“მე და მამაჩემს სახლში ცალკე კოალიცია გვაქვს”

ცოტა ხნის წინ, მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე 19 წლის გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით არც თუ ისე დიდია, უკვე ბევრი წელია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, აქტიური ეკრანული სახეა და გაჩერებას არც მომავალში აპირებს.

რუსკა ქარქაშაძე: ჩემი პროფესიის გამო ძალიან ადრე მომიწია დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. ამიტომ ვერასდროს ვგრძნობდი, რომ პატარა ვიყავი. პროექტებიდან გამომდინარე, სულ დიდ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა და მეუბნებიან, რომ არ მეტყობა, თუ ასაკით ასეთი პატარა ვარ. ახლა, როცა 19 წლის გავხდი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არც დიდი ვარ და არც პატარა, სადღაც შუაში ვარ (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული შეგრძნებები მქონდა, მაგრამ ეს დღე მაინც განსაკუთრებულად აღვნიშნე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

– 13 წლიდან ეკრანზე გხედავთ. რაში გამოიხატება ეკრანს მიღმა დამოუკიდებელი ცხოვრება?

– ყველაფერში. 13 წლიდან მე ჩემი მშობლებისთვის ფული არ მითხოვია. ვმუშაობ, ჩემი შემოსავალი მაქვს და რაც კი მჭირდება, ყველაფერს თვითონ უზრუნველვყოფ, მათ შორის, სწავლასაც. მე და ჩემს მშობლებს ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს. ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე და მათი რჩევა ხშირად მჭირდება, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას, როცა საქმე მე მეხება, თვითონ ვამბობ. არც მაშინებს გადაწყვეტილებების მიღება და ოჯახისგანაც მაქსიმალური თავისუფლება მაქვს.

– ცოტათი მამიკოს გოგო ხარ, ხომ?

– ცოტათი არა, საკმაოდ მამიკოს გოგო ვარ (იცინის). მე და მამა ძალიან ერთნაირები ვართ. ერთნაირი ხასიათები გვაქვს და ერთნაირად ვფიქრობთ. ამის გამო დედა ცოტა ეჭვიანობს და ხუმრობით გვიბრაზდება ხოლმე. მე და მამაჩემს სახლში ცალკე კოალიცია გვაქვს (იცინის). ერთმანეთის მართლა უსიტყვოდ გვესმის. მეუბნება ხოლმე, შენს ასაკში ჩემს თავს მახსენებო.

– შენს თაყვანისმცემლებსა და სიყვარულს როცა ეხება საქმე, მამა როგორ რეაგირებს?

– აბსოლუტურად თავისუფალია. მამას არასდროს უთქვამს, რატომ გყავს ამდენი თაყვანისმცემელი, რატომ გწერს ამდენი ადამიანიო ან რამე მსგავსი. მამაჩემმა ყველაფერი იცის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. ძალიან გახსნილი ურთიერთობა გვაქვს და ყველაფერზე ვსაუბრობთ. ბოლომდე მენდობა და სიმკაცრე არასდროს გამოუჩენია. პირიქით, ყოველთვის ყველაფერს გაგებით ეკიდება, რასაც ძალიან ვაფასებ.

– „ეს არ ჩაიცვა, იქ არ წახვიდე, ამას არ შეხვდე“ – მსგავსი მითითებები არ ახასიათებს?

– არა, არა. უფრო პატარა რომ ვიყავი, მაშინ შეიძლება, ერჩია, იქნებ ეს არ გინდაო, მაგრამ ახლა, რაც გავიზარდე, მსგავსი რამ საერთოდ არ უთქვამს. არის მომენტები, როცა დედაჩემი მეუბნება, ეს რა არის, სხვანაირად ჩაიცვი, მამას არ მოეწონებაო. ამ დროს მამას რომ ვეკითხები, მეუბნება: მშვენიერია, ძალიან ლამაზი ხარო. ზოგჯერ რომ მგონია, შეიძლება, რაღაც არ მოეწონოს, ჩემგან მოულოდნელად, ეგეც მოსწონებია.

– მეოჯახე გოგო თუ ხარ, ოჯახს ფინანსურად უდგახარ გვერდში?

