“ჯანმრთელი, ლაღი გოგო შევიდა სამზარეულოში, ჩაიკეცა და ერთ წუთში დამთავრდა“

ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

„რამდენიმე დღის წინ, დილის ექვსზე მესინჯერში მომწერა “ნუცი, არ გძინავს”? არც მეო… ის ქმარს უვლიდა, მე დედას; არასოდეს დაუსვამს ზედმეტი კითხვა, ზუსტად ხვდებოდა როდის და რა მტკიოდა;

მერე ტელეფონზე ვილაპარაკეთ, დავიხოცეთ სიცილით; ბოლო ღამეებია გიჟივით შევდივარ ჩვენს ჩატში და მაგის ხმოვან შეტყობინებებს ვუსმენ, ასჯერ, ათასჯერ… ვერ ვძღები. ყველაზე კეთილი, ყველაზე მხიარული და სიცოცხლით სავსე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და საუკეთესო მეგობარი აღარ მყავს. ახლა აღარც ვიცი ჩემს თავს ვტირი, თუ იმას.

სამი ყველაზე შეუსაბამო და უაზრო სიტყვა, რომელიც ოდესმე გამიგია: ეკა მიქაუტაძე მოკვდა. ამას რად უნდა სტატუსი ან კომენტარი, რა კომენტარი უნდა გააკეთო ადამიანმა ამაზე აბა “გითანაგრძნობ”? თუ “ვიზიარებ”? მე არ ვარ ეკას ჭირისუფალი, მე ეკას მეგობარი ვარ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით; პირველად მომიკვდა დაქალი. ეს სიმწარეც ვნახე.

რეებზე და ვისზე ნერვიულობთ ხალხო? ჯანმრთელი ლაღი გოგო შევიდა სამზარეულოში, ჩაიკეცა და ერთ წუთში დამთავრდა.

იცი როგორი გოგო იყო? დედა იყო ყველასი. ამხელა და ამდენი სიტყვების რახა-რუხი ჯერ მე აქ არ დამიწერია; უბრალოდ მტკივა ჩემი ეკა. დავდივარ, შოკში ვარ და გულში ვეჩხუბები: – ეს რა ქენი გოგო, გაგიჟდიი????

მე კარგად ვარ, ვინც მკითხულობთ; მე კიდეც ვიცოცხლებ, კიდეც გავიცინებ და ცხოვრებაც გაგრძელდება…. მიყვარხარ შე გადარეულო! არც იცი რას გიზამ, როცა მეც მოვალ მანდ!..“

 

ასევე იხილეთ