როგორ ანებივრებს რამაზ ლაზარიშვილი მეუღლეს სიურპრიზებით

მოცეკვავე რამაზ ლაზარიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ანუკა გოლოძეა. ანუკა პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფია და მათი შეხვედრაც საერთო საქმეს უკავშირდება.

რამაზი: ანი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. სტუდია „თელაში“ მუშაობს და ჩვენი შეხვედრაც ამ სტუდიაში შედგა. უკვე 14 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ოთხი წელი ერთად ვართ. ათი წელი მეგობრები ვიყავით. სამი წლით მე ჩეხეთში წავედი სასწავლებლად. იქიდან რომ დავბრუნდი, ჩვენი ურთიერთობა ცოტა შეიცვალა. ხშირი შეხვედრები, ახლო საუბრები გვქონდა და მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ორივესგან წამოვიდა იმპულსები, მაგრამ ინიციატორი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი.

– როგორ გამოუტყდი სიყვარულში?

– მიყვარხარ-მეთქი, ამის თქმა ცოტა უხეშად გამომივიდა. მეგობარი იყო და ჩვენს ურთიერთობას მეგობრული შეგრძნებები რომ ახლდა, რომანტიკულ ჭრილში გადაზრდა ძალიან რთული იყო. თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ორივე გავიხსენით.

– ცეკვის პარტნიორებიც ხართ?

– გავხდით, იმიტომ, რომ შეყვარებულები ვიყავით. ანის უფრო დიდი გამოცდილება აქვს და უფრო მაღალი კლასის მოცეკვავეა. ჩვენი დაწყვილება, როგორც მოცეკვავეების, სიყვარულის გამო უფრო მოხდა. ანი საქართველოს ჩემპიონატზე მეორეადგილოსანია და ბევრი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი. ჩემზე ბევრად გამოცდილია. მე 16 წლის ასაკში დავიწყე ცეკვა, ანი ბავშვობიდან ცეკვავს და ეს მისი პროფესიაა. ის არა მარტო მოცეკვავე, ძალიან მაგარი ქორეოგრაფი და მასწავლებელია.

– ანი, რამაზი როგორია?

ანი: ძალიან ყურადღებიანი, მოსიყვარულე, თბილი და რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილი. როგორიცაა რეალურად, ისეთია ყველა ადამიანთან. ძალიან გულწრფელია. ხანდახან შეიძლება, ცოტა უხეშობაშიც გადასდის, მაგრამ ვინც იცნობს, იცის, რომ ეს ბოლომდე გულწრფელობის გამო მოსდის. ცოტა უცნაური კომბინაციაა, მაგრამ ძალიან ბავშვურიცაა და თან, სერიოზული. ძალიან საინტერესოა მასთან საუბარი.

– რომანტიკული თუ არის?

– თითქოს, საერთოდ არ იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან რომანტიკულია. შეუძლია, ორი სიტყვით შეგიქმნას საოცარი განწყობა და თავიდან შეგაყვაროს თავი.

– როგორ აგიხსნა სიყვარული?

– ძალიან სასაცილოდ გამოვიდა. კინოში მივდიოდით ერთად. იქ ჩვენი მეგობრები გველოდნენ. თვითონ საჭესთან იჯდა, მე – გვერდზე. შუა რუსთაველზე ძალიან მკვეთრად გააჩერა მანქანა. გადახტა, საბარგულიდან დიდი თაიგული ამოიღო, ჩემი მხრიდან შემომიგდო მუხლებში, მიყვარხარო, მომაძახა და კარი ძალიან მაგრად მოაჯახუნა. ისეთი უხერხული სიტუაცია იყო, რომ ჩაჯდა მანქანაში, ვერაფერი ვუთხარი და კინომდე ჩუმად მივედით. მერე მითხრა, იმდენად ვნერვიულობდი და მინდოდა, ყველაფერი კარგად გამეკეთებინა, რომ ასე გამოვიდაო (იცინის). მანამდე ცოტა გაურკვეველი ურთიერთობა გვქონდა, ცოტა უხერხული მომენტი. ვხვდებოდით, რომ ეს მეგობრობაზე ბევრად მეტი იყო, მაგრამ ათი წელი ადამიანთან ერთი და იგივე ურთიერთობა რომ გაქვს, მერე ცოტა რთულია მიმართულების შეცვლა. უხერხულობისა და უცნაურობის განცდა, თან, ძალიან დიდი მიზიდულობა და ქიმია – ყველაფერი ერთად იყო. ასეთ ახლო ადამიანთან რომ იწყებ ურთიერთობას, ხვდები, რომ ეს არ არის თამაში, არც გატაცება. გააზრებული გვქონდა, მაგრამ აქამდე მისვლა ცოტა უხერხული იყო. სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, ერთი წელი – დანიშნულები. ხელი წინა ზაფხულს მთხოვა, ძალიან ლამაზად და რომანტიკულად.

