ვინ არის „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში შეყვანილი 100 წლის ჭიათურელი მეცნიერი

ჭიათურაში „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში შეყვანილ ქალბატონს ელენე აბაშიძეს 100 წელი შეუსრულდა.

1998–2003 წლებში ელენე აბაშიძეს „წლის ქალბატონის“ წოდება აშშ ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ორჯერ მიანიჭა. იგი ასევე შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ სიაში.

გამოჩენილი მეცნიერი ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორია. დაიბადა 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში, დაამთავრა ჭიათურის მე-2 საშუალო სკოლა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1944 წელს.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გაანაწილეს ჭიათურის რაიონის, სოფელ პერევისის საშუალო სკოლაში, სადაც იგი 4 საგანს ასწავლიდა. მუშაობდა თბილისის მოზარდთა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და პარალელურად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეთოდისტად.

მომდევნო წლებში მუშაობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. საკანდიდატო დისერტაციაში  წამოჭრა კარსტის შესწავლის პრობლემები, კერძოდ, მან პირველმა უარყო მეცნიერებაში დამკვიდრებული „ხსნადობის თეორია.“

სადოქტორო დისერტაციამ ავტორს აღიარება მოუტანა – ამერიკის ბიბლიოგრაფიების საერთაშორისო ინსტიტუტში და მეცნიერ ქალთა ნამუშვრებს შორის „წლის ქალის“ წოდება და სიგელი დაიმსახურა.

ელენე აბაშიძე ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი.

ასევე იხილეთ