი როლებით, ამიტომ მოთმინება იქონიეთ, დაესწარით რეჟისორის რეპეტიციებს, დასხედით დარბაზში, აიღეთ რვეული და ჩაიწერეთ თქვენი დაკვირვებებიო.

მეც მზად ვიყავი, რომ რვეულით ვმჯდარიყავი დარბაზში, მაგრამ გამიმართლა და დასაწყისიდანვე შემიყვანეს სპექტაკლებში.

თქვენთვის ალბათ დაუვიწყარია შეხვედრა რეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან. როგორი გახსოვთ დიდი მაესტრო?

– მეორე კურსზე ვიყავი, რუსთაველზე შემხვდა ჩემი მეზობელი ფოტოგრაფი, რომელმაც მითხრა, რომ ფარაჯანოვთან მიდიოდა და შემომთავაზა, გავყოლოდი. მოგეხსენებათ, ფარაჯანოვზე ათასგვარი ხმა იყო გავრცელებული და მეც, პატარა გოგომ, უარი ვუთხარი. დამაძალა, თუ გინდა, რომ მსახიობი გახდე, როგორ შეიძლება, ასეთი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვაო. დანახვისთანავე სერგომ გამიღიმა და საშას უთხრა, ეს რა სილამაზე შემომიყვანე ჩემს სახლშიო. პირველი წუთებიდანვე გამეფანტა უხერხულობა, ადვილად დავმეგობრდით.

იგი ნამდვილი გენიოსი იყო, გიჟი, გადარეული ხელოვნებით. გამორჩეული ხედვისა და აზროვნების მქონე ამოვარდნილი იყო კომუნისტური ხელოვანის ჩარჩოდან. მისი არსებობა და ცხოვრება იყო პირდაპირი პროტესტი მაშინდელი რეჟიმისა, ამიტომაც უვრცელებდნენ ამ ბინძურ ჭორებს. არადა იყო გულწრფელი და ძალიან თავისუფალი. უბრალო ანეკდოტის მოყოლის დროსაც ყურებზე ამაფარებდა ხელს, ბავშვმა ცუდი სიტყვა არ გაიგონოსო. უდიდესი მხატვარი იყო, მისი ფერადი ფილმები დღემდე აოცებს მსოფლიოს.

მამა რომ გარდამეცვალა, მოვიდა ჩემთან და მთელი დღე იდგა კუთხეში. მას ჰქონდა მშობლიური გრძნობა ჩემ მიმართ და მეც მთელი გულით პატივს ვცემდი….

როცა გამოგვაცილა, დაიძახა, ეს იქნება ჩემი ვარდო ახალგაზრდობისას, რომელსაც მერე სოფიკო შეცვლისო. მე ვერ გავიგე, რომელი ვარდო უნდა ვყოფილიყავი. ვიფიქრე, ალბათ მრეცხავ ვარდოს გულისხმობს-მეთქი. ორი თვის შემდეგ კი “სურამის ციხის” გადაღებაზე დამიძახა.

გული მწყდება, რომ ჩვენი ურთიერთობა ცოტა ხანს გაგრძელდა. მოგეხსენებათ, არეული დრო იყო. როცა შეუძლოდ შეიქნა, ქვეყანამ ვერ ან არ უპატრონა დიდ რეჟისორს. ჩვენმა მეზობლებმაც იდროვეს და სასწრაფოდ სომხეთში წაიყვანეს. ასე დავკარგეთ შანსი, რომ ამ გენიალური რეჟისორის საფლავიც და მეუზეუმიც თბილისში ყოფილიყო.

ფარაჯანოვს უყვარდა საჩუქრების კეთება მეგობრებისთვის. ხომ არ გაქვთ მისი ნაჩუქარი ნივთები?

– ულამაზესი ვერცხლის სამაჯურები მაჩუქა, დიდი, ნატიფად ნაჭედი, სერდოლიტის თვლებით. ასევე ოქროს ბეჭედი და ქუდი, რომელიც ფიროსმანის გადაღებისას გააკეთა. ის ქუდი იქვე მომპარეს, ასევე სამკაულებიც მოიპარეს ჩემი სახლიდან. დამრჩა ძველებური, ფეხიანი სარკე, ლაქებიანი, შეუხედავი. როცა მჩუქნიდა, მითხრა, ეს კეთილი სარკეა, წარმატებას მოგიტანს, გთხოვ, არასდროს შეიცვალო, შეინარჩუნე ის სუფთა სული, რაც ძალიან გამშვენებსო.

