პუტინის სიძე გვარად ზელენსკია

ვლადიმერ პუტინის შვილმა, კატერინა ტიხონოვამ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იგორ ზელენსკისთან შექმნა ოჯახი და ბოლო რამდენიმე წელია მასთან ერთად ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ვაჟნიე ნოვოსტი” აქვეყნებს, რომელიც რუსეთში “უცხოეთის აგენტად” და “არასასურველ ორგანიზაციადაა” გამოცხადებული. “ვაჟნიე ნოვოსტიმ” გამოძიება გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა 4 წყაროზე და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროები ადასტურებენ, რომ კატერინა ტიხონოვა იგორ ზელენსკისთან ერთად ცხოვრობს. მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე კი ირკვევა, რომ ტიხონოვა მიუნხენში, სადაც იგორ ზელენსკი ცხოვრობს, რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 50-ჯერ ჩავიდა, 2019 წლის ბოლოს კი საცხოვრებლადაც გადავიდა.

ამასთან, “ვაჟნიე ნოვოსტის” ცნობით, პუტინის შვილსა და იგორ ზელენსკის საერთო შვილი ჰყავთ.

გამოცემა იუწყება, რომ მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2019 წლის 9 დეკემბერს მიუნხენიდან ვნუკოვის აეროპორტის VIP ზონაში ჩაფრინდა თვითმფრინავი, სადაც იმყოფებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი, ფორტეპიანოს მასწავლებელი, ორი ძიძა, იგორ ზელენსკი და კატერინა ტიხონოვა.

“ვაჟნიე ნოვოსტის” ინფორმაციით, იგორ ზელენსკიმ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა აპრილში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით ის ამ თანამდებობაზე 2025 წლამდე უნდა ემუშავა. ზელენსკის განცხადებით, მან თეატრი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე დატოვა, რადგან “მის სრულ ყურადღებას და დროს პირადული, ოჯახური საქმეები” მოითხოვდა.

ახლა ჩემს ოჯახს ჩემი მხარდაჭერა სჭირდება”, – განაცხადა მან.

ბავარიის თეატრის დირექტორმა, სერჟ დორნიმ კი თქვა, რომ ზელენსკის თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და “ამ დასკვნამდე” იგორ ზელენსკი სწორედ მან მიიყვანა.

ნეტგაზეთი

ასევე იხილეთ