“მივხვდი, რომ თავი გადავირჩინე, რადგან არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არ გავყრილიყავით”

მსახიობ გიორგი კალანდაძეს ტელესივრცეში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ახლა კი ,,პოს ტივის” დილის ეთერის პოზიტიური წამყვანის ამპლუაშია. თეატრალურის მესამე კურსზე სწავლობდა, როცა კასტინგის შედეგად შეარჩიეს სატელევიზიო სერიალ ,,ჩიფსების თაობისთვის”. სერიალმა პოპულარობა მოუტანა, სიყვარულიც ამ დროს ეწვია. მან და მსახიობმა ნათია წიწილაშვილმა იქორწინეს. ამ ქორწინებიდან ჰყავს ულამაზესი გოგონა, 10 წლის ნასტასია, რომელსაც მაყურებელი სერიალ ,,ჩცდ”-დან” ნიაკოს როლით იცნობს.

35 წლის გიორგი დღეს მარტო ცხოვრობს. როგორც ,,სარკესთან” ამბობს, მოსწონს პირადი თავისუფლება.

– გიორგი, როგორ აღმოჩნდით პოსტ ტვ”-ის დილის გადაცემაში?

– ,,პოსტ ტვ” ერთი თვის გახსნილი იყო, როცა მეგობარმა, დამირეკა, რომ არხის მენეჯმენტს ჩემთან შეხვედრა სურდა. მათ განიხილეს, რა ტიპის გადაცემა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ჩემთან ერთად და მიმიღეს სამსახურში.

არასდროს მისარგებლია ნაცნობობით, მუდამ მხოლოდ ჩემი ნიჭის, შესაძლებლობების და შრომით ვიღებდი შემოთავაზებას. საკუთარი ცხოვრება მთლიანად მე ავაშენე ყოველგვარი დახმარების გარეშე.

პირველი გადაცემა იყო ,,კალანდაძის შორტები” – გასართობ-შემეცნებითი ბლოკი ახალგაზრდებისთვის, შემდეგ დაემატა ისტორიულ-ანალიტიკური გადაცემა ,,პეპლის ეფექტი”, ახლა კი ვარ დილის გადაცემის ,,პოსტ ალიონის” წამყვანი.

– თქვენი სიყვარულის ამბავს მაყურებელი თვალყურს ადევნებდა, ლამაზი წყვილი იყავით. რატომ დაინგრა სიყვარულით შექმნილი ოჯახი?

– 24 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით მოვიყვანე ცოლი. იმედია, მაშინ მასაც საპასუხო გრძნობა ჰქონდა… ჩემი ქორწინება არ გამოდგა ბედნიერი. დიდი ტკივილი დამიტოვა, უამრავი ემოცია, სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან. წლები გავიდა და, რომ იტყვიან, ჯერ არ გამოვსულვარ მძიმე ,,ნაბახუსევიდან”.

ახლა მომწონს, რომ თავისუფალი ვარ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. აღარც პასუხისმგებლობა მაქვს მეორე ადამიანის წინაშე, რომელიც, სწორი იყო თუ არა, დაჟინებით მოითხოვდა, ის მეკეთებინა, რაც მას სურდა…

დრო გავიდა, ჩამოვყალიბდი, დავბრძენდი და მივხვდი, რომ თავი გადავირჩინე, რადგან არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რა დღეში მექნებოდა ნერვები, რომ არ გავყრილიყავით. იმ ქორწინებას ჩვენთვის არაფერი მოჰქონდა, ტკივილისა და ტოქსიკურობის გარდა.

ასევე იხილეთ