“ოდესღაც იძულებით დაატოვებინეს სოხუმის სახლი… ნიკამ შიშზე დიდი ხნის წინ გაიმარჯვა, ახლა ვეღარაფერი შეარყევს”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ხერხეულიძე წერს, გვარამია სულ დევნაშია და სულ იბრძვის, მისივე თქმით, ხან ოკუპანტები დევნიდნენ, ხან შინა და გარე მტრები.

ხერხეულიძის თქმითვე, ნიკა გვარამიამ შიშზე დიდი ხნის წინ გაიმარჯვა და მას ახლა ვეღარაფერი შეარყევს:

“2013 წელს, ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ-ერთი პირველი ნიკა გვარამია დააპატიმრა.

ნიკა და პატიმრობა წარმოუდგენელი შოკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო (ეს სიხარულია ამ ფოტოზე აღბეჭდილი), ირგვლივ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანას დატოვებდა ისე, როგორც ამ რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი მოიქცა.

პრინციპში, ამ ქვეყნის ერთადერთ მმართველს თვალში რომ არ გაჩხეროდა, დღეს ერთი ბედნიერი კაცი იქნებოდა. წასასვლელად არც მატერიალური სახსრები სჭირდებოდა და არც უცხოეთში ვინმეს მფარველობა, სულ რომ ისეთივე ცარიელი ხელებით წასულიყო, როგორც ოდესღაც იძულებით დაატოვებინეს სოხუმის სახლი, დღეს ყოველმხრივ წელში გამართული, მაღალშემოსავლიანი პროფესიონალი იქნებოდა. სამარჩიელოც არაფერია, შემოთავაზებებიც ანგარიშგასაწევი იყო და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები მტერმაც და მოყვარემაც იცით.

მეყვარებოდა იმავე დიდი სიყვარულით, როგორც ახლა, მაგრამ პატივისცემა კიდევ სხვა საგანძურია, რასაც დამსახურება უნდა. პატივისცემას თავს ვერ აიძულებ, ფაქტების ერთობლიობა აყალიბებს და რწმენად ყალიბდება.

იმ დიდ გზაზე, რაც ერთად განვლეთ, ჩემს გონებაში ადამიანების შეფასებისას, არავინ დარჩენილა იმ სიმაღლეზე, როგორც ეს ნიკამ მოახერხა.

ჩვენს თვალწინ იმდენი და იმდენად მოულოდნელად დანარცხებულან, რომ რაც დრო გადის, კიდევ უფრო ძვირფასი ხდება.

დრომ თავისი მოიტანა. ნიკა აღარც ჩემი მეგობარია და აღარც დიდი ხნის ახლობელი. ის გაცილებით მეტია… რომ მკითხოთ, ამდენ მეგობარში ყველაზე მეტად ვინ გიყვარსო, დავიბნევი, მართლა არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, ვის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება – ეს უპირობოდ ნიკაა.

ის, რომ ჩემი ყველა ტკივილის და სიხარულის პირველი მოზიარე, საუკეთესო მრჩეველი და მესაიდუმლეა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეს. უმთავრესი, რაც ადამიანური ღირებულებათა სისტემის გათვალისწინებით, მას კიდევ სხვა ხარისხამდე სწევს, იდეალისტის ბუნებაა.

მის ყველა თვისებას ზედმიწევნით ისეთს ვიცნობ, როგორიც სინამდვილეშია და ამიტომ არის, რომ არასდროს არავის აზრი მასზე არ მაინტერესებს.

ამ რთულ გზაზე ყველამ თავის წესებით იარა, ბევრმა ცდუნებას გაუძლო ,ბევრი გააბოროტა, ბევრი შურისძიებამ შეიპყრო, ბევრი სიხარბემ გატეხა(მოტეხა), ბოლოს და ბოლოს, დაღალა, მაგრამ გადატანილ ტკივილებს ადამიანური სილაღე ისეთი ხელშეუხებელი შეენარჩუნებინოს, როგორც მასშია, ერთადერთია.

სულ დევნაშია, სულ იბრძვის, ხან ოკუპანტები დევნიდნენ, ხან შინა და გარე მტრები. არასდროს არავისგან ხელშეწყობა არ ჰქონია, უფრო პირიქით…

თავის ტვინის და სინდისის ამარა დადის და ეგაა მისი მთელი უსაფრთხოების ჯავშანი. მეც ამის იმედად ვარ, ეს მაძლებინებს… ვიცი, რა გარემოებაშიც უნდა აღმოჩნდეს, ის ნათელი გონება სულ თან დაჰყვება და საბოლოოდ მაინც გამარჯვებული გამოვა.

სამ ურყევ ფუნდამენტზე დგას – პატრიოტია, კეთილი და რაც მთავარია, ჩვენში უკვე გაცვეთილი ღირებულების, პატიოსნების ერთგულია.

ნიკამ შიშზე დიდი ხნის წინ გაიმარჯვა, ახლა ვეღარაფერი შეარყევს.

უსამართლობის დასრულების დროა”, – წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