სარკე კარადის თავზე მაქვს შენახული. სულ რამდენჯერმე გადმოვიღე, ისიც უნებლიეთ, შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. მჯერა, როცა ამ სარკეს შევეხები, მისი სული ჩემ გვერდით არის.

თქვენი სპკექტაკლებიდან ორის გახსენებას გთხოვთ – “მერე რა, რომ სველია, სველი იასამანიდამარია კალასის გაკვეთილები”.

– რობერტ სტურუა რომ უდიდესი რეჟისორია, ეს არაერთხელ დაამტკიცა თავისი სპექტაკლებით. “სველი იასამანიც” ამის დასტურია. ეს იყო თემა, რომელიც ძალიან სტკიოდა ქვეყანას, შავი ჭირივით მოედო ნარკომანია, ახალგაზრდა თაობა იძირებოდა ჭაობში. სწორედ ამ დროს დადგა რობიკომ ლაშა თაბუკაშვილის ეს შესანიშნავი პიესა.

ძალიან ცუდი დრო იყო – სიცივე, უშუქობა, ჩაფუთნულები ვისხედით რეპეტიციებზე. პრემიერის დროს შუქი გამოირთო, სანთლებზე გავაგრძელეთ თამაში. ცხვირიდან და პირიდან ორთქლს ვუშვებდით გველეშაპებივით, მაინც არ ვეპუებოდით.

ისეთი დაინტერესება იყო მაყურებლის, ბილეთები არ იშოვებოდა. ზოგჯერ ხელით ხატავდნენ ბილეთს და ისე იპარებოდნენ თეატრში. მაყურებელი შეიარაღებული იყო ფარნებით, სანთლებით, რომ უშუქობას ხელი არ შეეშალა. ეს იყო თანხვედრა – დრამატურგის შესანიშნავად დაწერილი პიესა, რეჟისორის ოსტატობა და სწორად შერჩეული მსახიობების გუნდი. ეს იყო დროის სათქმელი და ჩვენ ხმამაღლა ვთქვით. ამ სპექტაკლზე მოვიდნენ ახალგაზრდები, ვინც თეატრში არასდროს ყოფილან, იმიტომ, რომ გაიგეს, მათზე იყო ეს ისტორია. შემდეგ ისინი აქტიური მაყურებლები გახდნენ.სწორედ ეს არის თეატრის ძალა. თეატრი უსწრებს დროს, ამბობს ეპოქის სათქმელს. გარდატეხას ახდენს ერის ცნობიერებაში, ამიტომაც იყო, რომ ყველა ტირანი ხელისუფლება ებრძოდა თეატრს. სწორედ ამიტომ შერისხეს და დაატოვებინეს თეატრი რობიკო სტურუას.

მთელი თეატრი უმძიმეს დღეში აღმოვჩნდით. ჩემთვის თეატრში მისვლის პირველი დღიდან ყველაზე მძიმედ გადასატანი დღეები დაიწყო. ამ თეატრში რობიკო სტურუამ მიმიღო, აქაც ფარაჯანოვმა იაქტიურა. მკითხა, შენი თავი ინსტიტუტის შემდეგ სად წარმოგიდგენიაო. ვუპასუხე, რუსთაველის თეატრში-მეთქი. მეც სწორედ მანდ გხედავო. არც მკითხა, აიღო ჩემი მასალები და მივიდა რობიკოსთან, უთხრა, ეს არის ნამდვილი მსახიობი, ძალიან ნიჭიერი გოგოო. ასე მიმიღეს “რუსთაველმა” და რობიკო სტურუამ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სასოწარკვეთილი ვიქნებოდი რობიკოს განდევნით…

ერთ დღესაც მოსკოვიდან დამირეკა სტურუამ და მითხრა, შენთვის მაქვს ბერძნული პიესა მარია კალასზეო. ამ სპექტაკლზე 11 წლის წინ მელაპარაკებოდა, მაგრამ შემდეგ გაჩერდა და მეც აღარ მიკითხავს, როდის აპირებდა დადგმას. და, აი, 11 წლის შემდეგ გადაწყვიტა. ეს ზარი ჩემთვის იყო სუფთა ნაკადის შემოდინება.

