“მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ეგეთი ვარ”

მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა და საკუთარ თავს და მეგობრებს ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად უქცია.

ვერკა ჯაჯანიძე: ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე და ყოველთვის ვცდილობ, განსაკუთრებულად აღვნიშნო. ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვაკეთებ, ქორწილიც ამ პრინციპით გავაკეთე, მარტო იმას კი არ ვითვალისწინებ, მე როგორი მინდა, უფრო მეტად, ჩემს სტუმრებზე ვფიქრობ – მათ როგორ მოეწონებათ, რას იტყვიან. მინდა, ყველას სასიამოვნოდ დაამახსოვრდეს. ვფიქრობ, რომ ორგანიზება კარგად გამომდის და მგონია, რომ ეს დაბადების დღეც კარგი გამოვიდა, უამრავი მადლობა მივიღე ამ საოცარი დღისთვის. მეუღლე მეუბნებოდა, რა ხდება, რისთვის ემზადები ასე განსაკუთრებულადო (იცინის). თუმცა, თვითონაც ძალიან მიდგას გვერდით და ოღონდ მე ვთქვა რამე და ყველანაირად ცდილობს, გამახაროს.

– საჩუქრებისა და სიურპრიზების გაკეთება უყვარს?

– ძალიან დიდ სტუდიაში ვმუშაობ და ბევრ საჩუქარს ვიღებ ხოლმე. ყველაფერი შეიძლება, მაჩუქონ (იცინის). ეს საჩუქრები სახლში რომ მომაქვს, ჩემი მეუღლე წუხს, აღარ ვიცი, რა მოვიფიქრო, რომ ორიგინალური გამომივიდეს, იმდენ საჩუქარს გიკეთებენ, რომ აქ ყველაფერია და შენი დაბადების დღე რომ მოდის, მართლა ნერვები მეშლება – რამე რომ გიყიდო, შეიძლება, მეორე დღეს იგივე მოიტანო სახლშიო (იცინის). განერვიულებული იყო, ვეღარ ვხვდები, რა გაჩუქოო. ახლაც იმდენი საჩუქრები მივიღე, მეგობრები ხსნიდნენ ჩემ ნაცვლად, ამიტომაცაა ჩემი ქმარი დაბნეული (იცინის).

– რამდენი წლის გახდი და რამდენად კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?

– ბავშვობიდან დღემდე ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ძალიან მიყვარს მუშაობა და ყველაფრის ასი პროცენტით შესრულება. მგონია, რომ ოჯახშიც ყველაფერი გამომდის და სამსახურშიც. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ბავშვობის ოცნებები ამეხდინა და ეს შევძელი. ცეკვით დავიწყოთ – ეს ჩემი უდიდესი ოცნება იყო, ყველაფერი ნულიდან დავიწყე და წარმატებას აბსოლუტურად დამოუკიდებლად მივაღწიე. ჩემთან წარმატება და პოპულარობა მარტივად არ მოდის. მე ამის მისაღწევად ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო. მგონია, რომ ამას მივაღწიე. 2010 წელს ცეკვას, როგორც სპორტს, თავი დავანებე და მოედანზე აღარ ვცეკვავდი, მხოლოდ – შოუებზე. ოთხი წლის წინ, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, დავუბრუნდი პარკეტს, დავიწყე სპორტული ასპარეზობა და წინ საკმაოდ წარმატებულად მივიწევ. სანამ ასაკი შემიწყობს ხელს, ასე გავაგრძელებ და მიზანს მივაღწევ. საკუთარ ქვეყანაში პირველობა ყველას მიზანია და ზუსტად ვიცი, რომ ამას მივაღწევ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი მიზანია, საზღვარგარეთ წარმატებულ, ტოპ-მოცეკვავეებს შორის დავიკავო წამყვანი ადგილი.

– ცოტა ხნის წინ, საბერძნეთშიც იყავი…

– მყავდა მეწყვილე და დაბრუნების შემდეგ მასთან ერთად სამი წელი ვცეკვავდი მოედანზე, მაგრამ პრობლემების გამო, რაც საქართველოში ჩვეული ამბავია, ჩემდა სასიკეთოდ, მეწყვილის შეცვლა მომიწია. ახალ პარტნიორთან ერთად ოთხთვიანი ვარჯიშის შემდეგ პირველი ტურნირი საბერძნეთში მქონდა. იმის მიუხედავად, რომ მეოთხე ადგილზე გავედით, ძალიან წარმატებული დებიუტი გამოგვივიდა. ვერ ვიტყვი, რომ არ გვეკუთვნოდა საპრიზო ადგილი, უბრალოდ, როდესაც ტურნირზე ადგილობრივი მსაჯი დგას, ეს გასაკვირი არ არის. საქართველოშიც რომ იგივე მომხდარიყო, ქართველი მსაჯი ქართველს მისცემდა უპირატესობას. თვალები ყველას აქვს და ყველამ დაინახა, რომ უკეთესი შედეგი ჩვენ დავდეთ და არ მოგვცეს ის, რაც გვეკუთვნოდა. არა უშავს, აუცილებლად გვექნება დიდი წარმატებები. ახლაც ვემზადებით ტოპ-მოცეკვავებთან შეჯიბრებისთვის.

