”ნიჭიერში” მოგებულ სახლს ერთი კარგი ტრაქტორი მირჩევნია”

,,რუსთავი 2″-ის მეგა შოუ ,,ნიჭიერის” გამარჯვებული ტრაქტორისტი დავით ლეკაშვილი ყველას აოცებს, როცა მოუხერხებელი და მძიმეწონიანი ტექნიკით საოცრებებს აკეთებს. შოუში კულმინაცია იყო, როცა ტრაქტორის კოვშით თიკა ფაცაციას ფრჩხილებზე ლაქი წაუსვა.

ქვეყნის ნომერი პირველი ნიჭიერი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოდანაა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ტრაქტორზე პირველად 12 წლის ასაკში დაჯდა და მას შემდეგ სხვა ოცნება არც ჰქონია. ის ,,სარკეს თავისი ცხოვრების საქმეზე უამბობს:

– ტრაქტორი ჩემი სამსახურია. წყალმომარაგების სისტემაში ვმუშაობ და ჩემი საქმეა, წყლის დაზიანებული მილები ტრაქტორით ამოვთხარო. შემდეგ ველოდები მუშებს, რომლებიც მუშაობენ ავარიულ სიტუაციაზე. ამის გამო გარკვეული პერიოდი მიწევს ხოლმე უსაქმოდ ყოფნა და თავი რომ რაღაცით შემექცია, დავიწყე ტრაქტორის უკეთ ათვისება.

სულ პირველად სოფელში კაკლის ხის დაბერტყვა ვცადე. მივარტყამდი კოვშს, ჩამოიყრებოდა კაკალი და კოვშით ისე ვამტვრევდი, რომ ნიგოზი არ იჭყლიტებოდა. მერე უკვე მეგობრები და თანამშრომლები მეტყოდნენ ხოლმე, აბა, ტრაქტორით კიდევ რას გააკეთებო. ასე ავანთე ასანთი. მიწის ამოთხრისას წყლის მილს ისე ვასუფთავებდი, რომ მუშებს აღარ უწევდათ დამატებით მუშაობა.

თქვენი და ტრაქტორის მანევრებით ბევრი ნიძლავიც გექნებათ მოგებული.

– კი, ზაფხულში ლუდი და თევზი ხშირად მომიგია. სწორედ ტრაქტორით ნემსის აგებაზე ვუდებდი სანაძლეოს ერთ ადამიანს ცხვრისა და 20 ლიტრი ღვინის სანაცვლოდ, მაგრამ უთხრეს, ყველა ვარიანტში წააგებო და გადააფიქრებინეს.

12 წლის ვიყავი, პირველად რომ მამაჩემის ტრაქტორზე დავჯექი და დამოუკიდებლად შევასრულე სასოფლო-სამეურნეო საქმე. ტრაქტორის გარდა ცხოვრებაში სხვა ინტერესი არ მქონია. ბავშვობიდან სულ მაზუთიანი ხელები მაქვს და ამ მაზუთიანი ხელებითაც მიყვარს პურის ჭამა. ყველაზე ცუდად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ძალიან გაგვიჭირდა და მამამ ტრაქტორი გაყიდა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვიწვალეთ, რომ კიდევ გვეყიდა.

ბინა ბათუმში მოიგეთ. იყო თქვენი ოცნება ზღვისპირა სახლი?

– ბათუმში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი. ისიც იმის გამო, რომ მეუღლე გურული მყავს და ექიმთან მოგვიწია უცებ ჩასვლა. შეიძლება ბევრი ოცნებობს ბათუმში სახლზე, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ოცნება მხოლოდ ტრაქტორს უკავშირდებოდა. დღესაც კი ყველაფერს მირჩევნია ერთი კარგი ტრაქტორი.

გაგვაცანით ცოლშვილი.

– მყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლე, მაია გაბედავა, თბილისში გავიცანი. მე ტაქსის მძღოლი ვიყავი, ის კი – სტუდენტი, რომელიც მანქანაში ჩამიჯდა. მოგეხსენებათ, ტაქსიში რამდენი გოგო ჯდება, მაგრამ მაია როგორც კი ჩაჯდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე. გავგიჟდი, მომეწონა, შემიყვარდა და ნელ-ნელა ყველაფერი დაოჯახებისკენ წავიდა.

ალბათ ტრაქტორით ყვავილებიც მიტანილი გექნებათ მისთვის.

– ჩემი მეუღლე ამ მხრივ ძალიან მშიშარაა. ეზოში ტრაქტორს რომ ვქოქავ, ეშინია და სახლში შედის, ამიტომ ასეთ სიურპრიზებზე არ მიფიქრია. ჩემი და ტრაქტორის სიყვარულზე შორიდან გიჟდება, მაგრამ ახლოს ვერ მოდის. მე ძალიან ალალი ადამიანი ვარ და შეყვარებულობის პერიოდში არაფერი დამიმალავს მისთვის. როცა ცოლად მოვიყვანე, მეოთხე დღეს მინდორში გავედი უკვე სამუშაოდ. მეუღლემ ყოველთვის იცის, რომ ტრაქტორს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ასევე იხილეთ