როცა მუშაობა დავიწყეთ, დარბაზი არ გვქონდა სარეპეტიციო. არავინ გვიღებდა ან ისეთ ფასს ადებდა დარბაზს, შეუძლებელი იყო გადახდა.

ამ დროს დაგვიდგა გვერდით ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც რობიკოსთვის ააშენა დარბაზი ფაბრიკაში. ახლა რომ გვაძახებენ, ივანიშვილმა მოგისყიდათ თავისი სტიპენდიებითო, იმას ერქვა მოსყიდვა, რომ გვეუბნებოდნენ, უარი თქვით ამ სტიპენდიებზე და ჩვენ ორმაგს გადაგიხდითო.

დავუბრუნდები მარია კალასს. ბავშვობიდან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე და, რა თქმა უნდა, მარია კალასის თაყვანისმცემელიც ვიყავი. ასე რომ, გამიხარდა, ეს სახე რომ უნდა გამომეძერწა. ძალიან ბევრი რამ წავიკითხე მასზე. არ ვიცი, რამდენად შეეფერება სიმართლეს, მასალებში პატარა, ბუნდოვანი ფოტოც კი აღმოვაჩინე ჩვილი ბავშვის, ეწერა, რომ ეს იყო კალასის შვილი ონასისისგან, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თუ ეს სინამდვილეა, იმაზე უბედური ქალი ყოფილა, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით.

ბევრი საერთოც აღმოვაჩინე მასთან, ის, რომ იყო პირდაპირი, განათლებული, არ იყო შურისმაძიებელი და მტარვალი. დიდი თანაგრძნობა მაქვს მის მიმართ, რომ ონასისმა უღალატა, დატოვა საბედისწერო ვნებით შეპყრობილი მარტოობაში, თუმცა კი თავად მანაც უღალატა თავის დროზე ქმარს, რომელმაც მისი კარიერისთვის ბევრი რამ გააკეთა.

მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ჰყავდა დესპოტი დედა, რომელიც მუდამ ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო შვილის ნიჭისგან. ბოლოს, როცა გარდაიცვალა, მილიონები და ასევე მილიონებად შეფასებული მისი სამკაულები გაინაწილეს დედამ და ყოფილმა მეუღლემ.

ყველა, ვინც არ უნდა იყოს შემდეგ, დიდი მხატვარი, მწერალი, მსახიობი, ექიმი, პედაგოგი თუ სხვა, ჯერ ადამიანად იბადება სუფთა სულით. მთავარი ის არის, ცხოვრების ორომტრიალში, ათასგვარ აღმართ-დაღმართში როგორ შეინარჩუნებს ადამიანობას, როგორ გადაარჩენს საკუთარ სულს. მე ყველა ჩემს გმირში ადამიანი მაინტერესებს, ამ კუთხით ვუყურებ და ვხსნი მათ სახეებს.

თქვენი პირდაპირი ხასიათის გამო უსიამოვნებები არ გქონიათ?

– ბევრჯერ. დიდი დრო დამჭირდა, რომ მესწავლა – ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. მართალი რომ გითხრათ, დღემდე არ ვიცი, კარგად ვისწავლე თუ არა ეს ანდაზა.

სცენის მიღმა ცხოვრებაზე, პირადზე მომიყევით.

– ათი წელია მეუღლეს დაცილებული ვარ. ასე რომ, ამ თემაზე არ ვსაუბრობ. მყავს 19 წლის ვაჟი, სტუდენტი. იმედი მაქვს, საუკეთესო ადამიანად ჩამოყალიბდება, ეს არის ჩემი მთავარი ოცნება.

როლზე უარი თუ გითქვამთ?

– ბევრჯერ. მე მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ არა – ფანატიკურად და არა – ისე, რომ ყველა როლი მოვირგო. საერთოდ, ფანატიზმში არაფერია კარგი და ფანატიკოსებმა ბევრი რამ გააფუჭეს ქვეყანაში. მეამაყება, რომ ვარ მსახიობი, მაგრამ ამის იქითაც არსებობს ცხოვრება, ბევრი კარგი რამ – მეგობრები, საინტერესო ადამიანები, სიკეთე, თანაგრძნობა. მე მჯერა, რომ დედამიწას თანაგრძნობა ატრიალებს.

ასევე იხილეთ