– ეს როგორ გააკეთა?

– სტუდია „თელასთან“ ერთად საზაფხულო ბანაკში ვიყავი, როგორც პედაგოგი. იქ ყველა რამაზისთვისაც უახლოესი ადამიანები არიან. ისე მოხდა, რომ მთელი დღე სემინარებს ვატარებდი და რამაზმა ორგანიზებაში ჩვენი მეგობრები დაიხმარა. იმ დღეს ძალიან მაგრად წვიმდა. იცით, როგორი წვიმა იცის აჭარაში. გადაწყვეტილი ჰქონია, ყველაფერი მრავალსართულიანი სასტუმროს ბოლო სართულზე, ტერასაზე მოეწყო. წვიმა, რა თქმა უნდა, გათვლილი არ იყო. მაგრამ რადგან უკვე ყველაფერი მზად ჰქონდათ, ვეღარ შეცვალა. როცა კიბეებზე ამიყვანეს, აღარ წვიმდა, მაგრამ ტერასაზე ლამის მუხლამდე წყალი დამხვდა. ეს იყო ნამდვილი ვენეციის შეგრძნება. ყველაფერი წყლით იყო დაფარული, თან, უკვე მზე ანათებდა და რომანტიზმის ზეიმი იყო, ყვავილებით, ბუშტებითა და ულამაზესი გარემოთო.

რამაზი: დიდი ხანი ვემზადებოდი ამ დღისთვის. მინდოდა, რამე განსხვავებული მომეფიქრებინა. გადავწყვიტე, რომ ზღვის პირას ყველაზე ლამაზი იქნებოდა. ჩემს მეჯვარესთან, ირაკლი ძაძამიასთან ერთად წავედი ბათუმში და საბედნიეროდ, ყველაფერი ვიპოვე, რაც მჭირდებოდა, ფეიერვერკებიდან დაწყებული, ბუშტებით დამთავრებული, მაგრამ ისეთი წვიმა დაიწყო, იშვიათად რომ მინახავს (იცინის). მაგიდა და სხვა საჭირო ნივთები ჩუმად ავიტანეთ ზემოთ, ანის რომ არ გაეგო, თან ისეთი ქარი იყო, ძლივს ვაჩერებდით ნივთებს. ანი რომ ამოვიყვანე, მივხვდი, რომ განგება ძალიან დამეხმარა, წვიმამაც გადაიღო და ყველაფერი საოცრად ლამაზი გამოვიდა. ვიცი, რომ ხელის თხოვნის მომენტი გოგოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ მინდოდა, უბრალოდ ჩაევლო.

– სხვა დროსაც უწყობ ხოლმე რომანტიკულ მომენტებს, მაგალითად, საღამოებს?

– კი. მეხერხება რომანტიკული ვახშამი. სხვათა შორის, გამომდის გემრიელად მომზადება, კარგი მზარეული ვარ. ანის არ გამოსდის და ამაზე სულ ვხუმრობთ. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე, მაგრამ თვითონ ბევრი არაფერი იცის და მე ვაწყობ ხოლმე რომანტიკულ საღამოს გემრიელი ვახშმით და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– ოჯახური ცხოვრება როდის დაიწყეთ?

–კოვიდის პირველი ჩაკეტვამდე შეყვარებულები ვიყავით. ეს ამბავი რომ დაიწყო, მივხვდით, რომ სახლში ჩატეკვა და ერთმანეთის არ ნახვა არ გამოვიდოდა. შევთავაზე, ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად-მეთქი და ანიც დამთანხმდა. თან, რა იცი, რა ხდება, იქნება, როგორი ვარ ოჯახში და არ მოგეწონო-მეთქი (იცინის). პანდემიის პერიოდი ერთად გავატარეთ და საკმაოდ მხიარულად, მაგრამ რამდენიმე კილოგრამიც მოვიმატე. ფილმი, ჭამა, ფილმი, ჭამა და თან კერძებიც რომ კარგად გამომდის… ანი, დღეს რას ინებებთ? და რასაც შემიკვეთდა, ვამზადებდი.

ასევე იხილეთ