“თავიც კი მქონდა გადაპარსული – კოვიდის დროს თმა დამცვივდა”

მომღერალი მანანა თოდაძე თითქმის მთელი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და მაყურებელს, ნიჭიერებასთან ერთად, იმითაც, აოცებს, რომ ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია.

მანანა თოდაძე: ფორმაში ყოფნა ძალიან ადვილია, თუ ქალი საკუთარი თავისთვის ცოტაოდენ დროს გამოყოფს. ელემენტარული, ყოველდღიური შხაპი, ტანის კრემი, სახის კრემი და კვირაში ერთხელ ტანის სკრაბი (ერთ ჭიქა მჭადის ფქვილს გადაურიეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და ერთი სუფრის კოვზი სოდა) სახეზე და ტანზე უნდა წავისვათ.

– რა პროდუქტებისგან შედგება თქვენი რაციონი?

– საერთოდ აუცილებელია, საკუთარ ორგანიზმს დაუჯეროთ, რას გთხოვთ. პირველ რიგში, საკვებს ვირჩევ იმ პრინციპით, რა არის სასარგებლო ჩემი სისხლის ჯგუფისთვის და ამას თქვენც გირჩევთ, ქალბატონებო. ბოსტნეული მიყვარს და განსაკუთრებით წვნიანი. კვირაში 3-ჯერ მაინც ვამზადებ წვნიანს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. არ ვსვამ გაზიან სასმელებს. მიყვარს წყალი და მომწონს ახლად გამოწურული წვენი. დიეტას არ ვიცავ, რადგან ვიცი, კვების დროს როდის უნდა შევჩერდე. ეს კარგად მაქვს გათვითცნობიერებული. მთავარია, გონებით ვიცოდე და დავიმახსოვრო, რა არის ჩემთვის სასარგებლო და რა – არა. როდესაც დრო მაქვს, ფეხით სიარული მიყვარს.

– სახის კანს როგორ უვლით?

– შეიძლება, ყველაფერში გააკეთო ეკონომია, მაგრამ სახის კრემს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უნდა იყოს საუკეთესო და ხარისხიანი. აუცილებლად საჭიროა ტანის კრემიც. და ზემოთ უკვე მოგახსენეთ, კვირაში ერთხელ სახესა და ტანზე მჭადის ფქვილით ვიკეთებ სკრაბს.

– როგორ უმკლავდებით სტრესს, ამბობენ, რომ გარეგნობაზე ეს ყველაზე ცუდად აისახება.

– დღეს, ამ ვითარებაში, რაც ხდება, მე ვფიქრობ, სრულიად სამყაროა სტრესში. მე კარგი მუსიკის მოსმენა და კარგი ფილმების ყურება ყოველთვის მშველის. ზოგჯერ სადილის მომზადება მშველის. სტრესის დროს ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ამით გამოვდივარ.

– პოპულარობა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ყოფნა არის თქვენთვის იმის მოტივაცია, რომ სულ ფორმაში იყოთ, თუ ეს შინაგანი მოთხოვნილებაა?

– ბავშვობიდან მომყვება, ვცდილობდი, ყოველთვის გაპრანჭული ვყოფილიყავი და მით უმეტეს, როდესაც პოპულარული ხდები, განსაკუთრებით, როდესაც საზღვრებს გარეთ გადიხარ, შენი ქვეყნის სახე ხდები. შენი საქციელით, შენი გარეგნობითა და ჩაცმულობით აფასებენ შენს ქვეყანას. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, რომ შინ და გარეთ ყოველთვის ფორმაში ვიყო. ყველაფერთან ერთად, ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს. მინდა და აუცილებელიცაა, საუკეთესოდ გამოვიყურებოდე. თქვენ წარმოიდგინეთ, სახლშიც კი მიყვარს ლამაზ ფორმაში ყოფნა. საუკეთესო სახლის ტანსაცმელი მაცვია.

– გქონიათ დეპრესიული პერიოდი, როცა ნამდვილად არ გაინტერესებდათ, როგორ გამოიყურებოდით?

