“თბილისისგან შორს სასტუმროში ვარ, სადაც სიმბოლური საჩუქარი მივიღე…”

ნიკოლოზ რაჭველმა ფეისბუქში დაწერა:

ამჯერად დაბადების დღეს უკრაინაში მიმდინარე ომზე ფიქრით, ამდენი გაუბედურებული ადამიანისადმი თანაგრძნობით, ჩემი ძვირფასი ნიკა წულუკიძისა და თეკლას ენით გამოუთქმელი ტრაგედიით და ჩემი გულის და სულის უდიდესი ნაწილის ლექსო თორაძის წასვლით გამოწვეული უსაზღვრო სევდით, დარდით და განცდით შევეგებე. ჩემი ქვეყნის ბედზე ფიქრიც მამძიმებს…
მაგრამ იმდენი უძვირფასესი მეგობარი, ნაცნობი ან უბრალოდ გულშემატკივარი მეგულება ირგვლივ, რომ ვაცნობიერებ იმ შემოსაზღვრულ ფარგლებს, სადამდეც შემიძლია თავს მივცე ცუდად ყოფნის უფლება…
პირველ რიგში საქართველოს ეროვნული ორკესტრი და ახალი თაობის ნიჭიერი მუსიკოსებია ჩემი მთავარი საზრუნავი, მერე კი ყველა ის თანამოქალაქე, ვისაც არ მინდა მოვაკლო მუსიკა და შრომა რასაც ჩემგან ელიან, რომელთაც სჯერათ ჩემი გემოვნების, ჰარმონიის, ბგერების, ფერების…
ახლაც წინასწარ გეტყვით მადლობას მოლოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის და ხვალაც, დაბადების დღე რომ ჩაივლის. დღე, რომელსაც განმარტოვებული, თბილისისგან შორს, სასტუმროში ვატარებ, სადაც ადმინისტრაციისგან უკვე მივიღე სიმბოლური საჩუქარი:)
მშვიდობა იყოს თქვენს ოჯახებში, საქართველოში, უკრაინაში და მთელს პლანეტაზე.”

ასევე იხილეთ