“ყველას წინააღმდეგ წავედით… რუსიკო ხელში აყვანილი დამყავს ამ ცხოვრებაში, იმ ცხოვრებაში ეს დამეხმარება მე”

“მე რომ ამას არ ვუგებდე, ვერავინ დამაძალებდა იმის გაკეთებას, რასაც მე ამას ვუკეთებ. ყველაფერს ამდენი ხანია ვაკეთებ სიყვარულის გამო” – ამ სიტყვებით იწყებს 22 წლიანი სიყვარულის საოცარი ისტორიის მოყოლას მამუკა ჩაჩხიანი. ლეჩხუმში მცხოვრები მამუკასა და რუსუდანის ამბავი მართლაც გამორჩეულია.

“რუსიკოს კლასელი იყო ჩემი თანამშრომელი, მომცა რუსოს ნომერი, მაგრამ არ უთქვამს, რომ ეს ვეღარ დადის უკვე. კედელს კიდებდა ხელს, წონასწორობას ვერ იცავდა, ეტლში არ იჯდა ჯერ. მითხრა დაბადების დღეზე ამოდი ჩემთანო, 17 წლის ვიყავი, ეს 21 წლის იყო. ავედი დაბადების დღეზე და რომ შევედი და ვნახე, იმ დღიდან მესამე დღეს ავედი და ვუთხარი, უნდა მოგიყვანო ცოლად-თქო, ამან კარებისკენ მიმითითა, წადი და აღარ დაგინახო მოსულიო”, – ამბობს მამუკა ჩაჩხიანი “რუსთავი 2”-ის ეთერში.

შემდეგ მამუკა ჯერ ჯარში იყო, შემდეგ კი გერმანიაში 5 წელი გაატარა. სამშობლოში დაბრუნებულმა კი კვლავ რუსუდანს დაურეკა და ისევ მიაკითხა სახლში. შემდეგ კი ყველასგან მალულად გაიპარნენ.

„დედამისმა შემიქმნა პრობლემა, სახლში ვეღარ მივიდოდი ამასთან სახლში, ახლა ეს იყო თანახმა, მაგრამ დედამისი იყო წინააღმდეგი. ორი კვირა ვუცდიდი, რომ სახლში არავინ იქნებოდა და ეს გამომეყვანა. ნახევარი საათი მქონდა დრო, დამირეკა ახლა თუ მოხვალ, არადა შანსი არ არის გარეთ გამოვიდეო. ასე წამოვიყვანე. ყველას წინააღმდეგ წავედით, დედამისი 10 წელი არ გველაპარაკებოდა, ჩემებს ვუთხარი, რისი გაკეთებაც მინდა უნდა გავაკეთო, მიყვარხართ ყველა, მაგრამ მე ამას გავაკეთებ-თქო.

ეს რომ სახლში იყო, 14 წლის განმავლობაში, ფანჯრიდან იყურებოდა სულ, ვიღაცას მოსწონდა, ვიღაცას უყვარდა, მაგრამ ვერავინ გაბედა იმის თქმა, რაც მე გავბედე. რუსიკო ასე ხელში აყვანილი დამყავს ამ ცხოვრებაში, იმ ცხოვრებაში ეს დამეხმარება მე. ადამიანი ერთხელ იბადება და რაღაც უნდა გააკეთო ისეთი, ღირდეს შენი მოსვლაც და წასვლაც”, – ამბობს მამუკა ჩაჩხიანი.

ასევე იხილეთ