როგორ იქცა გოგა მესხის ოცდაათწლიანი მეგობრობა დიდ სიყვარულად და როგორ რჩება ის მეუღლესთან დაშორების შემდეგ საუკეთესო მამად

მომღერალი გოგა მესხი ბოლო პერიოდში შემოქმედებითი თვალსაზრისით ძალიან გააქტიურდა, თუმცა, როგორც ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე მისთვის მთავარი ამპლუა მამობაა და ცდილობს, მას საუკეთესოდ გაართვას თავი.

გოგა მესხიკოვიდის შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. შემოქმედებითად ვაქტიურობ, ნელ-ნელა ახალ სიმღერებს ვწერ და ვმღერი, კონცრტებიც იგეგმება, რაც ძალიან მახარებს. ვმუშაობ ზურა მახნიაშვილთან, დაგეგმილი მაქვს გადაღებები ვიდეორგოლისთვის და ასე შემდეგ.

არაერთი შემოთავაზება გქონდა სხვა ქვეყნებიდან, რატომ არ გამოიყენე?

– ასეა, მაგრამ თავის დროზე რომ არ წავედი, ახლა უკვე აღარ მინდა. არადა, შეიძლებოდა, ყველაფერი ხუთიანზე გაკეთებულიყო. ბალერონი ნიკა ცისკარიძე ჩემი დეიდაშვილია და მან შემომთავაზა მოსკოვში ჩასვლა. მაშინ „ფაბრიკა ზვიოზდის“ პერიოდი იყო. მაშინ რატომღაც ვერ გამოვიდა, მაგრამ არც ვნანობ. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. დედისერთა ვარ, მამა ცოცხალი აღარ არის და არ მინდოდა, დედა მარტო დამეტოვებინა. თუმცა, ძალიან რომ მომენდომებინა, ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა. არ ვარ ის ტიპი, დიდი ხნით რომ წავიდე სადმე. ახლა ანგელოზივით შვილი მყავს და ეს ყველაზე მთავარია. ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. მამიკოს მსუქანა სიყვარული ჰყავს, რომელსაც სიყვარულით ვზრდით. ხუთი წლის არის, მაგარი ჭამისტია.

ალბათ, ძალიან ყურადღებიანი და აქტიური მამა ხარ.

– ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი მამა ვარ. ალბათ, მამა, მინიმუმ, ჩემნაირი უნდა იყოს. წაყვანა-მოყვანა, თამაში, ელემენტარული თუ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე უნდა აიღო. მარტო ის ხომ არ არის, რომ გათხოვდება, მერე ქორწილი იკისრო. მამა ყველაფერში მამა უნდა იყოს. სხვა ყველაფერი მოიცდის, შვილზე მნიშვნელოვანი არაფერი გამაჩნია. თუკი, ამქვეყნად რამეს ვაკეთებ და რამე წარმატებას ვაღწევ, ყველაფერს ჩემს შვილს ვუზიარებ. მნიშვნელობა არ აქვს, მატერიალური იქნება თუ სულიერი. ცისფერთვალება მსუქანა გოგო რომ გყავს, ამაზე დიდი ბედნიერება, რა უნდა იყოს?! ვცდილობ, ყველაფერში ჩართული ვიყო, რაც კი მას ეხება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამის გამო რამით გამორჩეული ვარ. გულწრფელად ვამბობ, ვფიქრობ, რომ ასეც უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მე და მარიამი ერთად აღარ ვართ, ეს პრობლემებს არ გვიქმნის. ახლაც ჩემს შვილთან ვარ, რომელიც დედასთან იზრდება. მე და მარიამს ძალიან ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ არის. გადასარევი გოგოა, უბრალოდ ჩვენ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს.

ბავშვამდე როგორ მიიტანეთ ეს ამბავი?

– სიმართლე რომ ვთქვა, არც უგრძნია. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ ჩემთანაა და უფრო ხშირად მე ვარ მასთან. ამიტომ, ამის გამო პრობლემა არ გვაქვს.

როდის მოხდა ეს ამბავი?

– თითქმის სამი წელია, მაგრამ ამაზე აქამდე საჯაროდ არ მისაუბრია. დღეს მეც და მარიამსაც ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ერთმანეთს პრობლემებს არ ვუქმნით. მე ჩემი ოჯახი მაქვს.

ეს კარგი ამბავი როგორ დაიწყო?