– მე ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ჩვენს ოჯახში ყველაფერი ჰარმონიულად არის განაწილებული. ყველა ერთნაირად ვართ პასუხისმგებლები. ამიტომ ვთვლი, რომ საკმაოდ მეოჯახე გოგო ვარ. მეც შემაქვს ჩემი წვლილი რაღაცებში. მე მყავს ჩემზე ერთი წლით პატარა და, რომელიც სასწავლებლად ამერიკაში უნდა გაფრინდეს. როცა ის საკუთარი მომავლის შესაქმნელად ემზადებოდა და ბევრს სწავლობდა, მე თუ რამის საყიდლად წავიდოდი, ჩემი დაც ავტომატურად ჩემთან ერთად მოიაზრებოდა. მხოლოდ ჩემს თავზე არასდროს მიფიქრია. არ გავზრდილვართ სხვანაირად. მარტო მე ვარ და სხვა არავინ – ეს ჩვენს ოჯახში გამორიცხულია. ყოველთვის ვფიქრობთ ერთმანეთზე.

– გიყვარს საკუთარი დაბადების დღის ფოიერვერკად ქცევა?

– ბავშვობიდან ვგიჟდები ჩემს დაბადების დღეზე. ყოველთვის მინდა, განსაკუთრებულად შევხვდე ამ დღეს. ერთი სული მაქვს როდის მოვა და წელსაც ასე იყო. თვითონაც ვუკეთებ საჩუქარს საკუთარ თავს. რამე თუ მომწონს უარს ვერ ვამბობ. ძალიან პატარა ასაკიდან ბევრს ვშრომობ და ვფიქრობ, რომ მეკუთვნის თავის განებივრება რაღაც მომენტში, ამიტომ ზოგჯერ ვასაჩუქრებ ხოლმე თავს (იცინის).

– რა ოცნებები გაქვს ამ ასაკში?

– მინდა, ძალიან წარმატებული ვიყო ჩემს პროფესიაში. ბოლო დროს კარგად შევითვისე ტელეწამყვანობა, მაგრამ მე მაინც მსახიობი ვარ და მინდა, ამ საქმეში მივაღწიო წარმატებებს. ახლა ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მიზანი. შესაბამის ნაბიჯებსაც ვდგამ, თუმცა ამაზე ჯერ არ მინდა ხმამაღლა საუბარი.

– გადაცემაში სულ უსვამენ ხაზს რომ პრანჭია გოგო ხარ და სოციალურ ქსელშიც ასე ჩანს. როგორია რუსკა რეალურ ცხოვრებაში?

– რომ ვთქვა, არ მიყვარს გაპრანჭვა-მეთქი, ეს დიდი ტყუილი იქნება. მომწონს, როცა კარგად გამოვიყურები, მიყვარს, როცა გაპრანჭული ვარ. მაკიაჟიც მიყვარს და მოწესრიგებული თმაც. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე ასე დავდივარ. მაგალითად, ახლა ჯინსი და უბრალო მაისური მაცვია, არც მაკიაჟი მიკეთია, რადგან ბევრი საქმე მქონდა და მინდოდა, კომფორტულად ვყოფილიყავი. თუმცა ეკრანზე ხშირად მიწევს გამოჩენა და ბუნებრივია, მინდა, ლამაზად გამოვიყურებოდე.

– როგორია შენი თავის მოვლის რუტინა?

– პირველ რიგში, აუცილებელია სახის კანის მოვლა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პატარა ასაკიდან მოყოლებული ძალიან მძიმე მაკიაჟის გაკეთება მიწევს და კანს თავისი რესურსი აქვს, ამიტომ მას უნდა მოუარო. ძალიან აქტიურად ვვარჯიშობ. ვცდილობ, ცუდი საკვები არ მივიღო და ბევრს ვმოძრაობ. ძირითადად, ეს მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. ბევრი მეუბნება, შენ რა გაქვს დასაკლები, არაჩვეულებრივ ფორმაში ხარო, მაგრამ თუ წონას ყურადღება არ მივაქციე, ძალიან სწრაფად ვიმატებ. ამიტომ მიწევს საკუთარი თავის მუდმივად კონტროლი. არ მინდა, კილოგრამები გამექცეს.