– რა თქმა უნდა, მქონია, როდესაც მამა, დედა გარდამეცვალა, როდესაც ალექსანდრე ბასილაია, ჩემი ძმა ომარი და ჩემი თემურ წიკლაური გარდამეცვალა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე დღეები, როდესაც საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. ნათელში ამყოფოს უფალმა ყველა!

– ქალების უმეტესობა ასაკის მატებას განიცდის. თქვენ თუ გაქვთ მასთან ბრძოლის თქვენეული მეთოდები?

– მე ვფიქრობ, ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ ხელები არ უნდა დაუშვათ და საკუთარი თავის მოვლა არასოდეს შევწყვიტოთ. ასაკზე არ ვფიქრობ, რადგან ისევ მე გავწვალდები. ეს ცხოვრებაა და რაც ბუნებრივად ხდება, ყველაფერი უნდა მივიღოთ. მთავარია, სიხალისე, იუმორი და სიყვარული არ დავკარგოთ მათ მიმართ, ვინც ჩვენ გარშემო ტრიალებს. მე კარგად ვიცი ერთი რამ – ადამიანებს თუ გულწრფელად უყვარხარ, ყველა მდგომარეობაში ეყვარები და არასოდეს გაგრძნობინებენ, რომ შენ უკვე დაბერდი და არავის აღარ აინტერესებ. დიდი მნიშვნელობა აქვს, შენ თვითონ როგორ ექცევი სხვას. მე ძალიან მიყვარს ადამიანები და როდესაც შესაძლებლობა მეძლევა, მათ მიმართ კომპლიმენტებს გულით და სულით არ ვიშურებ. ეს მეც მახარებს და მათაც.

– რამდენად მისაღებია თქვენთვის პლასტიკური ქირურგია, ხელოვნური ჩარევები?

– სილამაზისთვის ჩემთვის ყველა ხერხი მისაღებია, მხოლოდ, ზომიერების დაცვით. რამეს თუ იკეთებ, აშკარად არ უნდა გეტყობოდეს. მე პირადად არ მომწონს, როდესაც გადამეტებულია. ყველაფერი ბუნებრიობასთან ახლოს უნდა იყოს. სანამ სცენაზე ვდგავარ, მე ვალდებული ვარ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ გამოვიყურებოდე.

– რამდენად პრანჭია ხართ და იყავით, მაკიაჟი, ვარცხნილობები, სამოსი – ამ ყველაფერს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდით?

– პრანჭია ნამდვილად ვარ. ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის მომწონდა, როდესაც უცხოდ, სხვანაირად მეცვა ან სხვანაირი ვარცხნილობა მქონდა და ასეც იყო ყოველთვის ჩემს ცხოვრებაში. ექსპერიმენტების არასოდეს მეშინოდა და არც ახლა მეშინია.. თმის შეჭრა, შეღებვა ჩემთვის არასოდეს იყო პრობლემა. თავიც კი მქონდა გადაპარსული, კოვიდის დროს თმა დამცვივდა და გარკვეული პერიოდი პარიკით დავდიოდი, მაგრამ არავის შეუმჩნევია, მაინც ფორმაში ვიყავი. ექსპერიმენტები მომწონს, რათა ჩემი თაყვანისმცემლებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ვიყო..

– და ბოლოს, რას ურჩევდით ქალებს…

– ქალბატონებო, არასოდეს თქვათ, დრო არა მაქვს თავის მოვლისთვისო. ამ პროცესს, მაქსიმუმ, ნახევარი საათი სჭირდება და საკუთარი თავისთვის ეს დრო ყოველდღე უნდა გამონახოთ. ადამიანს თუ უნდა, იყოს ბედნიერი, ის აუცილებლად იქნება ბედნიერი. მთავარია, ბედნიერებაში ვინ რას გულისხმობს! „საკუთარ თავს პატივს თუ სცემ, სხვაც პატივით შეგხედავს“.

ასევე იხილეთ