– ეს ამბავი 30 წლის წინ დაიწყო. ჩვენ მთელი ცხოვრება ვმეგობრობდით. ყოველთვის ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. მუსიკალური, სკოლა, ბავშვობაში კარნახსაც კი ერთად ვწერდით. 6-7 წლისები ვიქნებოდით, როცა ერთმანეთი გავიცანით. საერთო სამეგობრო გვყავდა და ვიკვეთებოდით ხოლმე, მაგრამ ზედმეტი არასდროს არაფერი ყოფილა. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მეგობრობის ფარგლებში იყო. ბოლო პერიოდში, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აღარ მინახავს. მას თავის ცხოვრება ჰქონდა, მე – ჩემი. მერე შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, თან ერთ უბანში ვცხოვრობთ. ერთი-ორჯერ საქმის გამო მოგვიწია შეხვედრა და მერე უკვე სხვა ამბავი დაიწყო.

ეს ყველაფერი ოჯახის დანგრევის შემდეგ ხდებოდა?

– რა თქმა უნდა. სხვანაირად გამორიცხულია. მე და მარიამს შორის ურთიერთობა უკვე არეული იყო. ჩვენს დაშორებასთან ამ ურთიერთობას არანაირი საერთო არ აქვს.

ამდენხნიანი მეგობრობის შემდეგ სიყვარულში გამოტყდომას უხერხულობა არ ახლდა?

– ძალიან გამიბრაზდა, მართლა ძალიან. მახსოვს ისე გაბრაზდა, მანქანიდან გადავიდა და გადაწყვიტა, ურთიერთობა გაეწყვიტა, აღარ გნახავო. კარგი, აღარ მნახო, მაგრამ ქუჩაში ხომ არ დაგტოვებ, სახლში მიგიყვან-მეთქი. რომ მივიყვანე, მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც კარგად ვიცნობ, ჩემი პარალელურკლასელი იყო. ერთმანეთი მოვიკითხეთ და მეუბნება, ხომ არ შემოხვალ, კარგი ღვინო მაქვსო. რატომაც არა-მეთქი (იცინის). მერე ნელ-ნელა მისმა გაბრაზებამაც გადაიარა და დღეს ჩემი მეუღლეა.

თვითონ როდის მიხვდა, რომ ეს ამბავი ორმხრივი იყო?

– ეს ნელ-ნელა მოვიდა. „კაი ტიპი“ ვარ და რას ვიზამთ (იცინის). ყველაფერი თავისით მოხდა. ვერ გაიგებ სიყვარული როდის გეწვევა. ყველაფერი ძალიან თბილად და კარგად წარიმართა.

როგორ შეხვდნენ ამ ამბავს თქვენი გარშემო მყოფები, მთელი ცხოვრება რომ ორივეს გიცნობენ?

– ბუდაპეშტში მივდიოდით და აეროპორტიდან ფოტო დავდე „ფეისბუკზე“, დავწერე: ჩემი ცოლი-მეთქი და გავფრინდით. აფეთქდა ჩემი გვერდი (იცინის). მანამდე არავისთვის არაფერი მითქვამს და ყველამ ასე გაიგო. უკვე ორი წელია, ერთად ვართ.

ოჯახი ახალი დანგრეული გქონდა და კიდევ ერთხელ ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდა?

– მართლა რთულია, მაგრამ თვითონ ძალიან დამიდგა გვერდით. ძალიან თბილი ადამიანია. თან, ელენესთან აქვს გადასარევი ურთიერთობა. რომ ნახო, როგორ ეთამაშება და ეფერება, გული გაგითბება. დედასავით ჰყავს და ძალიან მახარებს ეს ამბავი.

თვითონ ჰყავს შვილები?

– არა, მისთვის პირველი ქორწინებაა.

ვინ არის მეუღლე?

– თამარელა სარალიძე. სხვათა შორის, ძალიან კარგად უკრავდა, არაჩვეულებრივად ხატავს, მაგრამ ახლა კავშირგაბმულობაში მუშაობს და სულ ვეჩხუბები, მაგას თავი დაანებე და შენი საყვარელი საქმე აკეთე-მეთქი. ჯერ უშედეგოდ, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემსას გავიტან, იმიტომ, რომ მართლა ძალიან კარგად ხატავს. ყოფილი მოდელია და ყველაფრის გათვალისწინებით, ხელოვნებასთან ჩემსავით, ძალიან ახლო კავშირშია.

ასევე იხილეთ