ქმარი ვერ დავითანხმე, რომ ჩემს შოუში მოვიდეს”

მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა მეგა შოუების ჟიურიდან საკუთარ შოუში გადაინაცვლა და ,,ურუსკესის” წამყვანი გახდა. ეს ,,ელენის შოუს” ლიცენზირებული ქართული ვერსიაა. წინა სეზონზე ამ ტიპის გადაცემის წამყვანი ანა ჩირაძე იყო და გადაცემასაც ,,ანას შოუ” ერქვა. რუსკა ფიქრობდა, რომ მის გადაცემას ,,რუსკას შოუ” დაერქმეოდა, მაგრამ, როდესაც სტუდიაში შევიდა, პროდიუსერებისგან სიურპრიზი დახვდა. ასე შეიქმნა ,,ურუსკესი”.

– რუსკა, როგორ გრძნობთ თავს ახალ ამპლუაში?

 კარგად, რადგან ,,ელენის შოუ” ყოველთვის მომწონდა, ვუყურებდი და ვერც კი წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ შოუს ლიცენზირებულ ქართულ ვერსიას თუ წავიყვანდი.

– ალბათ დიდი ხანი ოცნებობდით, საკუთარი შოუ გქონოდათ, სადაც მთავარი დიასახლისი იქნებოდით.

– კი, ოცნებაც და დიდი სურვილიც. ბევრ შოუში ვყოფილვარ, მაგრამ ეს ჩემია და ძალიან კომფორტულად, კარგად ვგრძნობ თავს. ეს შოუ მაძლევს საშუალებას, პიროვნულად რაც ვარ, ის თვისებები წარმოვაჩინო.

– ყოველ ახალ საქმეს თავისი შიშებიც ახლავს თან. უკვე გადალახეთ?

 ახლაც მაქვს შიშები, რადგან მინდა, რომ ყოველთვის მოსწონდეს მაყურებელს ჩემი შოუ. შიშებისგან და ნერვიულობისგან ვერ გავთავისუფლდები, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

– ყველამ ვიცით, რომ თქვენი ქმარი, მორაგბე სანდრო ნიჟარაძე, ინტერვიუებს და ტელეშოუებს არ სწყალობს. დაითანხმებთ და მოვა თქვენს გადაცემაში?

– არ ვიცი, ჯერჯერობით არ მთანხმდება და უარზეა, მაგრამ მე არ ვყრი ფარ-ხმალს და იმედი მაქვს, რომ აზრს შევაცვლევინებ, ამაზე სერიოზულად ვმუშაობ.

– წარმატებული სატელევიზიო კარიერა, მშვიდი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება – როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში კარგი ეტაპია.

– კარგ მუხტზე ვარ ცხოვრებაში და იმედია, ასე დიდხანს გაგრძელდება. მივხვდი, რომ რა ემოციასაც გასცემ სამყაროში, იგივე ემოციები გიბრუნდება უკან. ამიტომ უნდა გავცეთ კარგი ემოციები, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც იყოს კარგი ეტაპი.

– თუმცა, როგორც მსახიობი, დიდი ხანია არ გამოჩენილხართ არც ფილმში და არც სცენაზე.

– აღარაფერს იღებენ. ყოველთვის მზად ვარ კინოსთვის, მაგრამ რეალური და საინტერესო წინადადებები არ არის. რაღაც შემოთავაზებები სულ არის, მაგრამ არა ისეთი, რომ გადავირიო. პანდემიამ ხომ ყველაფერს თავისი კვალი დააჩნია და კინოზე, მით უმეტეს.

-როგორ იცილებთ იმ ნეგატივს, რაც თუნდაც ვირტუალურ სივრცეში გროვდება ხოლმე?

– მარტივად, არ მაინტერესებს და იგნორირებას ვუკეთებ სრულად. სოციალურ ქსელში დაწერილი კომენატრებისა თუ სტატუსების გამო კონფლიქტში არავისთან შევდივარ, არც ვკითხულობ და არც პასუხს ვცემ.

ასევე იხილეთ