გარდა ამისა, ჩემი მოსწავლეები გამომყავს საქართველოში ტურნირებზე. მოსწავლეების აღზრდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა, გამორჩეული პედაგოგი ვიყო და წარმატებული მოცეკვავეები მყავდეს. ძალიან ემოციური ვარ, კონკურსამდე ღამეები არ მძინავს, ბევრს ვშრომობთ. კონკურსზე მუხლებზე დაჩოქილი ვიყავი მაყურებლების რიგში და თითოეული ბავშვის სახელს ვყვიროდი მათ გასამხნევებლად. რასაც ვაკეთებ, ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ამაში იმდენ შრომას ვდებ, რომ მართლა ძალიან ვიღლები. რთულია და ხანდახან თვითონ მიკვირს, ამ ყველაფერს როგორ ვახერხებ. მაგრამ კონკურსზე ბავშვებს რომ ვუყურებდი, იმდენად ამაყი და ბედნიერი ვიყავი, მათ ცეკვას ვიდეოს რომ ვუღებდი, სიხარულისგან ხელები მიკანკალებდა და ბედნიერების ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მათი ბედნიერებითა და საპრიზო ადგილებით შრომა დამიფასდა.

– მაგრამ ასეთი რეჟიმი ძალიან სტრესული არ არის?

– ძალიან. იმ დონეზე ვიყავი დაღლილი, ბოლოს, სკამზე რომ ვიჯექი, ქუსლიან ფეხსაცმელში ფეხი მიბრუნდებოდა, თავს ვეღარ ვიკავებდი (იცინის). ენერგია საერთოდ აღარ მქონდა, მაგრამ მეორე დღეს ბედნიერი ვიღვიძებ და ახალი შემართებით ვიწყებ მზადებას ახალი მიზნისთვის.

– რა არის თქვენთვის დასვენებისა და განტვირთვის საშუალება?

– ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ. ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, მგონია, რომ მსგავსი მეორე არ არსებობს. დილით შვილის ბაღში წაყვანასაც ვერ ვახერხებ. ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება, ნამდვილი საოცრებაა. მისნაირი მამა დედამიწაზე მეორე არ არსებობს. არ მინდა, მიწყინონ, მაგრამ ჩემი მეუღლე საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. ჩემთვის არც შაბათ-კვირა არსებობს – სულ გაკვეთილები მაქვს. ძალიან რომ გადავიღლები, მანქანაში ჩავჯდები და სახლში მოვდივარ, ყველაზე დიდ შვებას ტირილი მგვრის. ემოციებისგან უნდა დავიცალო და ამაში ტირილი მეხმარება. თან, როცა ამდენ ბავშვთან და მშობელთან გაქვს შეხება, პრობლემაც ბევრია, ზოგს თავის ჭკუაზე უნდა რაღაც გააკეთოს, ისინი ბევრნი არიან, მე – ერთი და არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ ძალიან რთულია, როცა შენ ყველა შვილივით გიყვარს და შვილზე მეტ ყურადღებას მათ უთმობ და მერე ვიღაც მოულოდნელად უკმაყოფილებას გამოხატავს. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ისე განვიცდი, შეიძლება, მერე მთელი დღე ამაზე ვინერვიულო და ვიტირო. სამწუხაროდ, ცხოვრება ასეთია, მაგრამ არ შემიძლია, ეს გულთან არ მივიტანო. ხანდახან ძალიან დაცლილი ვარ ენერგიისგან და მეუღლე მეუბნება ხოლმე, არ გინდა ამდენი, ჯერ ახალგაზრდა ხარ და უძლებ, მაგრამ დრო რომ გავა, მერე მიხვდები, რომ ცოტა შენს თავზე უნდა გეზრუნაო. მაგრამ ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი ვარ. მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ეგეთი ვარ. შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო და ვერავინ იტყვის, რომ ოჯახში ან ჩემს საქმეში რამე არ გამომდის, რომ სადმე მოვისუსტებ. ყველაფერს ვართმევ თავს და ეს სრულად მწურავს ენერგიისგან, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.

– საკუთარი თავისთვის დაკისრებული ამდენი პასუხისმგებლობის ფონზე, რამდენად კარგად გრძნობ თავს?

– ზოგჯერ ვერ ვგრძნობ. ვხვდები, რომ საჭიროა საკუთარ თავს მეტი დრო დავუთმო, მაგრამ ასეთი ადამიანი ვარ – მირჩევნია, სხვა იყოს კომფორტულად, ვიდრე მე. ისევ მე შევიწუხებ თავს. სამსახურს ვერ მოვაკლებ ყურადღებას და საქმეს ვერ გავაფუჭებ, არ დავუშვებ ამას. ოჯახს, მეუღლეს და შვილს ვერაფერს მოვაკლებ. ისედაც ხშირად არ ვარ სახლში და ჩემს შვილს კიდევ რამე რომ მოვაკლო, ძალიან ვინერვიულებ. სულ იმას ვამბობ, რომ დღის განმავლობაში 24 საათი არ მყოფნის. 32 წლის გავხდი და რადგან პარკეტზე დავბრუნდი, ყველაფერს ვაკეთებ მიზნების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, გამომივა, იმიტომ, რომ ცხოვრებაში არ გადამიდგამს ნაბიჯი, რომლითაც უკან დამიხევია. წინასწარ ყველაფერს ძალიან ჭკვიანურად გავიაზრებ. არარეალურზე არაფერზე ვოცნებობ, ბედნიერებისთვის ბევრი არ მჭირდება. მჯერა, რომ დიდხანს ვიცეკვებ, ეს ჩემი ბედნიერების წყაროა და დიდ წარმატებასაც მივაღწევ.

ასევე იხილეთ