– საკუთარ თავს სხვა მხრივაც თუ აყენებ მუდმივი კონტროლის ქვეშ? თუნდაც, ბავშვობაში მიღებული პოპულარობის გამო „თავში რომ არ აგივარდეს“?

– მე საერთოდ არ მესმის „თავში ავარდნის“ ცნება. ჯერ ხომ სასტიკად ვეწინააღდეგები, მერე არ მგონია, რომ რამე შევქმენი ისეთი, რის გამოც შეიძლება, თავში ამივარდეს. ან საერთოდ, ვინმემ შეიძლება ისეთი რამე შექმნას, რომ თავში აუვარდეს. ამ ფენომენს საერთოდ არ ვაღიარებ და ადამიანს, რომელსაც ასე ემართება, მე პირადად პატივს არ ვცემ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი ძალიან ბევრი უარყოფითი, ისევე დადებითი თვისებებით. არაფრით არ განვსხვავდები, მაგალითად, ჩემი დისგან, რომელიც ცნობილი არ არის. მე ასე ვიცი, ასე გავიზარდე – ცხოვრებაში რასაც არ უნდა მიაღწიო და ვინც უნდა გახდე, ყოველთვის ჩვეულებრივი ადამიანი იქნები. მე რომ, შეიძლება, სხვაზე მეტად გამიმართლა, იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე რამით მეტი ვარ.

– გამართლების გარდა, როგორ გგონია, რა არის შენი წარმატების მიზეზი?

– ალბათ, ის, რომ არასდროს გავჩერებულვარ. იყო პერიოდი, როცა ჩემს თავს არაფერი ხდებოდა. შემოქმედებით კრიზისს რომ ეძახიან, ეგ დამემართა, მაგრამ ამის მიუხედავად გავაგრძელე. სერიალი დაიხურა, თავი ტელეწამყვანის ამპლუაში გამოვცადე. არასდროს დავნებებულვარ და ეს მთელი ცხოვრება ძალიან მეხმარება. ახლაც ასე ვარ – ერთი რამ დამთავრდება, ვცდილობ, მეორე დავიწყო. ამ მოძრაობაში ადამიანი ვითარდები. რთული მომენტები მეც მქონია და თან, ძალიან ბევრი, მაგრამ ამის გამო არ გავჩერებულვარ. პირიქით, ორმაგად მეტს ვმუშაობდი საკუთარ თავზე. გამართლებაც ძალიან მნიშვნელოვანია, შრომაც და საკუთარი თავის რწმენაც.

– რა სირთულეები შეიძლება, ჰქონდეს ადამიანს შენს ასაკში?

– ძალიან ბევრი რთული მომენტი მქონია. იყო პერიოდი, როცა არ ვიყავი თავდაჯერებული; იყო პერიოდი, როცა ჩემი პროფესიით მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ არაფერი ხდებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი. სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“ რომ დაიხურა, მაშინ მართლა დიდი დეპრესია მქონდა. გული ძალიან დამწყდა, ვეღარ ვაკეთებდი იმას, რისი კეთებაც მომწონდა. მარტო ის ხომ არ არის ცხოვრება, რაც ეკრანზე ჩანს. მის მიღმაც უამრავ პრობლემასთან გვიწევს გამკლავება. მაგრამ საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიცია იმის უფლება, რომ მოვდუნებულიყავი.

– ის ტიპაჟიც არ ხარ, დაჯდე და ელოდო, როდის მოვა თვითონ რაღაც.

– არა, გამორიცხულია. ასე არასდროს მოვქცეულვარ. თვითონ არაფერი მოვა, შენ უნდა მიხვიდე. ძალიან იშვიათია, წარმატებამ თვითონ მოგძებნოს, ამისთვის შენ უნდა იმოქმედო.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა, არც არაფერი ხდება, მშვიდობაა, მარტო ვარ და ბედნიერად (იცინის). სიყვარული ძალიან მაგარია, ყველა ადამიანს სჭირდება, ორმაგი მოტივაციაა, მაგრამ ახლა, რადგან მეორე ნახევარი არ მყავს, მიწევს, თვითონ მივცე მოტივაცია საკუთარ თავს (იცინის).

ასევე იხილეთ