“შეიძლება, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, შვილებს სიმდიდრე ვერ დავუტოვო, მაგრამ პირობას ვდებ, ჩემი სახელით იამაყებენ”

მსახიობი, ნინო ლეჟავა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საკუთარ თავზე და შვილებზე საუბრობს.

„ძალიან დიდი უმადურობა იქნება, თავი უიღბლო ადამიანების სიას მივაკუთვნო. ცხოვრებაში ყველა პატარა წინსვლა ძალიან მახარებს და მადლიერებას ვუგზავნი ღმერთსაც და სამყაროსაც. როცა შვილები ჯანმრთელი გყავს, როცა ხალხი სიღატაკის ზღვარზეა და შენ, თუნდაც, ერთი ნაჭერი პური გაქვს სახლში, უკვე უკეთ ხარ და მადლიერი უნდა იყო. თუმცა, მადლიერებით კი არ უნდა შემოიფარგლო, ეცადო, რაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო უკეთესობისთვის. ძალიან რთულია ოთხი ბიჭის დედობა.
ერთი აბიტურიენტია და მით უმეტეს. ვხუმრობ ხოლმე, მარტო საქართველოში შეიძლება, ოთხგან მუშაობდე და მაინც ვალი გქონდეს. პატიოსანი შრომის მოყვარული ადამიანი სულ წვალებაშია, მით უმეტეს, ხელოვანი თუ ხარ. თუ შთამომავლობით არ მოგდევს რამე ან მცირე ბიზნესი არ გაქვს, ხელოვნებისგან მიღებული ხელფასით თავს ვერ გაიტან. თან დღევანდელი ფასები მართლა საოცრებაა, ხელფასი კი არ იმატებს. საბედნიეროდ, ქართველებს ერთმანეთის გატანა გვშველის. არსებობს ნისიები და ხელფასის მოახლოება იმისთვის გიხარია, რომ ვალი გაისტუმრო და ადამიანი, ვინც ხელი გაგიმართა, არ დააღალატო.

– არის მომენტი, როცა შეიძლება, მორალსა და არსებობისთვის აუცილებლობას შორის გახდეს საჭირო არჩევანის გაკეთება. გქონიათ ასეთი მდგომარეობა?

– ძალიან ხშირად, მაგრამ მე მაინც ვერ ვაბიჯებ მორალს. დღეს შეიძლება, ჩემს შვილებს გული დასწყდეთ, რაღაცაზე უარი თუ ვუთხარი, მაგრამ დრო გავა და აუცილებლად იამაყებენ. მიხვდებიან, მე რომ ეს არ მექნა, მერე თვითონვე აღმოჩნდებოდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ცხოვრებაში დამალული არაფერია. მე მირჩევნია, მათ ამაყად იარონ. შეიძლება, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, შვილებს სიმდიდრე ვერ დავუტოვო, მაგრამ პირობას ვიძლევი, რომ იამაყებენ ჩემი სახელით, ისევე, როგორც მე ვამაყობ დღეს მამაჩემისა და დედაჩემის სახელით. პირობას ვიძლევი, რომ როცა აღარ ვიქნები, აუცილებლად დარჩება ჩემი, როგორც წესიერი დედის, მეუღლისა და ქალის სახელი. მათთვის ეს უფრო საამაყო და დასაფასებელი იქნება, ვიდრე ის, რაც შეიძლება, დღეს საკუთარ ღირსებაზე გადაბიჯებით მოვიპოვო.

ასევე იხილეთ